FT: უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს დონბასის დათმობის შემთხვევაში

აშშ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას უკავშირებს კიევის მიერ რუსეთისთვის დონბასის დათმობას. ამის შესახებ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ რვა წყარზე დაყრდნობით წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.
წყაროთა თანახმად, თუ დასთანხმდება ამ რეგიონში მის მიერ კონტროლირებული რაიონებიდან ჯარების გაყვანას, ვაშინგტონმა შესაძლოა, გაზარდოს მშვიდობიან პერიოდში უკრაინის არმიისთვის იარაღის მიწოდება.
ამასთან, როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, გაურკვეველია, აიღებს თუ არა რაიმე ფორმალურ ვალდებულებას. უკრაინელმა მაღალჩინოსანმა Financial Times-ს უთხრა, რომ აშშ ყოველ ჯერზე ჩერდება, როცა საქმე ეხება უსაფრთხოების გარანტიების ხელმოწერას.
ბრიტანული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილე ანა კელიმ. მისი განცხადებით, სამშვიდობო პროცესში აშშ-ის ერთადერთი როლი შეთანხმების მისაღწევად მხარეთა დაახლოებაა.
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი, რომელიც უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული, Financial Times-ის პუბლიკაციას 27 იანვარს გამოეხმაურა სოციალურ ქსელ Х-ში გამოქვეყნებული პოსტით. „დონბასიდან ჯარების გაყვანა არის გზა მშვიდობისკენ უკრაინაში“, – დაწერა დმიტრიევმა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ უთქვამს, რომ ტერიტორიების დათმობას ვერ დასთანხმდებიან.
25 იანვარს ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის დოკუმენტი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „ასი პროცენტით მზად არის” და ელოდება პარტნიორების მზადყოფნას, დანიშნოს ხელმოწერის თარიღი და ადგილი.
უკრაინამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა 23-24 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გამართეს პირველი სამმხრივი მოლაპარაკება, რომელზეც ომის დასრულების პირობები განიხილებოდა.
სამმხრივი მოლაპარაკება უახლოეს დღეებში უნდა გაგრძელდეს.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 26 იანვარს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთისთვის „ტერიტორიულ საკითხს პრინციპული მნიშვნელობა აქვს“.