საქართველოს ენერგეტიკის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება სჭირდება, რაც, თავის მხრივ, ელექტროენერგიის ტარიფზე უნდა აისახოს – ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მარგებაძემ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ნომერ პირველი გამოწვევა, რომლის წინაშეც დეველოპერები დგანან, ქსელთან მიერთების პრობლემაა, რომლის აღმოსაფხვრელადაც ინვესტიცია კერძო კომპანიამ უნდა გაიღოს.
“პირველი და ყველაზე მთავარი ჩვენი ქსელების, ენერგოინფრასტრუქტურის განვითარებაა. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დეველოპერს აქვს, ეს არის მიერთების პრობლემა. ჩვენ მეტ-ნაკლებად უკვე გავიზარდეთ, ვისწავლეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა. სწორი კომუნიკაციის პირობებში, ამ მხრივ პრობლემები თითქმის მინიმუმამდე არის დაყვანილი და ყველაზე მთავარი და ძირითადი პრობლემა აღმოჩნდა, რომ მიერთებაა, აბსოლუტურად ყველა რეგიონში, რაიონში და ყველა სოფელში.
ენერგო-პრო ჯორჯიას აქვს ხუთწლიანი განვითარების გეგმა, სადაც დათვლილია, რა უნდა მოხდეს და რა დაჯდება ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს ფული, პირველ რიგში, ენერგო-პროს დასახარჯია და, როდესაც დაიხარჯება, ეს ტარიფიც უნდა აისახოს. სხვანაირად არ გამოვა”, – ამბობს გიორგი მარგებაძე.
ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, ელექტროენერგიის გაძვირება გარდაუვალია, მიუხედავად იმისა, რომ სექტორის მარეგულირებელმა სემეკმა, დაანონსების მიუხედავად, ტარიფის გაზრდა 3 თვით გადაავადა.
“კერძო ბიზნესმა ჩადებული ფული თუ უკან არ ამოიღო, ის ამ ფულს არც ჩადებს. შემდეგ იწყება უკვე პოლიტიკური პრობლემები. ელექტროენერგიის ტარიფის შენარჩუნება პოპულიზმია. ეს გარდაუვალია, უბრალოდ შანსი არ არის, რომ არ გაძვირდეს.
ვიცით, რომ ენგურჰესის გარემონტების შემდეგ, გენერაცია გაიზარდა და გაძვირდა. და ენგურჰესის ელექტროენერგიას ვინ ყიდულობს? ყიდულობს “თელასი” და “ენერგო-პრო”. შესაბამისად, ის თუ გაძვირდა, ყველა ვარიანტში გაუძვირდებათ ამათაც?
გავარემონტეთ ენგურჰესი, საკმაოდ სოლიდური თანხებით, გამომუშავება გაიზარდა და შესაბამისად ამ თანხას, ამ ვალებს და ამ ფულს გადახდა უნდა. ამას ემატება გაზრდილი იმპორტიც და, ყველა ვარიანტში, ეს ტარიფი ზემოთ წავა. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ სხვა რაღაცების გაიაფებაზე, რათა ყოველი ქარის ამოვარდნის დროს არ ითიშებოდეს საგურამო, თუ კიკეთი და სხვა სოფლები, ქალაქიდან ცოტა მოშორებული”, – განაცხადა გიორგი მარგებაძემ.
გასულ წელს სემეკი თვეების განმავლობაში ელექტროენერგიის გაძვირებას აანონსებდა და მიზეზად ინფრასტრუქტურის განვითარებას ასახელებდა. მოგვიანებით, დეკემბერში, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის მოქმედი ტარიფების სამი თვით შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.
მანამდე, 12 დეკემბერს, სემეკმა ენერგოკომპანიებს მომდევნო ხუთი წლის საინვესტიციო გეგმა განუსაზღვრა, “ენერგო-პრო ჯორჯიასთვის” 1.56 მილიარდ ლარის, “თელასისთვის” კი 400 მილიონი ლარის ოდენობით. სწორედ ამ ფაქტორის ასახვა უნდა მომხდარიყო ახალ ტარიფში, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა აღნიშნული პროცესი 3 თვით გადავადდა,




