„აღსრულებაში დღეს გვაქვს ისეთი საკანონმდებლო სივრცე, რომელიც მაღალგანვითარებული დემოკრატიის ქვეყნების კანონმდებლობას იმეორებს“ – სოფიო ლოქაბიძე

,,ჩვენ დღეს გვაქვს ისეთი საკანონმდებლო სივრცე, რომელიც სრულად შეესაბამება და იმეორებს მაღალგანვითარებული დემოკრატიის ქვეყნების კანონმდებლობას”, – ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სოფიო ლოქაბიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.
მან სააღსრულებო პროცესების მართვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ისაუბრა.

„ჩვენმა ქვეყანამ, მათ შორის, სააღსრულებო კანონმდებლობის ნაწილში , პრაქტიკულად, სრულად გაიზიარა და დანერგა ევროპული სტანდარტები, საერთაშორისო გამოცდილება და ჩვენ დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გვაქვს ისეთი საკანონმდებლო სივრცე, რომელიც სრულად შეესაბამება და იმეორებს მაღალგანვითარებული დემოკრატიის ქვეყნების კანონმდებლობას.
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძირითადი სტანდარტი ყველა ტიპის წარმოებაში არის ადამიანის უფლებათა განუხრელი დაცვა საფრთხის ადეკვატური და შესატყვისი მეთოდების გამოყენებით. სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონი ადგენს სპეციალური საშუალების ქონის შესაძლებლობას, თუმცა, აქვეა საკანონმდებლო დათქმა, რომ სპეციალური საშუალება უნდა იყოს გამოყენებული საფრთხის ადეკვატურად.
რაც შეეხება ცრემლსადენ გაზს, კანონი ცალსახად არ ითვალისწინებს ასეთი ტიპის სპეციალური საშუალების არსებობას. ფაქტია ის, რომ ჩვენ დღეს გვყავს აღსრულების პოლიციის 14 თანამშრომელი, რომელთაც მიიღეს ფიზიკური დაზიანებები. ამას გარდა, დაზიანდა სახელმწიფო საკუთრება. ორივე ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები და ორივე ნაწილში სიმართლეს დაადგენს საგამოძიებო ორგანო, რადგან ეს საკითხები მიეკუთვნება საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციას”, – განაცხადა სოფიო ლოქაბიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველო გარემოსდაცვითი მმართველობისა და სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით მოწინავე პოზიციებზეა“, – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე დმიტრი მარიასინი