შალვა პაპუაშვილი – BBC-ის ფილმთან დაკავშირებულ რეაგირებაზე დავაანონსეთ: – არ იქნება BBC-ი? – იქნება კომუნიკაციების კომისია, არ იქნება კომუნიკაციების კომისია? – იქნება ბრიტანეთის სასამართლო, არ იქნება ბრიტანეთის სასამართლო? – იქნება სტრასბურგი

BBC-ის ფილმთან დაკავშირებულ რეაგირებაზე ჩვენ დავაანონსეთ: – არ იქნება BBC-ი? – იქნება კომუნიკაციების კომისია! არ იქნება კომუნიკაციების კომისია? – იქნება ბრიტანეთის სასამართლო! არ იქნება ბრიტანეთის სასამართლო? – იქნება სტრასბურგი, სადაც “ქართული ოცნება“ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას უჩივლებს! – იქ მოპასუხე ხელისუფლება იქნება და ჩვენ აქამდე მივალთ, თუკი ბრიტანეთის მართლმსაჯულება ვერ შეძლებს, რომ ამგვარ საძაგელ ცილისწამებას თავად გაუმკლავდეს! – გამოცდილება გვეუბნება, რომ სადაც საქართველოს სახელმწიფო და მისი დღევანდელი ხელისუფლება ევროპელებთან სტრასბურგში პირისპირ აღმოჩენილა, ყველგან მოგვიგია! აქაც ზუსტად ასე მოვიგებთ, თუკი ბრიტანეთის პატიოსანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფას თავად ვერ შეძლებს! – ეს განცხადება დღეს მედიასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პაპუაშვილი ასევე BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების ევროკომისიისადმი მიმართვას გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, “ევროპარლამენტში ფულს იღებენ“.
“ევროკავშირში დღემდე არ არის ისეთი სისტემა, როგორც -ში FARA-ს სახით და არ ვიცით, ვინ რა ფულს იღებს. არა და, ჩვენ ვიცით, რომ ევროპარლამენტში ფულს იღებენ – ვნახეთ ამის კადრებიც, ფულიც, ვიცე-სპიკერი დონეზე როგორ ხდება საქმის ფულით გაკეთება. არც ერთი ამ ადამიანის მიმართ ნდობა არა მაქვს, რომ მათ ამ საკითხში რაიმე საკუთარი პოლიტიკური მოტივაცია გააჩნიათ.
თავად ის პოლიტიკური სკანდალები, რომელიც ევროპარლამენტში ბოლო პერიოდში ძალიან ხშირია, რა თქმა უნდა, წარმოშობს ეჭვს, რომ აქაც საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებებთან – ვიღაცების ხმაურის მოტივაცია არის ეს!
რაც შეეხება საკითხს. რამდენი ხანი გავიდა, ჩვენ ჩვენი გავაკეთეთ – ჩატარდა გამოძიება, გამოძიებამ ყველა კითხვას პასუხი გასცა და იქვე თქვა, რომ თუკი რაიმე საკითხია, რაზეც პასუხი არ არის, აგერ არის გამოძიების მასალები და თუ ნებისმიერ რელევანტური უცხოურ ორგანიზაციას ინტერესი აქვს, მობრძანდით და ყველაფერს დეტალურად გაგაცნობთ. მე გარკვეული ირონიით ისიც დავამატე: – თუ გინდათ ბილეთს ჩვენ გიყიდით-თქო. თქვენი აზრით, რამდენმა მიმართა პროკურატურას თუ მთავრობას?! არც ერთმა არ მიმართა! არ მიმართეს, რადგან რომ ჩამოვიდნენ და მასალები გადაშალონ, შემდეგ ხომ უნდა თქვან: დეზინფორმაციას ვავრცელებდით, ქართველ ხალხს ცილს ვწამებდით და პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს ვიგონებდით. ამასაც ხომ მოფიქრება უნდა! – მართლა გებელსის ტვინი უნდა იდოს ვიღაცაში, რომ ასეთი დიდი ტყუილები შეთხზა, რათა შემდეგ ვიღაცამ იფიქროს, ასეთ დიდ ტყუილსაც ხომ არ იტყოდნენო.
იცით, რომ ჩვენ BBC-ის ვუჩივლეთ. სამწუხაროდ, იქ კანონი მედიის მაყურებლების თუ დაზარალებულის მიმართ ისე გამართული არ არის, როგორც საქართველოშია. რას ვიზამთ, ასეთი ცუდი კანონია – ჯერ შიგნით უნდა განიხილონ! სამწუხაროა, რომ BBC-სგან წინსწრებით დაფიქსირდა პოზიცია, რომ კრიტიკულ გადააზრებას არ აპირებენ და თავის ჟურნალისტებს მხარს უჭერენ. იცავენ მედიას ისე, რომ ჯერ ჩვენს განცხადებას, რომელიც საკმაოდ მოცულობითია, არც გაცნობიან, რა არგუმენტები და მტკიცებულებები გვაქვს. აქვთ წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად გაუმართავია ეს სისტემა დიდ ბრიტანეთში იმ მხრივ, რომ ობიექტური განხილვის შესაძლებლობა გვქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.