აი, ფაქტი: საქართველოში შემოსული 19 გემი “ჩრდილოვანი ფლოტის” კრიტერიუმებს აკმაყოფილებს

აი, ფაქტი ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს და წერს, რომ 2024-2026 წლებში საქართველოში 19 გემი იმყოფებოდა, რომელიც რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
აი, ფაქტი წერს, რომ საქართველოს პორტებში ბათუმში, ფოთსა და ყულევში შემოსულ გემებს 2 თვის განმავლობაში აკვირდებოდა.
“ჩვენმა დაკვირვებამ გამოავლინა, რომ რუსეთის პორტებიდან გამოსული ნავთობტანკერები შავი ზღვის ძირითად ნავთობსატრანსპორტო მარშრუტებზე გადაადგილებისას პერიოდულად თიშავენ ავტომატურ საიდენტიფიკაციო სისტემას, აყალბებენ კოორდინატებს და ჩერდებიან სანაპიროდან მოშორებით”, – წერს აი, ფაქტი.
რა არის “ჩრდილოვანი ფლოტი” და როგორ მუშაობს ის?
“ჩრდილოვანი ფლოტის” გემები, როგორც წესი, საერთაშორისო ნაოსნობის ინდუსტრიის სტანდარტული მარეგულირებელი ჩარჩოების მიღმა მოქმედებენ. მათ რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი გამოარჩევთ:
· მოძველებული და სტანდარტებთან შეუსაბამო ხომალდები: ამ გემების უმეტესობა 15+ ასაკისაა; მათ ხშირად არ აქვთ გავლილი ინსპექტირება და სათანადო ტექნიკური მომსახურება.
· გაუმჭვირვალე მფლობელები: მათ ხშირად ფიქტიური კომპანიების მეშვეობით ფლობენ, რომელიც დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონებში საბოლოო მესაკუთრის დასამალად.
· დასავლური დაზღვევის არქონა: ეს გემები ჩვეულებრივ მოქმედებენ სტანდარტული ინდუსტრიული დაზღვევის (P&I კლუბები) გარეშე; ისინი ეყრდნობიან მცირე, არასაიმედო მომწოდებლებს ან საერთოდ დაუზღვევლად ცურავენ.
· დროშებით მანიპულირება (Flag Hopping): ოპერატორები გემებს ხშირად უცვლიან დროშებს და ირჩევენ ისეთ ქვეყნებს, სადაც სუსტი ზედამხედველობაა (მაგ. გაბონი, ესვატინი ან პანამა), ან იყენებენ ყალბ დროშებს.