თენგო კირთაძე – გამორიცხულია, „ქართულმა ოცნებამ“ გამოასწოროს არსებითი პრობლემები, დღევანდელი ვითარება ხვალ და ზეგ სანატრელი იქნება, თუ რეჟიმი არ შეიცვალა

გამორიცხულია, „ქართულმა ოცნებამ“ გამოასწოროს არსებითი პრობლემები, რომელიც გვაქვს და რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სიღარიბეში ტოვებს ,- ამის შესახებ განაცხადა პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო კირთაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ გააკეთა.

მან სურსათის ფასების დარეგულირების საკითხზე ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს არის „ფარსი, რომელიც ახლა „ქართულ ოცნებას“ პიარისთვის სჭირდება“.

„კობახიძემ უნდა ისაუბროს კორუფციულ სისტემაზე, რის მსახურადაც ბიძინა ივანიშვილმა აქცია, მაგრამ ამაზე ხომ არ ილაპარაკებს. გამორიცხულია, „ქართულმა ოცნებამ“ გამოასწოროს არსებითი პრობლემები, რომელიც გვაქვს და რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სიღარიბეში ტოვებს. [ქართული ოცნება] არათუ არ გამოასწორებს, დღევანდელი ვითარება ხვალ და ზეგ სანატრელი იქნება, თუ რეჟიმი არ შეიცვალა. იზოლაციის სპირალი უფრო და უფრო ნეგატიურ შედეგებს მოიტანს ქვეყნისთვის“, – განაცხადა კირთაძემ.

მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ისეთივე სიყალბეა, როგორც ახლა სასურსათო ფასების დაწევის საკითხი.

„ეს მაგალითი ზუსტად აჩვენებს იმას, თუ რა სიყალბეა ფასების პროპაგანდა, რასაც აკეთებენ. პრობლემა მათი შექმნილი იყო. ანუ, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პრობლემა და შემდეგ ვითომ ბიძინა ივანიშვილმა მოაგვარა. , მდინარაძე და სხვებიც ზუსტად იგივე ინსტრუმენტები არიან მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილს ისინი სჭირდება. როგორც კი არ დასჭირდება, იმავენაირად მოისვრის, ან შეიძლება უფრო ცუდად მოისროლოს. ამაზე უნდა ვისაუბროთ და არა იმაზე, 5% რჩება დისტრიბუციას თუ ნაკლები, ეს არასწორი კუთხეა“,- განაცხადა თენგო კირთაძემ.

როგორც მან განმატა, ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება სწორედ ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის ბრალია.

„სასამართლო რომ მიტაცებულია,ივანიშვილის ბრალია, მის მიერ დანიშნული ჩინოვნიკები კორუმპირებული რომ არიან, მისი ბრალია და ამას უკვე თვითონაც აღიარებს. ღარიბაშვილმა ძალიან ბევრი ქრთამი რომ აიღო, ლილუაშვილმა ბავშვებს რომ საბავშვო ბაღიდან ფული მოჰპარა და ვიღაც თურქ ბიზნესმენებს მიჰყიდა მილიონ დოლარად, ეს ყოფილა თურმე „დიფ სტეიტის“ ბრალი და არა ბიძინა ივანიშვილის“,- განაცხადა კირთაძემ. მისი შეფასებით, ახლა ხელისუფლება ცდილობს, ბიზნესზე ფსევდო ზეწოლით მოაგვაროს სურსათზე ფასების ზრდის საკითხი, თუმცა, თენგო კირთაძის თქმით, ამ თემას რეალურად, ხელისუფლება პიარისთვის იყენებს.

„ოცნება საკუთარ თავს ხომ არ დასჯის. დავუშვათ, თუ [ბიზნესმენებს და დისტრიბუტორებს] რაღაცაზე გაურიგდება, იარაღით როცა ვიღაც დაგადგება, შეიძლება რაღაცაზე დაგელაპარაკოს და დაგაკლებინოს, რომ ეს პიარულად აჩვენოს, მაგრამ მეორე ჯიბიდან რა ტენდერს მისცემს, რა სუბსიდიას, კანონში რა ხვრელს შემოიტანს ირიბად, რომ ფული მისცეს, ამას ჩვენ ვერ გავიგებთ. ამიტომ, ბაზრის რომელიღაც მოთამაშეში შეიძლება მზაობა არსებობდეს, რომ ახლა გაუგონონ კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს თქვან, რომ მთავრობის სწორი მუშაობის შედეგად პრობლემები აღმოიფხვრა“,- განაცხადა კირთაძემ.

მისი თქმით, სწორედ ეს არის სამთავრობო პროპაგანდის ნაწილი.

„იარაღით ბევრ რამეზე შეიძლება ზემოქმედება. ბინას რომ ყიდდე და იარაღით დაგადგე, შეიძლება არა მხოლოდ ფასი დამიკლო, არამედ უფასოდაც გადმომიფორმო. ჩვენ დაახლოებით მსგავს რამეს ვხედავთ და ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგადად, მნიშვნელოვანია სწორი კუთხიდან დავუპირისპირდეთ ყოველთვის სამთავრობო პროპაგანდას. პოლიტიკა არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად, დასავლურ ქვეყნებშიც დაინტერესებულია, რომ თავისი შეცდომები არ გამოაჩინოს, არამედ სხვა მიზეზებს დააბრალოს. ავტორიტარული რეჟიმებში ისეთისთვის, როგორც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი კუთხიდან დაგვარტყან. ოპოზიცია მაღალ ფასებზეც ყვიროდა და სისტემურ კორუფციაზეც. სისტემური კორუფცია უკვე თვითონ დაადასტურეს“ – განაცხადა კირთაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ