„შავი ბაზარი“ სერიოზულ გამოწვევად რჩება – ზოგიერთი იუველირი მომხმარებელს ისევ ატყუებს“ – „ზარაფხანა“

“გარკვეული ჯგუფები ახერხებენ, რომ ოქროს ნაკეთობა ქართულ ბაზარზე კონტრაბანდული გზით მოხვდეს“, – ამის შესახებ საიუველირო კომპანია “ზარაფხანას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “მონეტიზაცია” განაცხადა და აღნიშნა, რომ ბიზნესისთვის „შავი ბაზარი“ გამოწვევად რჩება.

მისი თქმით, იყო შემთხვევები, როცა გარკვეულმა ჯგუფებმა თუ ადამიანებმა „ზარაფხანას“ სახელი გამოიყენეს. როგორც თორნიკე სამხარაძე აღნიშნავს, თუ მსგავს შემთხვევაზე კომპანიაში კიდევ შეიტყობენ, შესაბამის სტრუქტურებს მიმართავენ.

„ყველაზე ისეთი გამოწვევა ჩვენი ბიზნესისთვის – სექტორის სახელით ვიტყვი, არის „შავი ბაზარი“, ის თუნდაც კონტრაბანდული პროდუქცია, რომელიც ხშირად გვხვდება ქართულ ბაზარზე. ასევე ხშირად არის, როცა საზღვარზე აკავებენ კონტრაბანდულ პროდუქციას და ეს ძალიან კარგია, ასეთი ზომები ძალიან აქტიურად ეხმარება კეთილსინდისიერ ბიზნესს.

ამასთან, მნიშვნელოვანია სტანდარტიზაცია ოქროს ნაკეთობებში, ანუ ის, რომ პროდუქცია სინჯს უნდა შეესაბამებოდეს და არ უნდა იყოს მოტყუება, რომელსაც სამწუხაროდ, კიდევ უფრო ხშირად ვხვდებით სხვა ოპერატორების მხრიდან, თუნდაც ერთეული იუველირების მხრიდან, რომლებიც ატყუებენ მომხმარებელს და შეჰყავთ შეცდომაში.

ასევე, ძალიან გავრცელებულია, როდესაც „ზარაფხანას“ სახელს იყენებენ. ჩვენ ამის შესახებ ვიცით და რამდენიმე პირადად თხოვნით, წერილით გავაფრთხილეთ… თუ ჩვენ კიდევ ჩაგვივარდება ხელთ ისეთი ინფორმაცია, რომ ვიღაც აგრძელებს „ზარაფხანას“ სახელით სარგებლობას, ჩვენ რა თქმა უნდა მივმართავთ შესაბამის სტრუქტურებს“, – განაცხადა თორნიკე სამხარაძემ.

მან ქვეყანაში საბაჟო კონტროლის ხარისხი დადებითად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ გამოსავალი კიდევ უფრო აქტიურ მონიტორინგშია.

„მე პირდაპირ გეტყვით, ძალიან ბევრ საბაჟო სისტემასთან მქონია შეხება ევროპაში, აზიაში, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი განსაკუთრებით საზღვარი მუშაობს ძალიან კარგად, ეს არის აღსანიშნავი. თუმცა, როგორც ჩანს, მაინც ახერხებენ გარკვეული ჯგუფები იმას, რომ პროდუქცია მოხვდეს კონტრაბანდული გზით ქართულ ბაზარზე. ამას ემატება თუნდაც ლეგალური გზით შემოტანილი უხარისხო პროდუქცია, როცა მომხმარებელს პირდაპირი გზით ატყუებენ.

ამ მხრივ ალბათ, უშუალოდ ბაზარზე უნდა შეიქმნას ცალკეული დანაყოფი ან უბრალოდ, ამ მიმართულებით გააქტიურდეს სახელმწიფო, რომ ბაზარზე იყოს აქტიური მონიტორინგი. ამ შემთხვევაში უკვე ის კონტრაბანდაც ძალიან შემცირდება და თვითონ ეს არაკეთილსინდისიერი მომწოდებლებიც მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ, რომ აღარ შეიყვანონ მომხმარებელი შეცდომაში. ეს საერთო ჯამში მათთან ფიზიკურად ფასების ზრდას გამოიწვევს… ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ გვიხარია მაღალი ფასის დადება, ეს არის იმის ფასი, რომ შენ აწარმოო ნამდვილად ხარისხიანი პროდუქტი“, – განაცხადა თორნიკე სამხარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წელს „ზარაფხანა“ ქართულ ბაზარზე უფრო მობილიზებული იქნება. კერძოდ, თორნიკე სამხარაძის თქმით, კომპანიის სამომავლო გეგმებში შედის ფილიალის დამატება დედაქალაქსა და ამ ეტაპზე ერთ რეგიონში, ასევე პროდუქციის პრეზენტაცია საზღვარგარეთ და ა.შ.

წყარო