კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია თბილისში – რა უთხრეს მათ “ოცნებისა” და ოპოზიციის ლიდერებმა

თბილისში შეხვედრებს მართავს კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია. “ქართული ოცნების” მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრების პარალელურად, დღეს, 29 იანვარს, დელეგაციის წევრები შეხვდნენ რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდებსაც.
დელეგაციის მიზანი რეგიონში, მათ შორის საქართველოში, არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებაა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, შეკითხვები ეხებოდა “გუშინ მიღებულ რაღაც ახალ რეგულაციებსაც, რომელიც სპეციალურად დაამთხვიეს -ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის ვიზიტს საქართველოში”.
ზურა ჯაფარიძე გულისხმობდა „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ მორიგ შემზღუდავ ცვლილებებს, რომლის მიზანიც, მათი განმარტებით, აქამდე მიღებული კანონების „გვერდის ავლის გზების“ ამოქოლვაა – ქვეყნის „რევოლუციისგან დასაცავად“.
ჯაფარიძის თქმით, დელეგაციის წევრებს “ინფორმაცია ყველაფერზე ჰქონდათ, მაგრამ რაღაც დეტალები იყო, რომელეზეც ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია დამატებით, იქიდან გამომდინარე, რაც ხდება ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში”.
შეხვედრის შემდეგ კომენტარში “თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემაც აღნიშნა, რომ, მისი დასკვნით, შემზღუდავი კანონპროექტის ინიციირება დელეგაციის ვიზიტს შეგნებულად დაამთხვიეს.
“ივანიშვილის პარტიას უნდა, რომ ამ ქვეყანაში გააუქმოს მოქალაქეობა, გააუქმოს პოლიტიკა და აკრძალოს პოლიტიკური აზრის გამოთქმა, ეს არის მათი მთავარი ამოცანა და ეს კანონებიც არის ამისკენ გადადგმული ნაბიჯები. წინასწარ სპეციალურად გააკეთეს ეს ყველაფერი, იცოდნენ, რომ მნიშვნელოვანი დელეგაცია ჩამოდიოდა და ეს იყო მათი გზავნილი, რომ აქ სხვა არაფერი არსებობს – ვარსებობთ მხოლოდ ჩვენ”.
საქართველოსადმი -ის ინტერესის გაზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. მისი სიტყვებით, მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისა და ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის “საქართველოს და აშშ-ს შორის შეწყვეტილი პარტნიორობის შეთანხმება აღდგეს” .
ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ისაუბრეს ასევე სატრანსპორტო დერეფნის პროექტზე სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) და იმაზე, რომ “საქართველო არ დარჩეს ამ უმნიშვნელოვანესი ინიციატივის მიღმა”
“აშშ ჩართული უნდა იყოს საქართველოში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებაში – კერძოდ, ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასა და მის ფუნქციონირებაში. აშშ-ი უნდა იყოს გარანტორი იმისა, რომ ეს დერეფანი საქართველოს გავლით იქნება უსაფრთხო და საქართველოს სუვერენიტეტი იქნება დაცული. მხოლოდ აშშ-ს აქვს ძალა, რომ უზრუნველყოს საქართველოს სუვერენიტეტი“, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, ტრამპი-ალიევი-ფაშინიანის სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP);

13 იანვარს, სამშაბათის საღამოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ვაშინგტონში შეხვედრა გამართეს, რის შემდეგაც გამოაქვეყნეს საერთო „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო შეთანხმება“.

22 იანვარს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში ილჰამ ალიევმა და დონალდ ტრამპმა შეხვედრა გამართეს.შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თებერვალში ეწვევა სომხეთსა და აზერბაიჯანს.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ჩამოდის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რეგიონული ვიზიტისას საქართველოში, აცხადებს, რომ ვიზიტი „კონკრეტულად ზანგეზურის თემას ეძღვნება“.

კობახიძეს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, საქართველოც ხომ არის სატრანზიტო მარშრუტის ნაწილი, რატომ არ ხვდება ქვეყანა შეერთებული შტატების დღის წესრიგში:„ეს არის მათი გადასაწყვეტი“, – განაცხადა მან.

„თქვენ იცით, როგორია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი. ეს კონტექსტი არის ძალიან მძიმე“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ეს კონტექსტი „შექმნა ბაიდენის ადმინისტრაციამ“.
აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციასთან შეხვედრით “ძალიან კმაყოფილი დარჩა” „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე, მისი სიტყვებით “აშშ-ის ორივე პარტია ისე არის განწყობილი საქართველოსთან მიმართებაში, როგორც უნდა იყოს – ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე”.
ბარამიძე მოელის, რომ კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები, მათი თანამშრომლების მიერ საქართველოდან ჩატანილ ინფორმაციას, “მხედველობაში მიიღებენ” და “საქართველოსთან მიმართებაში შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება“.
ბარამიძის თანახმად, შეხვედრაზე ასევე დაისვა საკითხი აშშ-ის როლთან მიმართებით, რომელსაც მისი სიტყვებით “შეუძლია სირიისა და ვენესუელის ახალ მთავრობებთან დასვას საკითხი, რომ მათ აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ანუ უკან წაიღონ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ე.წ. სახელმწიფოების უკანონო აღიარება, რაც მათ გააკეთეს რუსეთის ზეწოლით”.
მისივე სიტყვებით ისაურეს ასევე “MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებული საკითხებზეც.
2025 წლის 6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act). („საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“).

კანონპროექტი ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას. ამავდროულად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კორექტირების შემთხვევაში, დებს საქართველოსთან აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობის პირობას.
გუშინ, 28 იანვარს დელეგაციის წევრები შეხვდნენ “ქართული ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ლევან ჟორჟოლიანს და საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს.
როგორც შეხვედრის შესახებ მთავრობის ადმინისტაციის მიერ გავრცლებული განცადებიდან ვიგებთ საუბარი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებს.
“ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით. ასევე ისაუბრეს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე”.
“აღინიშნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობის საკითხი. გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული პარტნიორობა განახლდება და ქვეყნების საერთო ინტერესების გათვალისწინებით, კონკრეტული დღის წესრიგით გაგრძელდება”.
მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე, განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, რეგიონში მიმდინარე პროცესები. “ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას”.
ყურადღება გამახვილდა “საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლის როლზე და ამ მხრივ განხილულ იქნა შუა დერეფნის სატრანსპორტო პოტენციალი”.

“საქართველო მიესალმა აშშ-ის აქტიურ ჩართულობას რეგიონში”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასში ასევე მოყვანილია დელაგაციის პოზიციაც, რომლის თანამადაც
“დელეგაციის წევრებმა დააფიქსირეს შეერთებული შტატების უპირობო, ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღინიშნა ამ მიმართულებით კონკრეტულად აშშ-ის კონგრესის აქტიური ჩართულობის როლი.
საუბრისას, დელეგაციის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს როლი როგორც გლობალური, ისე რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში”.

თავის მხრივ მაკა ბოჭორიშვილმა “დაადასტურა ქართული მხარის სურვილი და მზადყოფნა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით”
საქართველო აშშ-ის ურთიერთობები მოკლედ
· შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის ნოემბერში შეაჩერა;
· მანამდე „აგენტების კანონის“ და „ქართული ოცნების” წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ;
· სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო;
· ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს არაერთ წარმომადგენელს;
· „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა;
· 2025 წლის 13 მაისს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს;
· 28 მაისს შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. ივანიშვილმა საპასუხო წერილში საელჩოს განცხადებას „გაუგებარი“ უწოდა.
· 1 სექტემბერს დონალდ ტრამპს წერილი მისწერა „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებულ სადავო პარლამენტში კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმაც.