ბაზარზე კრემ თაფლის მწარმოებელი ბრენდი “სურები” გამოჩნდა. “ეს პროდუქტი მთელს მსოფლიოში ძალიან მოთხოვნადია, საქართველოსთვის კი ჯერ კიდევ ახალია”, – აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი ნუკრი კიკაბიძე BMG-სთან საუბრისას.
თაფლს გურიის მაღალ მთიან სოფელ სურებში არსებული ცნობილი მეთაფლეობის კერიდან იღებენ, მისი კრემირება და პროდუქტის წარმოება კი ჩოხატაურის რაიონში მიმდინარეობს. კიკაბიძე აღნიშნავს, რომ ორი მთავარი მიზანი აქვთ – რეგიონში მყოფ მეფუტკრეებს ხელი შეუწყონ და ახალი პროდუქტი ქართველი მომხმარებლისთვის საინტერესო გახადონ.
“სურებში ძალიან განსაკუთრებული, ნატურალური თაფლი იწარმოება. ამჟამად ხუთ მეფუტკრესთან ვთანამშრომლობთ, მხოლოდ მათთან, ვისაც ვიცით, რომ სწორი ტექნიკით დამზადებული, ნატურალური თაფლი აქვს, რომელიც შემდგომში, საექსპორტო პროცესების დროს, ლაბორატორიულ შემოწმებას თავისუფლად გაივლის.
ნატურალური თაფლის მიღების შემდეგ სპეციალური ტექნოლოგიით თაფლის კრემირებას ვიწყებთ. სულ ოთხი სახეობა გვაქვს. ვიყენებთ სუბლიმირებულ ხილსაც, იქნება ეს ჟოლო, ლიმონი, ჯინჯერი თუ სხვა. ერთ-ერთი სახეობა კაკაოთი და თხილის ფქვილით იქმნება. ძალიან საინტერესო და მოთხოვნადი პროდუქტია, ამიტომ, გვინდა, რომ ქართულ ბაზარს კარგად გავაცნოთ”, – ამბობს “სურების” დამფუძნებელი.
ამჟამად ბრენდი დისტრიბუციის საკითხის მოგვარებაზე მუშაობს. ძირითადი აქცენტი ბუტიკური სტილის მაღაზიებზე აქვთ. ადგილობრივ ბაზართან ერთად კი საექსპორტო პროცესების წარმართვაზეც აქტიურად მუშაობენ.
“უკვე შევედით 8 000 მოსავალსა და “ტურისტულ ზონაში”, ძალიან მალე “წერტის” ფილიალებშიც გამოვჩნდებით. ეს მასობრივი წარმოება არაა, თანაც საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია – 250-გრამიანი ქილის საფასური 15-16 ლარს შორის მერყეობს, ამიტომ გვინდა, რომ ნიშურ მაღაზიებში გამოვჩნდეთ.
ექსპორტის ნაწილში კი მოლაპარაკებები ევროპის ქვეყნებსა და ემირატებთან გვაქვს, არაბული ქვეყნები ბოლო პერიოდია ძალიან აქტიურად გადავიდნენ კრემირებული თაფლის მოხმარებაზე”, – გვიყვება ნუკრი კიკაბიძე.
რაც შეეხება საწარმოს სიმძლავრეებს. “სურები” ბაზარზე დეკემბრის დასაწყისიდან გამოჩნდა, ამ ეტაპზე მხოლოდ სატესტო პარტია აწარმოეს, რომელიც 150 კილოგრამს მოიცავდა. საერთო ჯამში კი თვიურად 800 კილოგრამის წარმოების რესურსი აქვთ.
“რადგან ჯერ დიდი სარეალიზაციო ბაზარი არ გვაქვს, მხოლოდ ერთი დანადგარით დავიწყეთ. ჯერ მაინც სტარტაპი ვართ. თუ მოთხოვნა გაიზრდება და ექსპორტიც წარმატებულად წარიმართება, დანადგარებს მალევე დავამატებთ”, – აღნიშნავს კიკაბიძე.
“სურები” წარმოების პროცესში ხუთ ადამიანს ასაქმებს, თუმცა ეს რაოდენობაც ეტაპობრივად გაიზრდება. ამ დრომდე წარმოებაში განხორციელებული ინვესტიცია კი დაახლოებით 80 000 ლარს მოიცავს.