რატომ აბრუნებს ზელენსკი ელჩს არამეგობრულ ქვეყანაში? – საგარეო წინააღმდეგი იყო – უკრაინული მედია

უკრაინული გამოცემა „Європейська правда“ იუწყება, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ემხრობოდა საქართველოში ელჩის დანიშვნას, მიუხედავად ამისა, ზელენსკის ადმინისტრაციამ სხვაგვარად გადაწყვიტა.
4-წლიანი პაუზის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ელჩის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.
„ევროპეისკა პრავდა“ წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ბევრ კითხვას აჩენს — ასეთ ვითარებაში ელჩის დანიშვნა შეიძლება განხილულ იქნას, როგორც უკრაინის მიერ მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობის აღიარება, რისგანაც ოფიციალური აქამდე თავს იკავებდა და „სტრატეგიულ დუმილს“ ინარჩუნებდა.
გამოცემის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გასცეს რეკომენდაცია, თავი შეეკავებინათ ამ ნაბიჯისგან და პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანება დიპლომატიური უწყებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
წყარო, რომელიც საქართველოსთან მოლაპარაკებების მიმდინარეობას იცნობს, გამოცემის ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტისკენ, რომ სლოვენიაში ელჩად მუშაობის გარდა, მიხაილო ბროდოვიჩს აქვს საკონსულო საქმიანობის დიდი გამოცდილება. მისი თქმით, ეს სწორედ ის არის, რაც საჭიროა საქართველოში, სადაც ომს გამოქცეული უკრაინელების გარდა, დამატებითი გამოწვევაა, რუსეთის მიერ უკრაინის მოქალაქეების დეპორტაცია არა პირდაპირ ან ბელარუსის გავლით, არამედ საქართველოს გავლით.
სტატიაში ნათქვამია, რომ კიევს შეეძლო დესპანი ან სპეციალური წარმომადგენელი დაენიშნა, რაც ყაველაშვილისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემას არ მოითხოვდა, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყველაზე „მეგობრული“ ვარიანტი აირჩიეს.
„ევროპეისკა პრავდას“ თანახმად, პრეზიდენტის ბრძანება საბოლოო ელემენტი არ არის და კიდევ საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება ელჩის გაგზავნის შესახებ.
„ეს უნდა ყოფილიყო სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის კიევის დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ. ამავდროულად ეს მოითხოვს საპასუხო სიგნალებს, რომელთა გარეშეც ელჩის გაგზავნას აზრი არ აქვს. ჯერ კიდევ უცნობია, გაემგზავრება თუ არა ელჩი თბილისში რეალურად. რადგან ამ დანიშვნაზე საქართველოს საპასუხო ქმედებები, თითქოს განგებ უბიძგებს კიევს, დაამუხრუჭოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება“, — წერს გამოცემა.
იმის დასტურად, რომ საქართველოს საპასუხო ქმედებები არამეგობრულია, სტატიაში მოყვანილია „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომ იმედია, კიევმა გადაიაზრა ქართველებისადმი მტრული რიტორიკა; ასევე, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედზე“ გამოქვეყნებული ცნობა, თითქოსდა უკრაინამ გაყიდა გენერატორები, რომლებიც საქართველომ ჰუმანიტარული დახმარების სახით გადასცა.
„ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება კიევთან დიალოგით დიდად დაინტერესებული არ არის. ღირს თუ არა ასეთ სიტუაციაში თბილისში ელჩის გაგზავნა — ღია საკითხია“, — წერს გამოცემა