ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის განცხადებით, საწვავის ფასებთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მთავრობა მიიღებს, სექტორისთვის სავალდებულო იქნება.
ვახტანგ იობაშვილის თქმით, იმპორტიორები დამოკიდებული არიან საერთაშორისო ბაზრებზე და წინასწარ ვერ განსაზღვრავენ ვერც ფასებს და ვერც შესაძლო გამოსავლებს, ხოლო აქციზის შემცირება, მისივე შეფასებით, სახელმწიფოსთვის სერიოზულ ფინანსურ დანაკარგს გამოიწვევს.
როგორ იქნება, რა გამოსავალი იქნება – ამას განვსაზღვრავთ. ჩვენ ხომ დამოკიდებული ვართ ყიდვაზე და გაყიდვაზე. ანუ ჩვენი სექტორი, მთლიანობაში, არის დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქტზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით იმ დღეს რა იქნება, ჩვენ არ ვიცით პლაცების ფასები რა იქნება იმ დღეს, ამიტომ მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ. აქციზის გამოკლება… ვის უნდა მოაკლდეს? აქციზი ხომ მოაკლდება სახელმწიფოს, მის სოციალურ ინსტიტუტებს? ამიტომ აქციზის გამოკლება გამოსავალი მაინც და მაინც დიდად არ არის. ახლა, ჩვენ გვეტყვიან ასე – მოვიქცევით ასე. გაგვიწერენ ასეთ კანონს? ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ არსებულ კანონს, – ამბობს იობაშვილი.
ირაკლი კობახიძე ნავთობიმპორტიორებს ხვდება. დღეს ფასების კომისიის რიგით მეხუთე სხდომა მიმდინარეობს.




