პროკურატურა ილია ღუდუშაურისთვის საპატიმრო გირაოს ითხოვს

პროკურატურამ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს ბრალდება წარუდგინა.
ღუდუშაურს ბრალად ედება სახელმწიფო – პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
პროკურატურის ცნობით, ილია ღუდუშაურმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამიტომ მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენებას მოითხოვენ. როგორც პროკურატურა აცხადებს, შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 70 ერთეულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა და გამარჯვებულად გამოვლინდა ყველაზე დაბალი ფასის წარმდგენი კომპანია. თუმცა, ბრალდებულმა რომელიც მოქმედებდა ტენდერში მონაწილე შედარებით მაღალი ფასის წარმდგენი კომპანიის სასარგებლოდ, ხელოვნურად შექმნილი საფუძვლით, უკანონოდ შეწყვიტა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი.
2023 წლის 10 მაისს, მისივე მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, შეცვლილი პირობებით, რომელიც მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე და რომლის ხელმძღვანელობასთანაც ბრალდებულს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა.
შედეგად, ტენდერი ჩატარდა სხვა კომპანიების მონაწილეობისა და ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. გამარჯვებულად გამოცხადდა წინასწარ შერჩეული კომპანია, რომელსაც წარდგენილი შედარებით მაღალი ფასის გამო, სამინისტრომ მინიმუმ 2 138 000 ლარით მეტი გადაუხადა.
ბრალდებულის ამ ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ) წარედგინა“, – აცხადებს პროკურატურა.
ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს 2022 წლის იანვრიდან და 2024 წლის მარტამდე იკავებდა. ის მოადგილედ ზურაბ აზარაშვილის ჯანდაცვის მინისტრობის დროს დაინიშნა და მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრი გახდა, ღუდუშაური თანამდებობიდან გაათავისუფლეს.