თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის მიხედვით, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ პირს, გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სოციალურ ქსელში წერს მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
„გელა უძილაურის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დარჩა. სააპელაციო სასამართლომაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლევან ჯანგველაძე არის მოკლული შეკვეთით და ანგარებით!”- წერს ტარიელ კაკაბაძე „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობაზე ბრალდებული გელა უძილაურის დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული გელა უძილაური ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ბ დ ნ” ქვეპუნქტებით, 19/109-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით და 236-3-4 ნაწილებით.




