– ივანიშვილი ერთი ხელის მოსმით კლავს საინჟინრო სკოლას საქართველოში – ეს არის გლობალური კატასტროფა, რითაც საქართველოს საბოლოოდ გადაისვრიან მესამეხარისხოვანი ქვეყნების კატეგორიაში

ივანიშვილი ერთი ხელის მოსმით კლავს საინჟინრო სკოლას საქართველოში – ეს არის გლობალური კატასტროფა, რითაც საქართველოს საბოლოოდ გადაისვრიან მესამეხარისხოვანი ქვეყნების კატეგორიაში!, – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, „ფეისბუქის“ გვერდზე თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების თაობაზე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას.
სააკაშვილის თქმით, ივანიშვილმა დაგვანახა, რომ განათლებას ფასი არ აქვს.
„ივანიშვილი ერთი ხელის მოსმით კლავს საინჟინრო სკოლას საქართველოში. სტუ ბევრ ფაკულტეტზე კარგ განათლებას აძლევს, კერძოდ კი ენერგეტიკაზე, გეოლოგიაზე, კავშირგაბმულობაზე, ჰიდრო-ინჟინერიაზე, სამშენებლოზე, საავიაციოზე, ხიდების და გვირაბების მშენებლობაზე, ტელემექანიკაზე. ეს არის გლობალური კატასტროფა, რითაც საქართველოს საბოლოოდ გადაისვრიან მესამე ხარისხოვანი ქვეყნების კატეგორიაში! ივანიშვილმა თავზე დაგვასვა ყველაზე გაუნათლებელი ხალხი (თვითონ, ზებრა პრეზიდენტი და უამრავი სხვა) რითაც დაგვანახა, რომ განათლებას არანაირი ფასი არ აქვს. ახლა კი გამოაცხადა ეს კატასტროფა ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმებით. ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიურიც იმიტომ მოკლა ჯაყომ, რომ იქაც საინჟინრო პროფესიაზე იყო მთავარი აქცენტი. ე.ი. ქართველები შეიძლება იყვნენ, როგორც ოლიგარქის ერთი მოლაპარაკე თავი ამტკიცებს, მხოლოდ შუშის მბერავები, შავი მუშები და მიმტანები, WTF?“, – წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.
ცნობისთვის, განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (თსუ) გაერთიანდება. აღნიშნულს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები აპროტესტებენ. უკვე მეორე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.