კეკელიძის N1-ში მდებარე ბინის ყოფილი მესაკუთრე მარინა ხატიაშვილი ადასტურებს, რომ აღსრულების ბიუროს ჩართულობით დარეჯან დვალთან შეთანხმებას მიაღწია. მისი თქმით, ხელშეკრულება ნოტარიალურად დღეს, 25 იანვარს უნდა გაფორმდეს.
“წამაკითხეს ძალიან მოკლე ხელშეკრულება, სადაც წერია, რომ მოხდება გარიგება 90 000 დოლარის ფარგლებში, მე ისიც არ ვიცი, როგორ უნდა მოხერხდეს ერთ თვეში ამხელა 20 000 დოლარის შოვნა [70 000 დოლარი უკვე აქვთ და გამოსახლებამდე სთავაზობდნენ ახალ მესაკუთრეს], მაგრამ ბიჭებმა თქვეს – დავიღალეთ ყველა და რაღაც უნდა მოვახერხოთო.
გარდა ამისა, წერია, აღარ დაგვემუქროთ და დაგვაბულინგოთო. ვუთხარი, მე ჩემს თავს ვიცავდი, არავის ვაბულინგებდი, მუქარით კი, მე არასდროს არავის დავმუქრებივარ. დღეს უნდა გავაფორმოთ ნოტარიულად, იმედია, იქ ჩაზუსტდება” – ამბობს ხატიაშვილი TV იმედთან.
მესაკუთრეთა დაცვის ცენტრის დირექტორის, გიორგი სუხიტაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დარეჯან დვალი თანახმაა, ყოფილ მესაკუთრეს, მარინა ხატიაშვილს 90 000 დოლარის სანაცვლოდ გადასცეს კეკელიძის N1-ში მდებარე უძრავი ქონება.
“ამისთვის ეძლევა ერთი თვის ვადა. ასევე, ის პირობას დებს და იღებს პასუხისმგებლობას, რომ ის და მისი მხარდამჭერები შეწყვეტენ მუქარას და ზეწოლას როგორც მედიით, ისე სოციალური ქსელებით ქალბატონ დარეჯან დვალზე და მისი ოჯახის წევრებზე.
ამის სანაცვლოდ ჩვენ ასევე ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ უკან გამოვიხმობთ ქირის სარჩელს, რაც გვქონდა სასამართლოში შეტანილი და მოგებულიც გაქვს პირველი ინსტანცია ყოველთვიურად 1 200 ლარის ოდენობით, ეს ჯამში 20 000 დოლარს შეადგენდა. უკვე ველოდებით ამ ერთი თვის ვადას, რომ ამ ვადაში მოახდინოს ქონების გამოსყიდვა. თუ ვერ მოხდება გამოსყიდვა, მხარეებს ერთმანეთთან პრეტენზიები აღარ ექნებათ, მარინა ხატიაშვილს ხელი აქვს მოწერილი ამ მორიგებაზე, ისევე როგორ ჩვენ” – ამბობს სუხიტაშვილი.
23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიურომ ხატიაშვილების ოჯახი გაასახლა. ბინის ყოფილი მესაკუთრის, მარინა ხატიაშვილის თქმით, საქართველოს ბანკიდან 20 000 დოლარი 2008 წელს ისესხა, თუმცა 2013 წელს ვადაგადაცილების გამო, საქმე სასამართლოს გადაეცა. მისი ცნობით, 2013 წლის დეკემბრის ბოლოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ბანკის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და მარინა ხატიაშვილს დაუყოვნებლივ დაეკისრა ბანკისთვის 21 000 დოლარის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი კუთვნილი ბინა, რომელიც იპოთეკით იყო დატვირთული, აუქციონზე გაიყიდებოდა. რადიო თავისუფლებასთან ხატიაშვილი ამბობს, რომ 2014 წლის დასაწყისში საქართველოს ბანკის იურისტი დაუკავშირდა და კერძო კრედიტორებთან დაკავშირება ურჩია. მარინა ხატიაშვილის თქმით, 2016 წლამდე აფორმებდა კერძო კრედიტორებთან ექვსთვიან ხელშეკრულებებს.
“ამჯერად უკვე მევახშეებთან დაიტვირთა ჩემი სახლი იპოთეკით. საბოლოოდ, მევახშეების ვალი, რომელთანაც ყოველ ექვს თვეში ახალ-ახალ ხელშეკრულებებს ვდებდი, 27 000 დოლარიდან 50 000 დოლარამდე გაიზარდა“ – ეუბნება ხატიაშვილი რადიო თავისუფლებას.
მისი მტკიცებით, ბოლო კრედიტორებს შორის იყო დარეჯან დვალიც, რომელმაც მას შემდეგ, რაც სესხის გადაუხდელობის გამო უძრავი ქონება აუქციონზე გავიდა, ბინა თავად იყიდა. დვალის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბინა აუქციონზე 43 000 ლარად იყიდა, გარდა ამისა, დაფარა 15 000-დოლარიანი დავალიანება.
23 იანვარს გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. ადგილზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო. შსს-ს ცნობით, 20 პირი დააკავეს, 18 ადმინისტრაციული წესით, 2 კი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.