შალვა პაპუაშვილი – არანაირი ლობისტური მომსახურება არ გვჭირდება – არა ვიცი, სწორია თუ არა ის, რაზეც The Hill-ის სტატიაშია საუბარი, ჩვენ ამ საკითხთან არანაირი კავშირი არა გვაქვს და არანაირ დაცვას ქართველი ხალხი არ საჭიროებს!

არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად არანაირი ლობისტური მომსახურება ჩვენ არ გვჭირდება – არა ვიცი, სწორია თუ არა ის, რაზეც “The Hill“-ის სტატიაშია საუბარი, ჩვენ ამ საკითხთან არანაირი კავშირი არა გვაქვს და არანაირ დაცვას ქართველი ხალხი არ საჭიროებს! , – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “The Hill“–ის სტატიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის მიხედვით, “MEGOBARI აქტის” მიმართ წინააღმდეგობას ტეხასის ნავთობკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სტივ ნიკანდროსი ლობირებს.
აღნიშნულ თემაზე დასმული კითხვის პასუხად, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ “ქართველი ხალხის დამცველია ის საქმე, რაც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გაგვიკეთებია“.
პაპუაშვილის თქმით, “საჭიროა გააზრებულ იქნას, რა როლი აქვს თავის დროზე საქართველოს შეტანილი -სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში“.
აღნიშნულ სტატიაზე საუბრისას მან რამდენჯერმე აღნიშნა, “ქართველ ხალხს არაფერი დასაცავი არა აქვს“.
“საქართველოს ხელისუფლების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არაფრის ლობირებას არ ვაპირებთ და არ ვსაჭიროებთ. ქართველ ხალხს ბევრი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში ეჩვენებინა, რომ ვართ ქვეყანა, რომელსაც ამ ურთიერთობიდან არა მხოლოდ სარგებლის მიღება სურს, არამედ მზად არის მხარში დაუდგეს მას, ვისთანაც სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. ჩვენ ამერიკელ ხალხს და ამერიკის ხელისუფლებას გვერდით არაერთხელ დავუდექით. ამას წინ დანიის განცხადებას ვისმენდით მათ ავღანეთში მონაწილეობასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ საქართველო ავღანეთში ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი სამხედრო კონტინგენტით იყო წარმოდგენილი. საქართველო ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის მეოთხე იყო კონტინგენტის რაოდენობით. საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ყველაზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა ომში, სადაც ჩვენ ამერიკელების მხარდამხარ ვიბრძოდით. როცა ამის საპირწონედ “ჰელსინკის კომისიის“ თუ ცალკეული კონგრესმენების მხრიდან ანტიქართულ რიტორიკას ვხედავთ, ეს ამ ადამიანების მხრიდან ქართველი ხალხის წვლილის დაუფასებლობას აჩვენებს ჩვენს საერთო საქმეში და ერთმანეთის გვერდით დგომაში.
ზოგადად ვფიქრობთ, რომ ლობიზმის სისტემა არ არის სწორი, როდესაც ვხედავთ, რომ რაღაც ლობისტური ძალისხმევით, ინტერესებით, სარგებლის სანაცვლოდ და არა გულწრფელი პოლიტიკური მოტივაციითა და იდეებით ესა თუ ის მოქმედება ხდება. ეს თავად ამერიკაშიც არაერთხელ გამხდარა სკანდალის საფუძველი.
მთავარია ერთი რამ – უნდა შეწყდეს ანტიქართული რიტორიკა იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.