– როდესაც ვისმენთ ანტიქართულ რიტორიკას მოლდოვის პრეზიდენტის მხრიდან, აღმაშფოთებელია და მნიშვნელოვანია, ამაზე იყოს რეაქცია – დიდი ეჭვია, რომ ამას სხვების კარნახით აკეთებს, ვინაიდან, წელიწადში ერთხელ გავახსენდებით ხოლმე

როდესაც სახელმწიფოს მეთაური ამბობს, რომ ეპატარავება თავისი სახელმწიფო, უფრო სწორედ, იმდენად მცირედ მიაჩნია, ფიქრობს, იმისათვის, რომ გადარჩეს, საჭიროა გაუქმდეს სახელმწიფო, მზად არის, მხარი დაუჭიროს საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას, მე მგონი, აქ ფაქტია, მართლაც სხვადასხვა ორბიტაზე ვართ ღირებულებების მხრივ – ამ მხრივ, მოლდოვას ვერ გავუწევთ რაიმე კონკურენციას , – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებას, რომ “რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა”.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მაია სანდუ არის ადამიანი, რომელმაც 4 ოქტომბერს, საქართველოში ხელისუფლების დამხობის პროცესს დაუჭირა მხარი.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს უკვე, თავისთავად აჩვენებს, „რა ღირებულების საწყისებზე დგას ეს ადამიანი“.
„მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიდიოდა ძალადობრივი შტურმი, ზუსტად იმ დროს, 4 ოქტომბერს, მან საჯარო განცხადებით მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობაში მონაწილე ჯგუფს, რაც უკვე, თავისთავად აჩვენებს, რა ღირებულების საწყისებზე დგას ეს ადამიანი. იმასაც აჩვენებს, რომ დიდი ეჭვია ამას აკეთებს სხვების კარნახით, ვინაიდან, წელიწადში ერთხელ გავახსენდებით ხოლმე და რატომღაც ფიქრობს, რომ აქვს რაიმე მორალური, პოლიტიკური, იდეოლოგიური უპირატესობა, რომ ქართველ ხალხს ესაუბროს ამ ტონით. ამიტომ, რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვისმენთ ამგვარ ანტიქართულ რიტორიკას მოლდოვის პრეზიდენტის მხრიდან, ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე იყოს რეაქცია. ჩვენ, ალბათ, თავის დროზეც უნდა გვქონოდა ძალიან მკაფიო რეაქცია, გარდა განცხადებებისა, როდესაც მოლდოვის პრეზიდენტმა ღიად მხარი დაუჭირა ხელისუფლების ძალადობების დამხობაში მონაწილე ჯგუფებს, ასე რომ ამ მხრივ, მგონი, გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას და არ მგონია, რომ აქ ჩვენ საერთოდ სალაპარაკო გვქონდეს რაიმე სახელმწიფოებრივ ღირებულებებზე. როცა ის საუბრობს ამა თუ იმ ორბიტაზე, ამა თუ იმ სახელმწიფოსთან დაკავშირებაზე, თუ ა.შ. მე მგონი, მისი განცხადება, რომ ის მხარს უჭერს საკუთარი სახელმწიფოს გაუქმებას… შეგახსენებთ მოტივაციას, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ჩვენი შინნაზარდი ძალად ევროპელები ყველას ექომაგებიან საქართველოს და საკუთარი ქვეყნის გარდა და შეგახსენებთ, რა იყო დასაბუთება, ქალბატონი სანდუსი – მისი დასაბუთება იყო არა ის, რომ მოლდოველ ხალხს და რუმინელ ხალხს რაღაც კავშირი აქვთ და ა.შ. მისი დასაბუთება იყო, რომ მოლდოვა არის პატარა სახელმწიფო, პატარა სახელმწიფო ვერ გადარჩება და ამიტომ უნდა შეუერთდეს დიდ სახელმწიფოს. ეს იყო მისი მოტივაცია და არა ის, რომ კულტურული, თუ ეროვნული კავშირები არსებობს მოლდოველებსა და რუმინელებს შორის“- აცხადებს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა. მისი შეფასებით, რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ.