არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს – მაქსიმალურად უნდა გამოვძებნოთ გზები ფასების შემცირებისთვის, ეს არის ჩვენი ამოცანა , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით პარლამენტის გადაწყვეტილებით საკანონმდებლო ორგანოში აუცილებლად შეიქმნება საგამოძიებო კომისია.
„პარლამენტში კომისია აუცილებლად შეიქმნება, ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება, რაც შეეხება კონკრეტულ კარტელურ შესაძლო გარიგებებს, ამაზე მე კომენტარს დღეს არ გავაკეთებ. დღეს გვაქვს შეხვედრა ქართველ მწარმოებლებთან, რომლებიც აწარმოებენ სასურსათო პროდუქციას ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მათგანაც მოვისმენთ ინფორმაციას. ჩვენ არ გვინდა, ბუნებრივია, ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთოთ, არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც სწავლობენ კარტელურ გარიგებებს და სათანადო საჭიროების შემთხვევაში იღებენ შესაბამის ზომებს. უნდა დაველოდოთ ასეთ ტიპის მოკვლევას. მანამდე მე მოვერიდები კონკრეტული განმარტების გაკეთებას. მთავარია მოვუსმინოთ ყველას და მაქსიმალურად ყველამ ერთად უნდა გამოვძებნოთ გზები ფასების შემცირებისთვის, ეს არის ჩვენი ამოცანა.
მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, შესაბამისად, გამოიკვეთება ფასნამატის წარმოქმნის ყველა ასპექტი და ამის საფუძველზე ჩვენ შეიძლება მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, მათ შორის კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები. ამას გვაჩვენებს უკვე სამუშაო პროცესი. მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე გაგრძელდება ეს სამუშაო პროცესი, რაც უკავშირდება ფასებს“ – განაცხადა კობახიძემ.




