პოლიტიკური პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ გენერალური მდივანი, ივანე ნორაკიძე მიიჩნევს, რომ ქართველი პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა დიდი წარმოდგენის არის საკუთარ თავზე, რეიტინგზე და შესაძლებლობებზე.
როგორც ივანე ნორაკიძე აღნიშნავს, ოპოზიციურმა პარტიებმა პირადი პატივმოყვარეობა გვერდზე უნდა გადადონ და საერთო იდეების გარშემო გაერთიანდნენ.
ივანე ნორაკიძის განცხადებით, 5 – პროცენტიანი ბარიერის პირობებში არსებობს დიდი რისკი, რომ ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახოს და საბოლოოდ, ორპოლუსიანობის წინააღმდეგ ბრძოლა კრახით დასრულდეს.
„ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა გავიაზროთ, 2024 წლის არჩევნებზე რა საფრთხის წინაშე ვდგავართ. წლებია უკვე საქართველოში ვებრძვით ორპოლუსიანობას. ,,ქართული ოცნების“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა ვსაუბრობთ იმაზე, რომ საჭიროა მულტიპარტიულობა, მრავალპარტიული მმართველობა, კოალიციური მთავრობა და ა.შ. ამისკენ მიმავალი გზა იყო რეალურად პროპორციული არჩევნები, რომელიც დიდი ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ და ხელისუფლებას წავართვით იმის შესაძლებლობა, რომ მაჟორიტარების ხარჯზე ხელისუფლებაში დარჩენილიყვნენ. მაგრამ ხელისუფლებამ აქ ჩადო ერთი ძალიან სახიფათო ნაღმი, ეს არის 5 – პროცენტიანი ბარიერი. დღეს 5 – პროცენტიანი ბარიერის პირობებში არსებობს ძალიან დიდი რისკი, რომ გარანტირებულად მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახოს, ყველა სხვა პარტია არის რისკის ქვეშ, რომ ბარიერი ვერ გადალახოს, გაუნაწილებელ მანდატებს ეს ორი პარტიას გაინაწილებს. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს ის, რომ ხელისუფლება კი არ შეიცვლება, პირიქით, კიდევ უფრო მეტი მანდატით და უფრო გაძლიერებული კვოტით დარჩება. მეორე მხრივ, მივიღებთ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ უფრო მეტი მანდატით და უფრო გაძლიერებულს. შედეგად, ორპოლუსიანობის წინააღმდეგ ამდენწლიანი ბრძოლა შეიძლება სრული კრახით დასრულდეს და პარლამენტში დარჩეს ორი პარტია, რაც არის პრობლემა.
გამოსავლად მიმაჩნია ის, რომ რაღაცნაირად პირადი პატივმოყვარეობა ყველამ გვერდზე გადავდოთ და ვისაც რეალურად გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, როგორიც არის ქვეყნის დასავლური ინტეგრაცია, ადამიანის უფლებები და სხვა, უნდა გავერთიანდეთ ამ იდეების გარშემო, რადგან ეს სჭირდება ჩვენ ქვეყანას, რომ ისევ ორპოლუსიანობა არ დარჩეს“, – აცხადებს ივანე ნორაკიძე.
მისივე თქმით, რაც მეტად იქნება წამოწეული მიხეილ სააკაშვილის თემა, მით მეტად ისარგებლებს ამით ,,ქართული ოცნება“.
,,საქართველოში არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც სააკაშვილის და ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნების ძალიან ეშინია და ეს არის ის, რაზეც ქულებს იწერს დღეს ,,ქართული ოცნება“. რაც მეტად იქნება წამოწეული სააკაშვილის თემა, მით მეტად მოხდება რადიკალიზება და მით მეტად მოხდება იმის ხაზგასმა, რომ არჩევანი არის არა ბევრ პარტიას შორის, არამედ ორ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის. ეს არის ის, რაც ვნებს ქართულ დემოკრატიას და ქართულ პოლიტიკურ პროცესს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ყველამ უნდა მოვთოკოთ ჩვენი ამბიციები, მეტად უნდა გავუსწოროთ რეალობას თვალი და მეტად ვესაუბროთ ხალხს. რაც მეტი საუბარი იქნება სააკაშვილზე, მით მეტად ისარგებლებს ამით ,,ქართული ოცნება“. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა რეალურად ძალიან კარგად იციან, რომ სააკაშვილი არანაირი პოლიტიკური პატიმარი არ არის და ამ ფაქტით სპეკულაცია ისევ და ისევ ,,ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს“,- აცხადებს ივანე ნორაკიძე, რომლის კომენტარს პარტია „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ ავრცელებს.