ის, რომ უცხოურმა ფონდებმა და დონორებმა ჩაანაცვლეს გრანტების ხელშეკრულება, პირდაპირი ფიზიკური პირებისთვის ფულის ჩარიცხვით და დაქირავებით, რა ჰგონიათ ეს იმალება, ჩვენს საახლობლოში ხალხი არ არის, არ გვესმის ეს ყველაფერი, მართლა შტერები ხომ არ ვგონივართ ქართველები?! – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, ვისაც უნდა საქართველოში პოლიტიკურ აქტივობებში ფული დახარჯოს, ნება იბოძოს და ჰკითხოს ქართველ ხალხს.
„მინდა ყველა დონორს, უცხოურ ფონდებს საქართველოში ვუთხრა და შევახსენო, რაც კარგად იციან, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველა ყველას იცნობს, მართლა ყველა ყველას იცნობს. აქ არაფერი იმალება. ის, რომ უცხოურმა ფონდებმა და დონორებმა ჩაანაცვლეს გრანტების ხელშეკრულება, პირდაპირი ფიზიკური პირებისთვის ფულის ჩარიცხვით და დაქირავებით, რა ჰგონიათ ეს იმალება?! ჩვენს საახლობლოში ხალხი არ არის?! არ გვესმის ეს ყველაფერი?! მართლა შტერები ხომ არ ვგონივართ ქართველები?!
საკითხი არის მარტივად – ქართველმა ხალხმა თქვა თავისი კანონმდებლობით და მათ შორის 2024 წელს არჩევნებზე ამ კანონმდებლობის დადასტურებით, რომ თუ ხარ უცხოელი და გინდა შემოხვიდე აქ, ფული ჩადო ისეთ აქტივობებში, რომლის მიზანია პოლიტიკაზე ზემოქმედება, მინდა რომ ეს შემითანხმოო. ეს უთხრა ქართველმა ხალხმა ყველას – ფრანგსაც, გერმანელსაც, ამერიკელსაც, ინგლისელსაც. ვისაც უნდა საქართველოში პოლიტიკურ აქტივობებში ფული დახარჯოს, ნება იბოძოს და ჰკითხოს ქართველ ხალხს. ყველა ის ფული, რომელიც ამ პროცედურის დარღვევით შემოდის, არის უკანონო ფული, შესაბამისად, ამ ფულის ბრუნვა არის უკვე უკანონობა. მეორე სქემა რაც იკვეთება, ეს არის ის, რომ დონორებმა, ნაცვლად იმისა, რომ მისცენ გრანტი რომელიღაც ორგანიზაციას და ეს არ გამოჩნდეს, ან სხვა სახელს არქმევენ, სხვანაირად ფუთავენ ამ ყველაფერს, ან თავად ხარჯავენ ამ ფულს და პირდაპირ ხდებიან პოლიტიკური აქტორები. ამ შემთხვევაშიც სჭირდებათ თანხმობა ქართველი ხალხისგან. საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ქართველ ხალხს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.




