ბოლშევიკურ „კომუნისტურ” პარტიაში, სადაც ბევრად უფრო ორგანიზებული და პრაქტიკული ხალხი მუშაობდა, მუდმივად მიდიოდა შიდა პარტიული წმენდა, დევნა და ერთმანეთის ჭამა – ავტორიტარული რეჟიმები ასე მუშაობენ და არ არსებულა ავტორიტარული რეჟიმი, რომელსაც სხვანაირად უარსებია! – ამ კონტექსტში აფასებს პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის ილია ღუდუშაურის დაკავებას.
როგორც ფავლენიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, “ბიძინა ივანიშვილმა ტექნიკური კუთხით ძალაუფლება “ირაკლი კობახიძის კლანს“ გადასცა, რომელთაც ურჩევნიათ, ყველგან თვითონ იყვნენ და სხვადასხვა სფეროში კონკურენტები გაქრნენ“.
ფავლენიშვილის თქმით, ქვეყანა ოლიგარქიულ-კორუფციული სქემებით იმართება და კორუფცია მართლა რომ მოისპოს, ასეთ სისტემურ ცვლილებას თავად “ქართული ოცნება“ ვერ გაუძლებს.
“ასეთი ტიპის რეჟიმები მუდმივად ქმნიან კრიზისს როგორც პარტიის გარეთ, ასევე პარტიის შიგნით, ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. მათ ნორმალურ, კონსტრუქციულ პირობებში ოპერირება არ შეუძლიათ. შესაბამისად, მუდმივად სჭირდებათ მტრის ხატი, მუდმივად სჭირდებათ დამნაშავე და რეპრესიების ახალი სამიზნეები.
ავტორიტარულ რეჟიმებში არსებობს ბელადი. ბელადს ქვემოთ მოდიან კლანები და სხვადასხვა ჯგუფები, რომელიც ერთმანეთთან მუდმივ ქიშპობაში არიან.
დღეს, ივანიშვილისგან ტექნიკური კუთხით ძალაუფლება ირაკლი კობახიძის კლანს აქვს მიცემული. რაც ზედაპირზე ჩანს ისაა, რომ იმ ხალხს უკვე ძალიან ბევრი ფული ჰქონდა ნაშოვნი. ჩვენი პარტია საუბრობდა სქემებზე, რომლის თაობაზეც ივანიშვილი ინფორმირებული იქნებოდა, მაგრამ ამ სქემებში შესაძლოა ფული იმაზე დიდი დოზით იყო, ვიდრე ივანიშვილი იყო ინფორმირებული. მარტივად რომ ვთქვათ – ივანიშვილს ფულს “უტეხავდნენ”. სისტემა ასე მუშაობს: – ივანიშვილი არის მთელი ქვეყნის მთავარი ბუღალტერი, მან ქართული სახელმწიფო მიიტაცა და აქვს შპს “საქართველო“. ივანიშვილმა სხვადასხვა სფერო სხვადასხვა ადამიანს ჩააბარა და ფეოდალების ეს ჯგუფი მუდმივად ივანიშვილის ელიტაში იყო. ისინი ძალიან დიდ ფულზე და ბევრ კონტაქტზე გავიდნენ. შეიძლება რუსეთთანაც “გაჭრეს“ ისეთი არხები, რაც ივანიშვილისთვის მიუღებელი იყო, რადგან მას კარგად ესმის, რომ მონოპოლია უნდა ჰქონდეს ერთი მხრივ, ფინანსურ ძალაუფლებაზე და მეორე მხრივ, რუსეთთან კავშირებზე, იგივე ფარცხალაძე და ლილუაშვილი ისეთ კონტაქტებზე გავიდნენ, იმდენი ფული იშოვეს და დაუმალეს, რომ ივანიშვილისთვის საშიში გახდნენ. ივანიშვილს 90-იანი წლების რუსული ქრონიკებიდან გამოყოლილი უნარები აქვს – ხედავს საფრთხეს, საფრთხის შემცველ პიროვნებას და მოქმედებს საფრთხეზე რეაგირების რეჟიმში.
რაც შეეხება კობახიძეს და მის კლანს, მას ისეთი ფინანსური რესურსი და კავშირები არა აქვს, რაც ივანიშვილისთვის ამ ეტაპზე ისევე საშიში იქნება, როგორც ძველი კლანის შემთხვევაში იყო. ამას ისიც დაემთხვა, რომ კობახიძის და მისი გუნდის განცხადებები ივანიშვილისთვის უფრო მეტად მისაღები იყო. კობახიძის კლანსაც აწყობს ის, რაც ხდება – ურჩევნიათ, ყველგან თვითონ იყვნენ და სხვადასხვა სფეროში მათი კონკურენტები გაქრნენ. ძველი კლანი ჩამოიშლება, დაინგრევა და შესაბამისად, ყველა რესურსი და ბერკეტი კობახიძის კლანის ხელში გადავა.
ამ ქვეყანაში კორუფცია რომ მოსპო, ივანიშვილის რეჟიმი მოისპობა, რადგან ოლიგარქიული რეჟიმია და შავი სქემებით იმართება – ქვეყანა “ქოლ-ცენტრების” ჰაბად იქცა, ტენდერებიდან ფულის “მოტეხვა“ აუცილებლობის ნაწილია და თუ კორუფცია მოსპე, ასეთ სისტემურ ცვლილებას თავად “ოცნება“ ვერ გაუძლებს, რომელიც „ქართულ-ჯიგრული პონტის“ პრინციპით არის შედუღაბებული“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
რაც შეეხება პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს, მათ შორის სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, ფავლენიშვილი აღნიშნულს იმ გარემოებით ხსნის, რომ “ახლა ივანიშვილს რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნის გარდა, არაფერი შეუძლია“.
ფავლენიშვილის თქმით, “ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმურობის კრიზისი აქვს და აგრესიული ხასიათის რეპრესიულ ქმედებებზე სწორედ ლეგიტიმურობის კრიზისის გადასაფარად მიდის“.
“მას არანაირი ლეგიტიმაცია არა აქვს და როდესაც ჩვენ არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე ვსაუბრობთ, ეს კონკრეტულ პოლიტიკურ მოცემულობაში გამოიხატება. ხელისუფლების პროპაგანდამ საზოგადოების რაღაცა ნაწილი დაარწმუნა, თითქოს შესაძლებელია ქვეყანაში ვიღაცამ კრიზისი ხელოვნურად შექმნას. როგორც ხელოვნურად შექმნილი რევოლუციები არ არსებობს, ასევე შეუძლებელია ხელისუფლებას ხელოვნურად ლეგიტიმაციის კრიზისი შეუქმნა, როგორი მოწადინებულიც არ უნდა იყოს ოპოზიცია.
როდესაც ქვეყნის საგარეო კურსის აბსოლუტურად საპირისპირო ნაბიჯები გადადგი და კურსი შეცვალე, როცა კონსტიტუციით განსაზღვრულ სამოქალაქო უფლებებს ებრძვი და არჩევნები ფორმალობაღა არის, რისი მკაფიო სურათიც საზოგადოებამ ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე იხილა, შენ გაქვს ლეგიტიმურობის კრიზისი და სწორედ ლეგიტიმურობის კრიზისის გადასაფარად მიდიხარ აგრესიული ხასიათის რეპრესიულ ქმედებებზე.
გვახსოვს ივანიშვილის მოდუსი 2020 წლამდე, როცა ის უფრო მეტად მიდიოდა კომპრომისებზე. განსხვავება რა არის? – ივანიშვილი მაშინ უფრო კეთილშობილი კი არ იყო და ახლა უფრო კი არ გაბოროტდა – მაშინ ლეგიტიმურობის რაღაც ჩარჩოებში ჯერ კიდევ იყვნენ, ამიტომაც არ იყვნენ ასეთი აგრესიულები. ახლა ასეთი აგრესიული იმიტომ არიან, რომ ლეგიტიმურობის ჩარჩოს მიღმა არიან“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.




