აზერბაიჯანის დელეგაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან (PACE) თანამშრომლობას წყვეტს.
დელეგაციამ გადაწყვეტილება ასამბლეის სხდომის დაწყებამდე გამოაცხადა, რომელზეც აზერბაიჯანელი დეპუტატების უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
“აზერბაიჯანის დელეგაციამ გადაწყვიტა, ასამბლეასთან თანამშრომლობა და მასში მუშაობა შეწყვიტოს მომდევნო ცნობამდე”. – თქვა აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სამად სეიდოვმა, პრესასთან საუბრისას.
Европейская правда-ს კითხვის საპასუხოდ, რჩება თუ არა აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს წევრად, სეიდოვმა ზუსტი პროგნოზისაგან თავი შეიკავა და არცერთი ვარიანტი არ გამორიცხა.
“ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა, მაგრამ ვხედავთ, რომ ჩვენთვის, დელეგაციისთვის, აქ ყოფნა შეუძლებელია ჩემი ქვეყნისადმი დაუშვებელი და აუტანელი დამოკიდებულების გამო”. – თქვა სეიდოვმა.
ამასთან, სეიდოვმა თქვა, რომ ევროპის საბჭოში აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვას “შეუქცევადი შედეგები” მოჰყვება.
“გადაწყვეტილება მთლიანად ევროპის საბჭოს მიუკერძოებლობისა და ნდობისათვის სერიოზული დარტყმა იქნება და ამის შეუქცევად და მკაცრ შედეგებზე პასუხისმგებლობა ინიციატორებს (აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის – რედ.) დაეკისრებათ”. – თქვა სეიდოვმა.
როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ზერბაიჯანის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეზღუდვა 76 ხმით 10-ის წინააღმდეგ დღევანდელ, 24 იანვრის სხდომაზე გადაწყვიტა.
გადაწყვეტილების მიხედვით, აზერბაიჯანის მიერ გაგზავნილი დეპუტატების სია არ დამტკიცდება მანამ, სანამ PACE-ს რეგლამენტს არ დამორჩილდება. საუბარია წევრი სახელმწიფოების ვალდებულებაზე, PACE-ს სამონიტორინგო და წინასაარჩევნო მისიები ქვეყანაში დაუშვას, რაზეც აზერბაიჯანი უარს ამბობს.