“ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმის მორიგი ტალღა „მტრის ხატის“ შექმნის მიზანს ემსახურება” | NGO-ების განცხადება

18 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმით „მტრის ხატის“ შექმნას ცდილობს. ენჯეოები წერენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ დაესხა თავს.
მათივე განცხადებით, დისკრედიტაციის მცდელობები იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც “ოცნების” მმართველობის პირობებში მოსახლეობისთვის ყველაზე მტკივნეულ და გადაუჭრელ პრობლემად მძიმე სოციალური ფონი, სიღარიბე და ინფლაცია რჩება.
„აშკარაა, რომ ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმის მორიგი ტალღა წინასაარჩევნო პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილია, იმეორებს რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ ნარატივს და „მტრის ხატის“ შექმნის მიზანს ემსახურება. სამწუხაროდ, ეს არ არის მმართველი პარტიის მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაციის პირველი მცდელობა. მსგავსი საინფორმაციო თავდასხმა ხელისუფლებამ გამოიყენა 2020 წლის საპარლამენტო ს წინაც. 2023 წლის გაზაფხულზე „ქართულმა ოცნებამ“ უშედეგოდ სცადა, რუსული კანონის მიღებით უცხოეთის აგენტის იარლიყით მოენიშნა საერთაშორისო დაფინანსების მიმღები ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, საზოგადოებაში დაპირისპირების პროვოცირება, კონკრეტული ადამიანებისა ან ორგანიზაციების პოლიტიკური დევნა, მათ წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის წარმოება და საკუთარი ამომრჩევლების დარაზმვის მცდელობა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე ვიწროპარტიული მიზნების მიღწევას ცდილობს. მათი განცხადებით, მტრული რიტორიკა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ ეწინააღმდეგება როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციურ ღირებულებებს, ასევე ევროკავშირის მოთხოვნებს, გადაიდგას ნაბიჯები პოლარიზაციის დასრულებისკენ. „საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მიზანმიმართული სიძულვილის კამპანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ, გადადგას ნაბიჯები მათთან პარტნიორული და საქმიანი კომუნიკაციის დასამყარებლად და უარი თქვას წინასაარჩევნო კამპანიაში პოლარიზაციის ინსტრუმენტალიზაციაზე“, – წერია განცხადებაში.
საერთო განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:
· დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი;
· უფლებები საქართველო;
· აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD);
· მწვანე ალტერნატივა;
· სასამართლოს გუშაგი;
· მედიის განვითარების ფონდი (MDF);
· დემოკრატიის მცველები;
· ლიბერალური აკადემია თბილისი;
· საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი);
· ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
· საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
· საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
· ღია სივრცე კავკასია (COS);
· მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი (CMIS);
· ადამიანის უფლებათა ცენტრი;
· მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC);
· ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI);
· ფრანკლინის კლუბი.