იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია სალვინის მიერ სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მოვუსმინეთ ზელენსკის, რომელსაც მთელი მიღებული ფულის, ძალისხმევისა და დახმარების შემდეგ კვლავ აქვს პრეტენზიის გამოხატვის თავხედობა. ჩემო მეგობარო, შენ ომს აგებ, კარგავ ხალხს, ავტორიტეტსა და ღირსებას: რაც შეიძლება მალე მოაწერე ხელი სამშვიდობო შეთანხმებას. მოგიწევს არჩევანის გაკეთება დამარცხებასა და განადგურებას შორის“, – აღნიშნა იტალიის ვიცე-პრემიერმა.
მატეო სალვინის ამ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გეორგი ტიხი გამოეხმაურა. მან მადლიერება გამოხატა იტალიისა და იტალიელების მიმართ, რომლებსაც, მისი თქმით, სალვინისგან განსხვავებით, „ესმით, რომ ევროპაში მშვიდობის ბედი უკრაინაში ბრძოლის ველზე წყდება“.
„თუ ვიცე-პრემიერი შეშფოთებულია სამშვიდობო შეთანხმებით, ჩვენ ვურჩევთ მას მიმართოს არა უკრაინის პრეზიდენტს – ქვეყანას, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან – არამედ პუტინს, რომელმაც ეს ომი დაიწყო“, – წერს ტიხი.




