გია ჯაფარიძე:
1. იფარება სავარაუდოდ აკრძალული ქიმიური ნივთიერებებით ადამიანების მასობრივად დაწამვლის საქმე,
2. არასასურველ პროფესორ-მასწავლებლებს გაუშვებენ უნივერსიტეტიდან, დაამყარებენ სრულ კონტროლს აუდიტორიებზე, განსხვავებული აზრი გაიდევნება უნივერსიტეტიდან
3. ხელში იგდებენ დიდ ქონებას თბილისის ცენტრში და საქართველოს სხვა ადგილებში არსებული უძრავი ქონების სახით. ნელ-ნელა გაყიდიან
4. მიზანმიმართულად ცდილობენ, ქართული უნივერსიტეტის მიერ გაცემულ დიპლომებს არ ჰქონდეს საერთაშორისო აღიარება
5. კი არ აერთიანებენ, ორივეს აუქმებენ. გაუქმებას გვასაღებენ გაერთიანებად. ბიძინას ქუთაისის ბიზნესმა რომ მოგება დაწეროს.
ეს რაც ერთი შეხედვით, შეუიარაღებელი თვალით ჩანს. უფრო თუ გავადიდებთ სურათს, მიმდინარეობს საქართველოს დაშლა-დაპყრობა, საქართველოს დესუვერენიზაცია და დამოუკიდებლობის მოსპობა,
ასი წლის წინ მსგავსი ამბავი ხდებოდა, 1921 წელს ქართველების ხელით რუსეთმა დაიკავა საქართველო ხიშტებით და ტყვიით, წინა საუკუნის 30-იან წლებამდე წინააღმდეგობას ანადგურებდნენ, მერე მიადგნენ ინტელექტუალებსა და ხელოვან ხალხს ეროვნული იდენტობის განადგურების მიზნით. ასი წლის შემდეგ ისევ ქართველების ხელით კლავენ საქართველოს. განათლება უნდა განადგურდეს, ახალგაზრდებს არ უნდა ჰქონდეთ საქართველოში ან საზღვრებსგარეთ განათლების მიღების საშუალება, თავისუფალი აზროვნება სახიფათოა მოსკოვისთვის და დინასტიური მოღალატეებისთვის; აზროვნება უნდა გაკონტროლდეს, უკეთესია თუ არავინ იაზროვნებს. ჭკუა ისწავლეს რუსებმა, ხიშტით რომ ვერ დაგვამარცხეს, ადგნენ და ქართველების ხელიდან უბრალოდ ყიდულობენ ქვეყანას.
გრანტების კანონიც ამას ემსახურება, იკრძალება არამხოლოდ პოლიტიკური მოღვაწეობა, არამედ ზოგადად მოქალაქეობა. ყველა გადმორიცხვა უნდა გაკონტროლდეს, მათ შორის ემიგრანტების მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობაც, იკრძალება უცხოელებისთვის ხელის ჩამორთმევა, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გაასამართლონ ამ ცვლილებით, „კანონის“ სახე მისცეს იმას, რასაც ისედაც აკეთებდნენ. და ამას შვრება ის ხალხი, რომელიც წლები თავად მუშაობდა უცხოურ ორგანიზაციებში, ათეულობით მილიონის მოპარვა უდასტურდებათ, ოქროს ზოდები უდევთ სახლში ნაძარცვად და ხელს არავინ ართმევს ცივილიზებულ სამყაროში. რატომ იყო ის კანონი რუსულიო 
ეს ყველაფერი დაიწყო 2012 წლის 1 ოქტომბერს, ესაა მწარე სიმართლე, რომლის მიღება ბევრს არ უნდა. ახლა ისტორიის გზაგასაყარზე ვართ. წინა საუკუნეში არასრული სამი წელი გავძელით დამოუკიდებელ ქვეყნად, საუკუნეთა მიჯნაზე – 1991-2012 წლები, დაახლოებით ოცი წელი. ახლა ან ვინარჩუნებთ თავისუფლებას, ან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მსგავსად მოგონებად ვრჩებით – ქვეყანა, რომელიც გაწირა საკუთარმა ხალხმა და დასავლეთმა. არ გაწყრნენ ჩვენი დასავლელი მეგობრები, მაგრამ ფრანგი მართავს დღეს საქართველოს და ამათ მოყვანას ძალიან შეუწყო ხელი პუტინთან დალაგების და „გადატვირთვის“ პოლიტიკამ მსხვერპლის ხარჯზე.
მერე იქნება ისევ “დუმდა სიონი და დუმდა ხალხი”. დუმდა დასავლეთიც. ამ დუმილის თანამედროვეები ვართ.




