პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არც ის და არც პრემიერი ირაკლი კობახიძე NGO-ში არ მუშაობდნენ.
ჟურნალისტის შეკითხვას “თქვენ და ირაკლი კობახიძეს გქონდათ ეგ გაგრილების პერიოდი, თქვენც ორგანიზაციიდან მოხვედით პოლიტიკაში”. პაპუაშვილმა უპასუხა: “მე NGO-ში არ ვყოფილვარ, არც ირაკლი კობახიძე არ ყოფილა NGO-ში. არც მე, არც ირაკლი კობახიძე – ჩვენ NGO-ში არ ვიყავით”.
იქამდე პაპუაშვილმა ოცნების ახალ კანონპროექტებზე ისაურბა, მისი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკაა, როცა ადამიანი უცხოურ ორგანიზაციაში მუშაობს პაუზა ე.წ. გაგრილების პერიოდი აიღოს, სანამ პოლიტიკაში ჩაერთვება.
“ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ არ იყოს რაღაც მბრუნავი კარის პრინციპი, როდესაც ხან NGO-ში არიან და შემდეგ ცდილობენ, ისინი მოიყვანონ პოლიტიკურ ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში იგულისხმება პარტიები, პარტიების გზით, იქნება ეს პოლიტიკური საქმიანობა პარტიაში თუ გავლენა პოლიტიკურ მოვლენებზე, რომ ამისთვის აიღონ ე.წ.გაგრილების პერიოდი, რომელიც არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაში. მაგალითად, როდესაც პოლიტიკაში ან საჯარო სექტორშია ადამიანი, მაგალითად ადამიანმა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკში დაიწყოს მუშაობა, სჭირდება 2-წლიანი პაუზა, ე.წ. გაგრილების პერიოდი, იმისთვის, რომ დაიწყოს იქ მუშაობა, როდესაც არის რისკი, რომ მისი წინა საქმიანობიდან გამომდინარე ახალ პოზიციაზე წინა ინტერესების გატარებას ექნება ადგილი”. – განაცხადა შალვა პაპუაშილმა.
პაპუაშვილის თანამშრომლობა უცხოურ კომპანიებთან პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე:
- 2000-2001 – საადვოკატო ბიურო Heimes&Muller – ადვოკატის თანაშემწე;
- 2003-2007 – გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) უფროსი სამართლებრივი ექსპერტი;
- 2007-2015 – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჯგუფის ხელმძღვანელი;
- 2015-2017 – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე;
- 2017-2020 – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს:
- 2000-2001 – შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი;
- 2006-2014 – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და პროექტის მენეჯერი.




