4-მილიონიანი საქართველოს ბაზრის და რუსეთის 150 მლნ-იანი ბაზრის ასე პირდაპირ შეფასება არის ჩვეულებრივი პოპულიზმი, რასაც ვაშაძე და ძმანი მისნი ხშირად მიმართავენ – დაახლოებით ისეთი რაღაცაა, საქართველოს კოსმოსში რაკეტა რატომ არ ჰყავს გაშვებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა რუსეთიდან წასულ უცხოურ კომპანიებთან დაკავშირებით “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
“ბატონ ვაშაძის ამ აღვირახსნილ პოპულიზმზე სერიოზული ლაპარაკი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, იმიტომ, რომ ელემენტარულად უნდა გაითვალისწინო რატომ იყო მსოფლიოს ყველა კომპანია რუსეთის ბაზარზე შესული. შესული იყო იმიტომ, რომ რუსეთი არის ძალიან დიდი ბაზარი, 150 მლნ-იანი მაღალმსყიდველობითუნარიანი ბაზარი. აქედან გამომდინარე, 4 – მილიონიანი საქართველოს ბაზრის და რუსეთის 150 მლნ-იანი ბაზრის ასე პირდაპირ შეფასება არის ჩვეულებრივი პოპულიზმი, რასაც ვაშაძე და ძმანი მისნი ხშირად მიმართავენ. აზერბაიჯანში ამ მიზეზით არანაირი განსაკუთრებული კომპანია არ გადასულა. თქვენ თუ დააკვირდებით ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებს, იქ მიხვდებით, რომ ევროკავშირი პირიქით, სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებს ხოლმე აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთთან ურთიერთობიდან გამომდინარე. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. არის პოპულიზმი. დაახლოებით ისეთი რაღაცაა, საქართველოს კოსმოსში რაკეტა რატომ არ ჰყავს გაშვებული,” – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ 2022-2023 წლებში, რუსეთის ბაზარი 500-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა, თუმცა საქართველოში არც ერთი არ შემოსულა. კერძოდ, როგორც ვაშაძე აღნიშნავს, საუბარია 2 მლნ სამუშაო ადგილზე ისეთ კომპანიებში როგორიცაა: „მერსედესი“, „ფოლკსვაგენი“, „ეფლი“, „გუგლი“, „ამაზონი“, „ფერარი“ და ა.შ. მისივე განცხადებით, აღნიშნული ინვესტიციების სულ რაღაც 5-7% პროცენტი რომ განხორციელებულიყო საქართველოში, ეს ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემას მოაგვარებდა.