დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ილია ღუდუშაური, რომელსაც ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება, ნახევარი მილიონი ლარის გირაოს გადახდის შემდეგ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდება.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო, რომელიც ღუდუშაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავდა.
ილია ღუდუშაურს გირაოს გადასახდელად 30 დღის ვადა აქვს. გირაოს შეტანის შემდეგ იგი საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს. მას აეკრძალა საზღვრის კვეთა და ჩამოერთმევა პასპორტიც.
გირაოს შეფარდება ბრალდებული ღუდუშაურისთვის თავად პროკურატურამ მოითხოვა იმაზე დაყრდნობით, რომ მინისტრის ყოფილი მოადგილე ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
გამოძიების თანახმად, ილია ღუდუშაურის მითითებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა წინასწარ შერჩეული კომპანია, რომელსაც მისი ნაცნობი ხელმძღვანელობდა და მას სამინისტრომ მინიმუმ 2 138 000 ლარით მეტი გადაუხადა, რითაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები დაარღვია.
ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს 2022 წლის იანვრიდან 2024 წლის მარტამდე იკავებდა. მოადგილედ ზურაბ აზარაშვილის ჯანდაცვის მინისტრობის დროს დაინიშნა და მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გახდა, ღუდუშაური თანამდებობიდან გაათავისუფლეს.




