მიანიშნებს, ვისთან დებატებს არ აპირებს „ქართული ოცნება“

სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ამავდროულად არის „ქართული ოცნების“ ლიდერი, ჟურნალისტებთან ისაუბრა, ვისთან აპირებს დებატებს ხელისუფლებაში მყოფი პარტია, რომელსაც ის წარმოადგენს. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ამ დრომდეც არ არსებობს საკითხი, რაც ოპოზიციას მათ მიმართ ჰქონდა და არ უპასუხეს.
„ამ დებატებში არის საქართველოს ხელისუფლება ისედაც განუწყვეტლივ. [ასეთია] დღეს ჩემი ბრიფინგი-კომენტარი, პრემიერ-მინისტრის, რომელიც კვირაში ერთხელ ყველა მედიასთან არის [კითხვას პასუხობს]… იმის გათვალისწინებით, რომ რადიკალი ოპოზიციური პარტიების ტელევიზიები არიან, ხომ იმ პარტიებთან დებატი გამოდის, როდესაც მათი მედიის წარმომადგენლები არიან მონაწილე ამგვარი ინტერაქციია“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა, თუ ვის მიიჩნევენ იმ ოპონენტებად, რომელთანაც დებატებისთვის მზად არიან:
„ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს. ვინც არ აღიარებს, ის საქართველოს კონსტიტუციას მტრობს და რა თქმა უნდა, რთული იქნება, ასეთი დებატების მონაწილეები ვიყოთ“.
„ქართული პარტია“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი პარტიიდან სამს კონსტიტუციის დამრღვევად მიიჩნევს: „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გაუქმების მოთხოვნით კი საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა. ამ ოთხიდან მხოლოდ ერთია („გახარია საქართველოსთვის“), რომლის გაუქმებასაც არ ითხოვს, თუმცა მისი ლიდერის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა – გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.
ოპონენტებზე საუბრის შემდეგ პაპუაშვილმა ისიც თქვა, თუ რომელ მედიაში მისასვლელად არის მზად ხელისუფლებაში მყოფი პარტია.
„რადიკალების კუთვნილი ტელევიზია დღემდე არ აღიარებს საქართველოს კონსტიტუციას, დემოკრატიას და ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს. რადიკალების ტელევიზიები კონსტიტუციურ წესრიგს უნდა დაუბრუნდნენ და ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, ამგვარ პარტიულ ტელევიზიაში ჩვენი მონაწილეობა განვიხილოთ“, – თქვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნება“ პარტიულ ტელევიზიებად მოიხსენიებს „ფორმულასა“ და „TV პირველს“.
ერთი კვირის წინ, 22 იანვარს, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დებატებისა და აზრის გამოხატვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. განსხვავებული აზრის „ჩახშობაში“ ევროპელ „არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველები“ დაადანაშაულა მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღებულმა კანონებმა საქართველოში მნიშვნელოვნად შეზღუდა დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
დაპირისპირებული და გახლეჩილი გარემოს შექმნაში „ქართული ოცნების“ ლიდერი საკუთარი გუნდის პასუხისმგებლობას მხოლოდ მის „გამოსწორებაში“ ხედავს:
„ჩვენ ვალდებული ვართ, ეს არაჯანსაღი ვითარება გამოვასწოროთ; ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს“.
უკვე მე-14 წელი დაიწყო, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია. განსაკუთრებით ბოლო ორ წელში მიღებული კანონებით, მნიშვნელოვნად შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება. დემონსტრაციების ტროტუარზე გამართვის წესიც კი კანონით განსაზღვრეს. გარდა ამისა, ახალი კანონებით მედიასაშუალებებს შეზღუდული წვდომა აქვთ გრანტებზე.