უნივერსიტეტების გაერთიანება გარდაუვალია – გივი მიქანაძე

ოცნების განათლების მინისტრი, გივი მიქანაძის მტკიცებით, განათლების რეფორმის მიზანია, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღებული განათლება ბაზრის მოთხოვნას შეესაბამებოდეს.
მიქანაძე ამბობს, რომ რეფორმა გააუმჯობესებს სახელმწიფო უნივერსიტეტების განათლების ხარისხს, კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცემათ, დაეუფლონ სამუშაო ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს, რაც მათ კონკურენტუნარიანებს გახდის.
მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების შემდეგ უნივერსიტეტებში არსებულ მსგავს პროგრამებს ერთ კომპონენტად შეაჯერებენ. მიქანაძის მტკიცებით, რესურსებს გაანაწილებენ ისე, რომ არც ერთი აკადემიური პერსონალი არ დარჩება სამუშაოს გარეშე.
“ამ საკითხთან დაკავშირებით უწყებათაშორისმა კომისიამ ცხრა თვის განმავლობაში იმუშავა და პრემიერის მიერ საჯაროდ წარდგენილი დოკუმენტი მიზნობრივ ჯგუფებთან მრავალგზის განხილვას დაექვემდებარა. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მისი დამტკიცება. ამ რეფორმის მთავარი მიზანი არის ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე სახელმწიფო უნივერსიტეტებში შესაბამისი პროფესიების უზრუნველყოფა შესაბამისი მიმართულებებით ხარისხის განვითარება და გაუმჯობესება, რაც კურსდამთავრებულებს კონკურენტუნარიანს და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისს გახდის, ასევე გაუიოლებს სამსახურის მოძიებას და დასაქმებას მაღალანაზღაურებად მიმართულებებზე სწორედ ამ კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოხდეს ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების კოორდინირება, კონცენტრირება და გაერთიანება.
ეს განსაკუთრებით ეხება ორ ჰაბს, რომელიც კონცეფციის შედეგად ჩამოყალიბდება – ეს არის თბილისი და ქუთაისი, სადაც მოხდება „ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში“ პრინციპის დაცვა და სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე უნდა მოხდეს კონკრეტული სახელმწიფო უნივერსიტეტების ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაერთიანება იმისთვის, რომ მოხდეს პროგრამების დადარება, საკადრო უზრუნველყოფა და ხარისხის გაუმჯობესება. ამ პრინციპს ემსახურება ის გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ორი ყველაზე დიდი, ფლაგმანი უნივერსიტეტი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა გაერთიანდეს რეორგანიზაციის საფუძველზე. ამ მიზნით ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ პროცესები, რომელიც კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ წარიმართება, უზრუნველყოფდეს დეტალურად ყველა პროგრამის შესწავლას და იქ, სადაც ამ უნივერსიტეტებს შორის მსგავსი პროგრამები გვაქვს, მოხდეს დადარება, ერთიან კომპონენტად შეჯერება, ადამიანური რესურსების მაქსიმალურად განაწილება ისე, რომ არცერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა, გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა როგორც საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, გადანაწილდნენ გარკვეულ ადმინისტრაციულ პოზიციებზე და ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ თითოეული ადამიანი, რომელიც ჩვენთვის ღირებული იყო – ღირებულია მათი ცოდნა, გამოცდილება და ის დამსახურებები, რომელიც თითოეული უნივერსიტეტის მიმართ მიუძღვის“, – გივი მიქანაძემ.
ოცნების მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩამოყალიბდება წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც იქნება დამატებიტი პოზიცია და საფრთხეს არ შეუქმნის არსებული პოზიციების არსებობას.
მიქანაძემ რეორგანიზაციაზეც ისაუბრა, კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, რეორგანიზაცია შესაძლებელი გახდება და მისი ბრძანებით შეიქმნება დროებითი მმართველი ორგანო- საბჭო, რომელშიც თანაბარი უფლებამოსილება ექნებათ როგორც თბილისის სახელმწიფო, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს.
„სწორედ ისინი ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, განახორციელებენ რეორგანიზაციას იმისთვის, რომ ხარისხის გაუმჯობესების და რეფორმის მიზნებიდან გამომდინარე მაქსიმალურად უზრუნველყონ ის აქტივობები, რომელიც ორი უნივერსიტეტის უმტკივნეულოდ გაერთიანებას და შემდგომ ხარისხიან საქმიანობაზე იქნება ორიენტირებული“, – განმარტა ქართული ოცნების განათლების მინისტრმა. (ინფორმაციას ინტერპერსნიუსიავრცელებს)