დენის შმიჰალის თქმით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებებს მიაღწია “ახალი პრაგმატიზმის” პოლიტიკის ფარგლებში

უკრაინას გადაწყვეტილი აქვს, ორივე მხარისთვის მომგებიანი ურთიერთობები ააწყოს სლოვაკეთის მთავრობასთან, განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა 24 იანვარს. ასეთი კომენტარი გააკეთა მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან შეხვედრის შემდეგ.
„მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, გადაწყვეტილი გვაქვს, სლოვაკეთის მთავრობასთან ჩამოვაყალიბოთ ‘ახალი პრაგმატიზმის' პოლიტიკა, რაც ორივე მხარეს მოუტანს სარგებელს“, – განაცხადა მან.
მან იმედი გამოთქვა, რომ ფიცოსთან შეხვედრა „ახალ გვერდს დაიწყებს“ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ფიცომ შმიჰალი სლოვაკეთში მიიპატიჟა.
„ბევრი თემაა, რომლებსაც განვიხილავთ… ჩვენ აქ ვართ, და გვსურს დახმარება გავწიოთ. ცხადია, არის პრობლემები, რომლებზეც შეგვიძლია სხვადასხვა აზრი გვქონდეს“, – თქვა მან.
შეხვედრის შემდეგ შმიჰალმა ისაუბრა შეთანხმებებზე, რომლებსაც მიაღწია ფიცოსთან:
· სლოვაკეთის მთავრობა არ დაბლოკავს უკრაინის მიერ სლოვაკეთის კომპანიებისგან იარაღისა და ტექნიკის შეძენას.
· ქვეყნები ითანამშრომლებენ სლოვაკეთის კომპანიების მიერ თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკის მიწოდებაში.
· მხარს დაუჭერს პროგრამა Ukraine Facility-ს, რომელიც უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.
· ფიცომ შმიჰალს პირობა მისცა „სრული მხარდაჭერის შესახებ უკრაინის ევროინტეგრაციულ სწრაფვაში“.
უკრაინისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები უკრაინის ქალაქ უჟგოროდში შეხვდნენ ერთმანეთს.
შეხვედრის წინ ფიცომ განაცხადა, რომ ის აპირებს უთხრას უკრაინის პრემიერს, რომ დაბლოკავს ნატოში უკრაინის შესვლას, ვინაიდან, მისი სიტყვებით, ეს „მესამე მსოფლიო ომის მუქარას ქმნის“.