ირაკლი ქადაგიშვილი – არ მინდა ვივარაუდო, რომ უკრაინის ელჩმა მისი ჩვენს ქვეყანაში დანიშვნა აქ ცოტა მაპროვოცირებელი განცხადებებისთვის გამოიყენოს – ვისურვებდი, რომ პოზიტიური ყოფილიყოს ეს ნაბიჯი

თუ უკრაინის მხარე ხედავს, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში მან ახალი ნაბიჯი უნდა გადადგას, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით – მე ვისურვებდი, ეს ნაბიჯი პოზიტიური ყოფილიყოს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ნათელია, რომ ხედვა, „საქართველო მეორე ფრონტი გამხდარიყო“, რთულად შესასრულებელი კი არა, თითქმის შეუძლებელია.
„რა თქმა უნდა, საქართველოს შეურაცხყოფა იყო, როდესაც მან [ზელენსკიმ] ელჩი გაიწვია. ყველა ელჩმა დატოვა , საქართველოს საელჩოს და არც ელჩს არ დაუტოვებია, არც დროშა ჩამოგვიხსნია. ეს იყო ჩვენი პოზიცია, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია ისიც იყო, რომ ომს რუსეთს ვერ დავუწყებდით. ამიტომ ეს ხედვა, რაც ჰქონდათ, მას და ბევრს, რომ საქართველო მეორე ფრონტი უნდა გამხდარიყო, დღეს ნათელია, რომ ეს რთულად შესასრულებელი კი არა, თითქმის შეუძლებელიც არის. ხედავთ, რომ გარკვეული მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს ამ ომის ასე თუ ისე დასრულებასთან დაკავშირებით. შედეგი, როგორც ჩანს, ახლო მომავალში არ იქნება, მაგრამ თუ უკრაინის მხარე ხედავს, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში მან ახალი ნაბიჯი უნდა გადადგას, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით.
თუ [ურთიერთობების გადატვირთვის] მიზნით არის, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ მივესალმებით. არ მინდა ვივარაუდო, რომ ელჩმა აქ ცოტა მაპროვოცირებელი განცხადებების არენად გამოიყენოს მისი ამ ქვეყანაში დანიშვნის საკითხი. მე ვისურვებდი, რომ პოზიტიური ყოფილიყოს ეს ნაბიჯი,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დანიშნა. უკრაინული მედიის ცნობით, მიხაილო ბროდოვიჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სამსახურში 1996 წლიდან მუშაობს. ბროდოვიჩი 2015–2022 წლებში სლოვენიაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.