თეონა მატარაძე: სტუ იყო ყველაზე მდუმარე უნივერსიტეტი, მაგრამ პირველი მას „დაარტყეს“. სტუ ვერ გადაარჩინა მისმა მორჩილებამ

„სწორედ სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანებამ დაადასტურა, რომ სიჩუმე არაფერს არ შველის. იმიტომ, რომ სტუ იყო ყველაზე მდუმარე უნივერსიტეტი, მაგრამ პირველი მას „დაარტყეს“. სტუ ვერ გადაარჩინა მისმა მორჩილებამ. ხალხს არ აქვს გაცნობიერებული, რომ მორჩილება არ არის გარანტია იმისა, რომ ხვალ იგივე სამსახურებრივ პოზიციაზე დარჩები“, – ამბობს თეონა მატარაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

„ბათუმელები“ მას „ქართული ოცნების“ განათლების „რეფორმაზე“ ესაუბრა, რომელიც სპეციალისტების აზრით, ზიანს აყენებს უმაღლეს განათლებას.

  • ქალბატონო თეონა, როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი იქნება ის ზიანი, რაც შეიძლება ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებას მოჰყვეს?   

განათლების სისტემა იყო ბოლო რგოლი, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა დიქტატურისკენ მიმავალ პროცესებს, რადგან პირველი დარტყმა მიაყენეს არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას და ბოლოს დარჩა განათლება.

ჩემი აზრით, თუ ამ სამ რგოლს გააჩუმებენ, მერე უკვე ხმის ამომღები აღარავინ დარჩება – ბიზნესი ისედაც შეშინებული და დამორჩილებულია, რადგან ეკონომიკურ ზიანს ერიდება, ამიტომ ახლა განათლებაა სამიზნე, რომ გაგვაჩუმონ ამ ე.წ. „რეფორმით“.

წინა გაზაფხულიდან მოყოლებული ვიცოდით, რომ მზადდებოდა თავდასხმა განათლების სისტემაზე და ყურმოკვრით ვიცოდით, რომ აპირებდნენ სამი უნივერსიტეტის – სტუ-ს, თსუ-ს და ილიაუნის გაერთიანებას. თუმცა, როგორც მერე აღმოჩნდა, ილიას უნივერსიტეტს სამართლებრივად ვერ შეუერთებდნენ დანარჩენ ორ უნივერსიტეტს, რადგან წესდებაში აქვთ მუხლი, რომლის მიხედვითაც რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას ვერ გამოაცხადებ შიდა საბჭოების თანხმობის გარეშე.

ამიტომ ამ ეტაპზე ილიას უნივერსიტეტი გადაარჩინა თავისმა წესდებამ, რაც არ იყო თსუ-ს და სტუ-ს შემთხვევაში.

  • თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ილიას უნივერსიტეტს ვერ მიაყენებენ ზიანს. სიძულვილის ენით, ყველაზე ხშირად მათი მისამართით საუბრობდა .

რაღაც გზას აუცილებლად იპოვიან, თუნდაც ამ „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ ჭრილში.

როდესაც დაიწყო „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის“ მიმართულებით „რეფორმის“ გატარება, მომლაპარაკებლების ძალიან დიდი რიგი დადგა განათლების და მთავრობის ზედა ეშელონებთან, რომლებიც პირადი და სოციალური კავშირებით ცდილობდნენ გადაერჩინათ თავიანთი პროგრამები და ფაკულტეტები.

  • „მოდი მე გადავრჩები“ და სხვას არ ბედი ეწევა არ მადარდებს – ეს პრინციპი ამუშავდა?

რა თქმა უნდა.

თუმცა, ჩვენმა წარმომადგენელმა აკადემიურ საბჭოში დაგვიდასტურა, რომ მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ უნივერსიტეტების გაერთიანებაზე. როგორც მიქანაძემ გააჟღერა, რექტორმა მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე ვიცით.

საერთოდ ჰკითხეს თუ არა რამე რექტორებს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ჩვენ პასუხს მოვთხოვთ რექტორს, რადგან ის არის ამ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი. მისი სახელით გაკეთდა განცხადება, რომ რექტორი თანახმაა უნივერსიტეტების გაერთიანებაზე. რატომ მიიღო ერთპიროვნულად ეს გადაწყვეტილება? – ამაზე უნდა გაგვცეს მან პასუხი.

  • თუმცა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა თქვა, რომ არაფერი იცოდა ამის შესახებ.

მაშინ უნდა გამოვიდეს რექტორი, რომელიც ჩვენი არჩეულია და თქვას, „მეგობრებო, ჩემთვის არაფერი უკითხავთ და თანხმობა არ გამომიცხადებია“. თუ ამას რექტორი ღიად დააფიქსირებს, მაშინ ყველა პროფესორი გამოვა და ეტყვის მთავრობას – „რატომ არაფერი გვკითხეთ“.

ასე უფრო კარგად გაშიშვლდება ის ფაქტი, თუ რამდენად ერევიან უნივერსიტეტის ავტონომიაში. ახლა გამოდის, რომ ყველაფერს რექტორი იღებს თავის მხრებზე, თითქოს მართლა მან მიიღო გადაწყვეტილება.

  • სტუ-ს რექტორმა და აკადემიურმა პერსონალმა ივანიშვილს მიმართა წერილით, იმედია მოგვისმენთ, ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებთ, რადგან თქვენი მხარდამჭერები ვართო. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია, როცა წინააღმდეგობის ნაცვლად ავტორიტართან მორიგებას ამ ფორმით ცდილობენ?

ეს წერილი ძალიან სამარცხვინო ლოიალობის კიდევ ერთხელ დადასტურებაა, თუმცა მსგავსი წერილით ეს ადამიანები იტოვებენ უკან დასაბრუნებელ გზას.

  • არსებობს კი უკან დასაბრუნებელი გზა დღეს?

ინდივიდუალურ დონეზე არსებობს თავის გადარჩენის გზა. როდესაც დაიწყება ფაკულტეტების გაერთიანება, პროფესორები დაკარგავენ პოზიციებს. კი გვეუბნებიან, რომ პროფესორებს არ შევეხებითო, მაგრამ ეს გამორიცხულია. მაგალითად, თსუ-ს სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე თუ არის 67 პროფესორი და სტუ-ს ჰყავს 131 აკადემიური პერსონალი, 210 ადამიანს აკადემიურ პერსონალად არავინ არ დატოვებს.

  • თვითონ თქვეს, ერთ ფაკულტეტზე 1 პროფესორი იქნებაო და რატომ აქვთ მოლოდინი, რომ არავის გაუშვებენ?

ფიქრობენ, რომ თუ ლოიალობას გამოიჩენენ, ან იმ ერთ ადგილს დაიკავებენ, ან უფრო დაბალ პოზიციებზე მაინც შეინარჩუნებენ ადგილს.

  • უნდათ კი უფლებაწართმეულ უნივერსიტეტში პროფესორობა?  

ავტონომიურობით არც სტუ გამოირჩეოდა აქამდე და არც თსუ მაინცდამაინც, ძალიან ხშირი იყო გარედან ჩარევა. თუმცა ამ „რეფორმის“ პროცესში გარედან ჩარევამ პიკს მიაღწია, რადგან როცა ითქვა, რომ განათლების მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას რომელი ფაკულტეტი დარჩება და გაუქმდება, რომელ პროგრამაზე რამდენ სტუდენტს მიიღებენ, რომელი პროგრამა რამდენ კრედიტიანი იქნება, უნივერსიტეტებს ამ ცვლილებებზე მასშტაბურად ხმა არ ამოუღიათ.

ანუ მინისტრმა უნდა გვიკარნახოს სოციოლოგიის, ანთროპოლოგიის თუ ეკონომიკის პროგრამა რა მოცულობის იყოს, რამდენი სტუდენტი მიიღოს ან საერთოდ მიიღოს თუ არა? ეს აკადემიური თავისუფლების და ავტონომიის სრული ნიველირებაა, მაგრამ ამაზეც არავინ არ იღებდა ხმას.

  • როცა თანამდებობის გამო ასეთ კომპრომისზე მიდის პროფესურა, ამის ბრალია, რომ ხელისუფლების გავლენებს ვერასდროს დააღწია თავი საგანმანათლებლო სფერომ და თუ არსებობს გამოსავალი ამ კრიზისიდან?

გამოსავალზე საუბარი ძალიან რთულია. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაშინ ვამბობდით, რამდენი ხანი გვეყოფა ფეხზე დასადგომად – 10 წელი, 30 წელი? მაგრამ, 36 წელი გავიდა – დრო სოციალიზმის გადასალახად და ჰომო სოვიეტიკუსი ისევ სახეზეა. განსაკუთრებით უნივერსიტეტებში და, შესაბამისად, მათ მიერ განცდილი ავტორიტარიზმის შიში, ისევ უკან ბრუნდება.

თუმცა, ეს მხოლოდ ასაკიც არ არის ალბათ, რადგან ბევრი ასაკოვანი პროფესორ-მასწავლებელი გვყავს, რომლებიც ყოველთვის სწორ პოზიციას აჟღერებენ. ეს უფრო სითამამის და საკუთარი თავის რწმენის არქონის პრობლემაა, ჩემი აზრით. იმიტომ, რომ ჩვენ, იმ ადამიანებმა, რომლებიც წელიწად-ნახევარია რეჟიმს ვაპროტესტებთ და ვაქტიურობთ, ზუსტად ვიცით, რომ ამ „რეფორმის“ პირობებში უნივერსიტეტში არავინ დაგვტოვებს.

„მოდი, დამტოვე“, ამის გამო არ ვჩუმდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ ჩვენი ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი უნივერსიტეტებში ყოფნა. მით უფრო, თუ ეს უნივერსიტეტები რეჟიმის მორჩილები იქნებიან. 

  • უკომპრომისო ადამიანების დეფიციტი გვაქვს?

რა თქმა უნდა. დღეს ბევრი ადამიანი დაკავებულია იმით, რომ ლოიალობით და ამ სიჩუმით გადაარჩინოს საკუთარი პოზიცია. ზოგი ამბობს, რომ უნდა გადაარჩინოს პროგრამა, გადაარჩინოს კოლეგები – თუ მე პროგრამის ხელმძღვანელი ვარ და ჩუმად ვარ, ამით „ჩემს ხალხსაც“ ვშველი.

  • თუ ვერ გადაარჩინა მერე რა აკეთებენ?

სწორედ სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანებამ დაადასტურა, რომ სიჩუმე არაფერს არ შველის. სტუ იყო ყველაზე მდუმარე უნივერსიტეტი, მაგრამ მას პირველი „დაარტყეს“. სტუ ვერ გადაარჩინა მისმა მორჩილებამ. ხალხს ეს არ აქვს გაცნობიერებული, რომ მორჩილება არ არის გარანტია იმისა, რომ ხვალ იგივე სამსახურებრივ პოზიციაზე დარჩები.

ჩემი აზრით, ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ ორი უნივერსიტეტის ძალიან დიდი უძრავი ქონების ხელში ჩაგდებაა. ოქტომბერში დაიწყო კიდეც ეს პროცესი, როცა თსუ-მ 8385კვ/მეტრი ფართობი მხოლოდ წერილის საფუძველზე დაუთმო სახელმწიფოს.  

ქეთევან წამებულის გამზირზეა ეს შენობა, რომელზეც თქვეს, რომ ამორტიზებულია და დათმეს. პანდემიამდე ამ კორპუსში 4+1-ი პროგრამა მიმდინარეობდა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლებას ითვალისწინებდა.

  • გაერთიანების შემთხვევაშიც სჭირდება რესურსები უნივერსიტეტს. ხომ თქვეს ხარისხის მიზნით ვაკეთებთო. გექნებათ ახალი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკები ან თანამედროვედ აღჭურვილი აუდიტორიები, ხედავთ ამის ნიშნებს?

იმ შვიდპუნქტიან ზედაპირულ კონცეფციაში არსად გვინახავს, რომ განათლებაში და მეცნიერებაში ინოვაციებს გვპირდებიან, რომ თუნდაც ხელოვნური ინტელექტის დანერგვით რაიმეს გაგვიუმჯობესებენ,.არსად ეს მკაფიოდ არ ჩანს. რეალურად, 1 ლარითაც კი არ გაზრდილა განათლების დაფინანსება 2026 წლის ბიუჯეტში.

თუ ბიუჯეტი არ ემატება, ტექნოლოგიებს ვერ განავითარებ, აუდიტორიას ვერ შექმნი. რეალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, კორპუს-კორპუს, დაიწყება უნივერსიტეტის ქონების დათმობა, ზემოდან დანიშნული მმართველი საბჭო, რა თქმა უნდა, გამოაცხადებს თანხმობას და არავინ წავა ამ პროცესის წინააღმდეგ.

  • გუშინ, განათლების საკითხებზე საჯარო დისკუსიისას, ერთ-ერთმა სტუდენტმა თქვა იმაზე, რომ აუცილებელია სტუდენტებთან საუბარი, უკეთ რომ ესმოდეთ რა საფრთხის წინაშე დგას მათი და ქვეყნის მომავალი. სად არიან სტუდენტები?

დღეს უკვე, ნაკლები სტუდენტი აპროტესტებს მიმდინარე პროცესებს – სამწუხაროდ, ის ერთობა, რაც აქამდე ჰქონდათ, ბევრი მიზეზის გამო დაიკარგა. სტუდენტების და კურსდამთავრებულების დიდი ნაწილი გაედინება. სტუდენტების ნახევარი ტოტალურად ავსებს აპლიკაციებს, რომ საქართველოდან წავიდნენ.

მაგალითად, სასკოლო რეფორმაზე რომ გვინდოდა მშობლებთან საუბარი, პირველი კითხვა იცით რა იყო მათი მხრიდან? – „ჩემ შვილს შეეხება“? თუ მის შვილს არ შეეხება, მაშინ არ აინტერესებს. ამიტომ ვამბობ ხოლმე, რომ ვერ შევდექით სამოქალაქო საზოგადოებად და საკუთარი, კერძო ინტერესების წინ ვეღარაფერს ვხედავთ. მთავარია, ჩემი შვილი არ დაზიანდეს, მთავარია ჩემ სამსახურს არ შეექმნას პრობლემა, მთავარია შემოსავალი არ მომაკლდეს და შეიძლება თურმე ყველაფერზე დახუჭო თვალი.

  • ამ ქვეყანასთან ბრძოლას ყოველთვის იწყებდა კრიტიკულად მოაზროვნე, განათლებული საზოგადოების განადგურებით. ასე იყო წინა საუკუნეში, ასეა დღესაც. რატომ ვერ ისწავლა ჩვენმა საზოგადოებამ მტერთან სწორი მეთოდებით ბრძოლა და რა ელოდება ჩვენს ქვეყანას, თუ ეს ბრძოლაც წავაგეთ?

თუ რეჟიმი მოიგებს ამ ბრძოლას, თუ განათლების სექტორიც მათ კონტროლს დაემორჩილება, ჩვენს ქვეყანას რამდენიმე ათწლეული მაინც მომავალი აღარ ექნება, რადგან ბევრი წავა ემიგრაციაში, ბევრი შეიცვლის სექტორს, ბევრი გაჩუმდება და ბევრიც დადებს გარიგებას რეჟიმთან – ეს იქნება დიდხნიანი სტაგნაცია.

არ ვიცი, XXI-ე საუკუნეში ეს პროცესი 70 წელი გაგრძელდება თუ არა, მაგრამ, ისიც ცხადია, რომ ერთ და ორ წელიწადში მდგომარეობა არ გამოსწორდება.