მწვანე კონცხზე და ბოტანიკურ ბაღთან ახალი ბაქნების მოსაწყობად რკინიგზა ტენდერს აცხადებს

საქართველოს რკინიგზა ბათუმში, ორი სამგზავრო ბაქნის რეაბილიტაციაზე, მილიონ ლარამდე თანხის დახარჯვას გეგმავს.
სამგზავრო ბაქნის რეაბილიტაცია დაგეგმილია მწვანე კონცხზე და ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან.
რკინიგზას მწვანე კონცხის სამგზავრო ბაქნისა და მოსაცდელი პავილიონის რეკონსტრუქცია-მოწყობისათვის ტენდერით 393 410 ლარი აქვს გათვალისწინებული, ხოლო ბოტანიკური ბაღის სამგზავრო ბაქნისა და მოსაცდელი პავილიონის რეკონსტრუქციაში 455 664 ლარის დახარჯვას გეგმავს.
პროექტის მიხედვით მწვანე კონცხზე დაგეგმილია არსებული დაბალი ბაქნის დემონტაჟი და ახალი, ისევ დაბალი ბაქნის მოწყობა ასფალტბეტონის საფარით.
„ლიანდაგის მხარეს ბაქნის მზიდ კონსტრუქციას წარმოადგენს ბეტონის კედელი, რომელზეც შეინიშნება ბზარები და დაზიანების კერები. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ ადგილებზე კედლის რეკონსტრუქციას.
არსებული ბაქნის შუა ნაწილში განთავსებულია ლიანდაგზე გადასასვლელი ფეხითმოსიარულეთათვის.
პროექტის მიხედვით ახალი ბაქანი ეწყობა გადასასვლელიდან თბილისის მხარეს გვირაბამდე. პროექტით ასევე გათვალისწინებულია არსებული გადასასვლელის შეცვლა ახლით,“ – ვკითხულობთ პროექტში, რომელიც „საქართველოს რკინიგზას“ კომპანია „კვადრატმა“ მოუმზადა.
ტენდერი საქართველოს რკინიგზამ 23 იანვარს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 12 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვალს დასრულდება.
რაც შეეხება ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ ბაქანს, ბაქნის კედელიც დაზიანებულია. ასევე დაზიანებულია სავალი ნაწილი. პროექტით გათვალისწინებულია როგორც ბაქნის კედლის, ისე მოსაცდელი შენობის რეაბილიტაცია.
„საქართველოს რკინიგზის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, არსებული მოსაცდელი პავილიონის უკან 2 მეტრში განთავსებულია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი. კაბელის სიახლოვეს სამუშაოების წარმოებისას აუცილებელია სს „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ „ვორლდ ბიზნეს სოლუშენსის“ სამტრედიის კვანძის ხელმძღვანელის გაფრთხილება,მეთვალყურეობის გასაწევად,“ – ვკითხულობთ პროექტში.
ასე გამოიყურება სამგზავრო ბაქანი ბოტანიკურ ბაღთან, რომლის რეაბილიტაციაზეც რკინიგზა 400 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
ბოტანიკური ბაღის წინ მდებარე სამგზავრო ბაქნის მოსაწყობად ტენდერში წინადადებების მიღება 11 თებერვალს დაიწყება და 16 თებერვალს დასრულდება.
ორივე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შესრულებულ სამუშაოზე გარანტია 10 წლის განმავლობაში უნდა აიღონ.
კომპანიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მის მიერ შესრულებულ სამუშაოებს და გამოყენებულ მასალას არ ექნება დეფექტი ექსპლუატაციის ნორმების დაცვის პირობებში.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით განახორციელოს გამოვლენილი დეფექტ(ებ)ის აღმოფხვრა შემსყიდველის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში დეფექტ(ებ)ის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს გაწეული ხარჯებისა და აღნიშნული დეფექტ(ებ)ის მიზეზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება,“ – ნათქვამია სატენდერო პირობებში.
რენდერის მიხედვით ასეთი იქნება რეაბილიტაციის შემდეგ ბოტანიკური ბაღის სამგზავრო ბაქანი.
batumelebi.netgazeti.ge

ასევე დაგაინტერესებთ