პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას, რომ სააპელაციო სასამართლომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში უცვლელად დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ჯანგველაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გელა უძილაურს 24 ოქტომბერს უვადო პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა.
პროკურატურა უძილაურს „შეკვეთითა და ანგარებით განზრახ მკვლელობას“ ედავებოდა.
„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება. ამ მიზნით ბრალდებულ ოთარ რომანოვ ფარცხალაძესთან შეთანხმების შესაბამისად ბრალდებული მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც გაანდეს მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა, რაზეც მისგან მიიღეს თანხმობა და სამივე მათგანმა დაიწყო დანაშაულის შემსრულებლის მოძიება. ამ მიზნით ბრალდებულებმა შეარჩიეს და კომუნიკაცია დაამყარეს გიორგი ჯოხაძის ნდობით აღჭურვილ და დაახლოებულ პირთან გელა უძილაურთან, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მიღებული ჰქონდათ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის შეკვეთა და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც მსჯავრდებული უძილაური დათანხმდა“, — წერს უწყება.
გელა უძილაური ჩადენილს არ უარყოფდა, სასამართლოშიც ბოლო მომენტამდე ამტკიცებდა, რომ ლევან ჯანგველაძის მიმართ პირადი ანგარიშსწორებით, დაუგეგმავად იმოქმედა და მკვლელობა არავის შეუკვეთია. ჯანგველაძის ოჯახი მკვლელობის შემკვეთად ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ასახელებს.
ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 14 მარტს მოკლეს. თვითმხილველთა თქმით, მკვლელმა რამდენჯერმე გაისროლა და მიიმალა, რაც მოგვიანებით დადასტურდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებითაც. გელა უძილაური 17 მარტს დააკავეს.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია არაერთი პირი, რომელსაც პროკურატურა თავის განცხადებაში ახსენებს. დაუსწრებლად აქვს ბრალი წარდგენილი და იძებნება ყოფილი მთავარი პროკურორი, აწ რუსეთის მოქალაქე და აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე. ძმები მიქაძეებიდან დაკავებულია გიორგი მიქაძე, დავით მიქაძეს კი ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი და იძებნება. დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი ამავე საქმეზე ბრალდებულ გიორგი ჯოხაძესაც, რომელიც ასევე არ იმყოფება საქართველოში. დაკავებულია მამუკა ბაღდავაძე, რომელსაც დანაშაულის დაფარვასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლას ედავებიან. ბრალდებულთა შორის არიან გიორგი კაჭკაჭიშვილი (ბრალდების მიხედვით, მონაწილეობდა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენაში გიორგი ჯოხაძესთან ერთად), სანდრო წივწივაძე (პირი, ვისგანაც იყიდეს ცეცხლსასროლი, მათ შორის, მკვლელობის იარაღი) და მიქაძის დაცვის წევრი ლაშა მაისურაძე. დავით მიქაძის დაცვის წევრს ადვოკატის მიმართ შესაძლო ჯგუფური მუქარის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
„2025 წლის 15 თებერვალს გიორგი ჯოხაძე გელა უძილაურს თბილისში სასტუმრო ,,თბილისი თაუერი“-ს შენობასთან შეხვდა. სასტუმროში ასევე მივიდნენ დავით და გიორგი მიქაძეები. გიორგი ჯოხაძემ და გელა უძილაურმა დანაშაულის ჩასადენად აუცილებელი დეტალები განიხილეს, მათ შორის გელა უძილაურს მიაწოდა დავით და გიორგი მიქაძეებისგან მიღებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის და დაბინავების შესახებ. შესაბამისად გელა უძილაურს დაავალა ლევან ჯანგველაძის თვალთვალი, მკვლელობისთვის შესაფერისი დროის და ადგილის შერჩევის მიზნით.
ლევან ჯანგველაძე საქართველოში 2025 წლის 16 თებერვალს ჩამოვიდა და სასტუმრო „ამბასადორში“ მივიდა. გელა უძილაურმა იცოდა რა ლევან ჯანგველაძის ადგილსამყოფლის შესახებ ისიც სასტუმრო „ამბასადორთან“ მივიდა, თუმცა ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა ვერ განახორციელა მისთვის ხელსაყრელი პირობების არარსებობის გამო. 2025 წლის 23 თებერვალს ლევან ჯანგველაძემ საქართველოს ტერიტორია დატოვა.
2025 წლის მარტის თვეში ბრალდებულმა ძმებმა მიქაძეებმა გიორგი ჯოხაძის საშუალებით გელა უძილაურს ინფორმაცია მიაწოდეს ლევან ჯანგველაძის 14 მარტს საქართველოში ჩამოსვლის და გადაადგილების შესახებ, შესაბამისად ამ უკანასკნელმა დაიწყო აქტიური მზადება ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის სისრულეში მოყვანის მიზნით.
14 მარტს ლევან ჯანგველაძე გამოემგზავრა საქართველოში. აღნიშნული ინფორმაცია გიორგი ჯოხაძემ და ძმებმა მიქაძეებმა გელა უძილაურს მიაწოდეს. გელა უძილაური ცეცხლსასროლი იარაღით თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მივიდა და ლევან ჯანგველაძის მისვლას დაელოდა, რომელიც მის მეგობართან ერთად პანაშვიდზე იმყოფებოდა. იმ დროს, როდესაც ლევან ჯანგველაძე მეგობართან ერთად ფეხით გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, გელა უძილაურმა მისი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლევან ჯანგველაძე ადგილზე გარდაიცვალა. განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდგომ, მსჯავრდებულმა გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძის თანმხლები პირის მიმართულებით მისი მოკვლის მიზნით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად დაზარალებულმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო“, — ასეთია ლევან ჯანგველაძის მკვლელობაზე ოფიციალური ვერსია.




