2023 წელს ახალი ავტომობილების გაყიდვები ევროპაში 13,9%-ით გაიზარდა და 10,5 მლნ ერთეული შეადგინა. გაყიდული მანქანების უმეტესობა ჰიბრიდული, ელექტრო და ბენზინის მოდელებია. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაცია (ACEA) ავრცელებს.
გასულ წელს ევროკავშირის ყველა ბაზარი გაიზარდა უნგრეთის გარდა (-3,4%). კერძოდ, საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის ბაზრებმა 2022 წელთან შედარებით ორნიშნა ზრდა დააფიქსირა. თუმცა, გერმანიის ავტომობილების ბაზარი დეკემბერში 23%-ით შემცირდა.
ელექტრო მანქანები გახდა მესამე ყველაზე პოპულარული არჩევანი მყიდველებისთვის 2023 წელს. დეკემბერში მათი ბაზრის წილი 18,5%-მდე გაიზარდა და დიზელის მანქანებს გადაუსწრო, რომელთა წილი სტაბილურად 13,6% დარჩა. ბენზინის მანქანებმა 35,3%-ით უპირატესობა შეინარჩუნეს, ხოლო ჰიბრიდული ელექტრომანქანები მეორე ადგილზეა 25,8% ბაზრის წილით.