პენტაგონმა აშშ-ის 2026 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგია გამოაქვეყნა, – დოკუმენტს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
განახლებული ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის მთავარი პრიორიტეტი ეროვნული უსაფრთხოების დაცვა იქნება.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ოთხ მთავარ პრიორიტეტს ასახელებს: სამშობლოს დაცვა, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის შეკავება „ძალის მეშვეობით და არა კონფრონტაციით“, აშშ-ის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის აღებული პასუხისმგებლობის გადანაწილება, აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გაძლიერება.
„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების უმთავრესი პრიორიტეტი სამშობლოს დაცვაა. ამიტომ, დეპარტამენტი სწორედ ამას მიანიჭებს პრიორიტეტს, მათ შორის ამერიკის ინტერესების დაცვას დასავლეთ ნახევარსფეროში. ჩვენ უზრუნველვყოფთ აშშ-ის სამხედრო და კომერციულ წვდომას განსაკუთრებული მნიშვნელობის ტერიტორიებზე, პანამის არხზე, ამერიკის ყურესა და გრენლანდიაზე. ჩვენს დროში მონროს დოქტრინის მხარდაჭერას უზრუნველვყოფთ“, – ნათქვამია დოკუმენტში.
აშშ-ის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, ევროპამ მის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ საკუთარ თავდაცვაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს.
„დეპარტამენტი ხელს შეუწყობს ნატო-ს მოკავშირეებს, რომ ევროპის თავდაცვაზე ძირითადი პასუხისმგებლობა აიღონ, აშშ-ის მხრიდან კრიტიკული, მაგრამ შეზღუდული მხარდაჭერით. ეს გულისხმობს, უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერაზე პასუხისმგებლობის აღებას. როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს, პირველ რიგში, ევროპის პასუხისმგებლობაა. ასევე, დეპარტამენტი მჭიდროდ ითანამშრომლებს მოკავშირეებთან, რათა მათ თავდაცვის ხარჯების შესახებ აღებული ვალდებულება შეასრულონ. ასევე, დეპარტამენტი ტრანსატლანტიკური თავდაცვითი და ინდუსტრიული თანამშრომლობის გაფართოებასა და ბარიერების შემცირებაზე იმუშავებს, რათა თავდაცვითი მიზნების მისაღწევად კოლექტიური შესაძლებლობები მაქსიმალურად გავზარდოთ. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა კვლავ მნიშვნელოვანია, მისი გლობალური ეკონომიკური სიძლიერის წილი მცირდება“, – აცხადებს თავდაცვის დეპარტამენტი.
დოკუმენტში საუბარია რუსეთის შესახებაც, კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ „რუსეთი უახლოეს მომავალში ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგის ქვეყნებისთვის კვლავ მუდმივ, მაგრამ მართვად საფრთხედ დარჩება“.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სხვადასხვა დემოგრაფიულ და ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის, უკრაინაში მიმდინარე ომი აჩვენებს, რომ მას სამხედრო და სამრეწველო ღრმა რეზერვები კვლავ გააჩნია. ასევე, რუსეთმა აჩვენა, რომ მას ხანგრძლივი ომის გაგრძელებისთვის მტკიცე ეროვნული ნებისყოფა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ რუსული სამხედრო საფრთხე ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაზეა ორიენტირებული, რუსეთს მსოფლიოში უდიდესი ბირთვული არსენალი გააჩნია, რომლის გამოყენებაც მას აშშ-ის წინააღმდეგ შეუძლია“, – წერია დოკუმენტში.
თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, აშშ ნატო-ს შემადგენლობაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას გააგრძელებს.
„მოსკოვი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ევროპის ჰეგემონიას წინააღმდეგობა გაუწიოს. ევროპული ნატო რუსეთს ეკონომიკური შესაძლებლობით, მოსახლეობითა და სამხედრო ძალით მნიშვნელოვნად აღემატება. საბედნიეროდ, ჩვენი ნატო-ს მოკავშირეები რუსეთზე გაცილებით ძლიერები არიან“, – აღნიშნულია აშშ-ის ეროვნულ თავდაცვის სტრატეგიაში.
აშშ-ის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის მნიშვნელოვან პრიორიტეტს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი და ჩინეთის შეკავება წარმოადგენს.
„პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთთან სტაბილური მშვიდობის, სამართლიანი ვაჭრობისა და ურთიერთობების უზრუნველყოფას ცდილობს და აჩვენა, რომ მზად არის ამ მიზნების მისაღწევად პრეზიდენტ სი ძინპინთან პირდაპირ ითანამშრომლოს. თუმცა, პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოლაპარაკება ძალის პოზიციიდან. დეპარტამენტი ჩინეთთან სტრატეგიულ სტაბილურობასა და დეესკალაციას დაუჭერს მხარს. მაგრამ, ჩვენ რეალისტურად ვუდგებით ჩინეთის ისტორიულ სამხედრო გაძლიერებას. ჩვენი მიზანი ჩინეთზე დომინირება არ არის. ჩვენი მიზანი მარტივია: არ დავუშვათ, რომ ვინმემ, მათ შორის ჩინეთმა, ჩვენზე ან ჩვენს მოკავშირეებზე დომინირება მოახერხოს“, – ნათქვამია აშშ-ის 2026 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტში.




