გრძელვადიანი შედეგის მისაღწევად გვინდა, რომ სიღრმისეულად გამოვიკვლიოთ ფასნამატის მიზეზები და ამის საფუძველზე გრძელვადიანი გადაწყვეტა მოვუძებნოთ იმ პრობლემას, რასაც ჰქვია მაღალი ფასები, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ უკვე განცხადება შეიძლება გახდა საფუძველი იმისა, რომ ფასებმა გარკვეულ პროდუქტებზე დაიკლო, თუმცა ეს ვერ იქნება გრძელვადიანი.
„ეს პრობლემა არ არის ახალი, ამასაც მინდა ხაზი გავუსვა, მე მახსოვს, 2006 წლამდე ვცხოვრობდი გერმანიაში და როდესაც დავბრუნდი საქართველოში, იგივე პროდუქტებს საქართველოში აღარ ვყიდულობდი, რასაც მანამდე გერმანიაში. აქაც, მიზეზი იყო ის, რომ დაახლოებით ორმაგი იყო ფასები ზუსტად იდენტურ პროდუქტებზე. დიდი ხანია უკვე, წლებია, რაც ქვეყანას მოჰყვება ეს პრობლემა, ფასები არის უფრო მაღალი ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. შესაბამისად, ესეც აჩვენებს იმას, რომ საკმაოდ სერიოზული მუშაობა სჭირდება ამ პრობლემის გადაჭრას, რისთვისაც ჩვენ ვართ მზად“, – განაცხადა კობახიძემ.




