The Coca-Cola Company 1892 წლიდან არსებობს, სასმელი „კოკა-კოლა“ კი 1886 წლის 8 მაისს შეიქმნა. 2024 წელს კომპანიის შემოსავალმა 47 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მოგებამ კი – 11 მილიარდი დოლარი. კომპანიის აქტივები 100 მილიარდი დოლარია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 300 მილიარდი დოლარი. დასაქმებული ჰყავს 70 ათასამდე ადამიანი.
1886 წელს, შტატ ჯორჯიის დედაქალაქ ატლანტაში, ქიმიკოსმა და ფარმაცევტმა ჯონ პემბერტონმა ტკბილი სიროფი დაამზადა, რომლის ძირითადი ინგრედიენტი ტროპიკული მცენარე კოლას თესლი იყო. სიროფს სამედიცინო დანიშნულება ჰქონდა. მას გამაჯანსაღებელი, ნერვული გაღიზიანებისა და თავის ტკივილის მოხსნის საშუალებად იყენებდნენ.
ჯონ პემბერტონი ამერიკის სამოქალაქო ომში იბრძოდა, სადაც დაიჭრა. ჭრილობით გამოწვეული ქრონიკული ტკივილის კონტროლის მცდელობებმა ის მორფინზე დამოკიდებული გახადა. დამოკიდებულების შესამცირებლად მან სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებლისა და ტოქსინების ექსპერიმენტები დაიწყო. ალკოჰოლისა და კოკაინის ნაზავით შექმნა ისეთი რეცეპტი, რომელიც მოგვიანებით „კოკა-კოლას“ დასამზადებლად ადაპტირდა.
ჯონმა თავისი გამოგონება გასაყიდად შესთავაზა ქალაქში ყველაზე დიდ აფთიაქს – Jacobs' Pharmacy-ს, სადავ სიროფს გაზიანი წყალი შეურიეს და ჭიქა 5 ცენტად წარმატებით იყიდებოდა.
დასახელება „კოკა-კოლა“ და წარწერის ცნობილი ლოგოტიპი პემბერტონის პარტნიორმა და ბუღალტერმა ფრენკ რობინსონმა შექმნა.
პემბერტონმა მისი შექმნილი სასმლის პოტენციალი სათანადოდ ვერ შეაფასა და 1888 წელს „კოკა-კოლას“ დამზადების ფორმულა (რეცეპტი) ამერიკელ ბიზნესმენს და ქალაქ ატლანტის მომავალ მერს, ეისა ქენდლერს მიჰყიდა 2,300 დოლარად (2025 წლის ფასებით 75,000 დოლარად).
ეისა ქენდლერმა „კოკა-კოლას“ შეძენიდან 4 წელიწადში სააქციო კომპანია (The Coca-Cola Company) დააარსა, რომლის საწყისი კაპიტალი 100 ათასი დოლარი იყო. თავიდანვე კომპანიის ძლიერი მხარე მარკეტინგი იყო – მას მრავალფეროვანი სარეკლამო კამპანია ჰქონდა. იმდენიც კი მოახერხა, რომ სანტა-კლაუსი ბრენდის ფერებში შემოსა და კომპანიის სარეკლამო სახე გახადა. ფოსტით „კოკა-კოლას“ უფასო მცირე პორციები და კომპანიის სავაჭრო ნიშნის გამოსახულებიანი სუვენირები მისდიოდა მოსახლეობას. კომპანიის ლოგო იბეჭდებოდა ჟურნალების გარეკანებზე და ქუჩებში დიდ პლაკატებზე იყო გამოფენილი. „კოკა-კოლა“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სასმელი გახდა.
ბოთლებში ჩამოსხმული „კოკა-კოლა“ პირველად 1894 წელს გამოჩნდა. ამავე წელს სასმლის მეორე ქარხანა გაიხსნა ტეხასის შტატში. 1900 წელს 1.7 მილიონი ლიტრი „კოკა-კოლა“ გაიყიდა. იხსნებოდა ახალი ქარხნები, მათ შორის კანადაშიც. პირველად „კოკა-კოლა“ ამერიკიდან ექსპორტზე კუბაში გავიდა, 1899 წელს.
1903 წლამდე ერთი ჭიქა „კოკა-კოლა“ 9 მილიგრამ კოკაინს შეიცავდა, რაც 1903 წლიდან კანონის მოთხოვნით ამოიღეს შემადგენლობიდან.
1911 წელს კომპანიის სარეკლამო ბიუჯეტმა 1 მილიონ დოლარს მიაღწია. „კოკა-კოლას“ პირველი ბოთლი 1915 წელს დამზადდა და მას შემდეგ მრავალჯერ იცვალა დიზაინი.
1916 წელს ეისა ქენდლერი ატლანტის მერი გახდა. კომპანიის მმართველობა მისმა შვილებმა გადაიბარეს. 1919 წელს კი კომპანია „კოკა-კოლა“ 25 მილიონ დოლარად იყიდა ინვესტორთა ჯგუფმა ერნესტ ვუდრაფის ხელმძღვანელობით.
1928 წელს ამსტერდამის ოლიმპიურ თამაშებზე 6,000 ბოთლი „კოკა-კოლა“ ჩაიტანეს. სასმელმა ხალხის დიდი ინტერესი გამოიწვია. „კოკა-კოლა“ ოლიმპიური თამაშების და სხვა სპორტული ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი სპონსორი გახდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელ სამხედროებს „კოკა-კოლას“ ყიდვა 5 ცენტად შეეძლოთ ან უფასოდ ურიგებდნენ. ომის დროს ზოგმა ადამიანმა პირველად გასინჯა „კოკა-კოლა“ და როდესაც ომი დასრულდა, სასმელი გაცილებით პოპულარული იყო. ის უკვე გართობას, ოპტიმიზმს და წარმატებას უკავშირდებოდა.
1940 წელს „კოკა-კოლამ“ „ფანტას“ ჩამოსხმა დაიწყო, თუმცა სასმელი პოპულარული 1950-იანი წლებიდან გახდა. 1961 წელს ახალი ბრენდი – „სპრაიტი“ გამოჩნდა.
კომპანიას აქტიური სარეკლამო კამპანია არასდროს შეუწყვეტია. მაგალითად, 2024 წელს რეკლამაზე 5 მილიარდ დოლარამდე დახარჯა.
1978 წელს „კოკა-კოლა“ გახდა პირველი დასავლური კომპანია, რომელსაც ჩინეთმა ნება დართო, მის ტერიტორიაზე სასმელები გაეყიდა.
1981 წელს გამოვიდა უკალორიო (დიეტური) „კოკა-კოლა“, რომელმაც კარგად დაიმკვიდრა ბაზარზე ადგილი.
1985 წელს კომპანიამ „კოკა-კოლას“ წარმოების ფორმულა შეცვალა. ეს პირველად მოხდა შექმნიდან 99 წლის შემდეგ. თუმცა მომხმარებლებმა ეს სიახლე ცუდად მიიღეს და კომპანიას მოუწია, ძველ ფორმულას დაჰბრუნებოდა.
დღეს მსოფლიოში 90-მდე „კოკა-კოლას“ ქარხანაა. „კოკა-კოლას“ უწყვეტ წარმატებაზე მისი აქციების ფასის ზრდაც მეტყველებს. 1892 წელს რომ 40 დოლარის აქციები გაეყიდათ, 2025 წელს უკვე ამ აქციების ფასი 600 მილიონ დოლარამდე იქნებოდა. კომპანია „კოკა-კოლას“ სასმელები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იყიდება – დღეში დაახლოებით 2 მილიარდი ერთეული სასმელი. გაყიდვების 78% უშუალოდ „კოკა-კოლაზე“ მოდის. ოფიციალურად მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში და კუბაში არ იყიდება, თუმცა კონტრაბანდით მაინც შედის.
მიუხედავად იმისა, რომ კოლას ტიპის სასმელები ბევრი გამოჩნდა ბაზარზე და ყველაზე დიდ კონკურენციას „პეპსი“ უწევს, „კოკა-კოლას“ რეცეპტი დღემდე კომერციულ საიდუმლოდ რჩება და ყველასგან განსხვავებულობას ინარჩუნებს. დღეს კომპანიის ყველაზე მსხვილი აქციონერები მსხვილი ამერიკული საინვესტიციო კომპანიებია: Berkshire Hathaway, The Vanguard Group-ი და BlackRock-ი.




