საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის პირველი კომენტარი “ქართული ოცნების” განცხადებაზე, რომელმაც დებატებზე დაბრუნების პირობა დადო – სალომე ზურაბიშვილმა Facebook live-ში ჩართვის დროს თქვა, რომ იმ ფონზე, როდესაც ციხეები გადავსებულია სინდისისა და პოლიტიკური პატიმრებით, ქვეყანამ კი საგარეო ვექტორი შეიცვალა, დებატები და დისკუსია “დაცინვაა”.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, “დებატები დღეს არ არის მიზანშეწონილი” და “ოცნების” მიზანი აღნიშნულ თემაზე ოპოზიციის შიგნით არეულობის შეტანაა.
[დებატები] დღეს არის ერთის მხრივ უაზრო მცდელობა “ქართული ოცნების”, მეორე, ნათელი არის, რომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა რომ ოპოზიციაში შექმნან რაღაც სხვადასხვა მოსაზრებები – ვიღაცა გამოვიდეს და თქვას, რომ მე წავალ, მეორემ თქვას რომ მე არ წავალ და ამაზე ატყდეს კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი.
ამიტომ, დებატები არ არის დღეს მიზანშეწონილი. გამოუშვან სინდისის პატიმრები, გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები, დაიწყონ ნამდვილი, ახალი, საზოგადოებასთან და არა ოპოზიციასთან, სხვა ურთიერთობა, არა ძალადობრივი და არა მუქარით, არა კანონების მიღებით, რომელიც არავისთან არ არის განხილული წინასწარ, რომ შეცვალეს კანონმდებლობაში, რომ პარლამენტში აღარ არის საჭირო განხილული იყოს კანონი საზოგადოების წარმომადგენლებთან, სანამ იქნება მიღებული. ეს ყველაფერი არის ჯერ შესაცვლელი იმისთვის, რომ ვინმემ დაიჯეროს, რომ შეიძლება ამ რეჟიმთან რამე ტიპის დიალოგი, თუ დებატი თუ რაც იქნება,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რამდენიმე დღის წინ, ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური დებატების დაბრუნება დააანონსა. თუმცა, “ოცნება” ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდა, ვისთან და რომელ არხზე დაჯდება სადებატოდ. ივანიშვილის გუნდში ისევ არ აკონკრეტებენ, დასხდებიან ოპონენტებთან ერთ კონკრეტულ არხზე თუ კრიტიკული არხებისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს შეწყვეტენ.
“ოცების” დეპუტატი ნინო წილოსანი პირდაპირ ამბობს, რომ ასაკრძალი პარტიების წარმომადგენლებთან დებატებში არ შევა. მისი თქმით, ეშინია, რომ დებატების დროს ფიზიკური დაპირისპირება არ მოხდეს.




