გივი თარგამაძე: დებატები დუგინის დოქტრინის ფარგლებში წარიმართება, მისივე დღის წესრიგით. პროცესის დაწყებაზე დავალება ალბათ ფიფიამ ჩამოუტანა საპატრიარქოში სტუმრობისას

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პატიმრობაში მყოფი გივი თარგამაძე დებატების დაბრუნებას ეხმაურება – ციხიდან გამოგზავნილ წერილში ყოფილი მაღალჩინოსანი წერს, რომ ივანიშვილის გუნდი პროევროპულ ოპოზიციასთან დებატებს არც კი განიხილავს და ეს მათ არც არსად დაუფიქსირებიათ. მისივე თქმით, “ოცნება” არც დამოუკიდებელ მედიებში მისვლას განიხილავს.

თარგამაძის ვერსიით, საქართველოში რუსული დღის წესრიგის განხორციელება იწყება, რომლის მიხედვითაც დებატები რუსი პროპაგანდისტის დუგინის დოქტრინის ფარგლებში წარიმართება.

თავდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ “ოცნება” დებატებისას მიუთითებს დღევანდელი მსოფლიოს არასტაბილურობაზე, ტრამპის ომზე ევროპასთან, ევროპის რღვევაზე, დიდების ომისგან სამშვიდობო ფარის – ნეიტრალიტეტის აუცილებლობაზე და ამის შემდეგ ჩანიშნავს არჩევნებს. თარგამაძე ასევე საუბრობს ამ პროცესში  „ნეიტრალური საქართველოს” როლზეც.

პროცესის დაწყებაზე დავალება ალბათ ფიფიამ ჩამოუტანა საპატრიარქოში სტუმრობისას – წერს წერილში გივი თარგამაძე.

ვფიქრობ, საზოგადოებამ ცოტა გულუბრყვილოდ ქოცების ბოლო ინიციატივა დებატების აღდგენის შესახებ, არასწორად გაიგო. განა ქოცებმა სადმე ახსენეს დებატები პროევროპულ ოპოზიციასთან! რამდენადაც ვიცი, არსად. ვფიქრობ, ამას არც განიხილავენ. ეს მათი მწირი ლოგიკიდანაც კი სრულად ამოვარდნილი იქნებოდა და არანაირ სარგებელსაც არ მოუტანდა, თუნდაც მათ მიერ განსაზღვრულ საკუთარ მედიებში საკუთარი წესებით – კრიტიკულ მედიებში ქოცების მისვლა ახლავე გამორიცხეთ. ბუნებრივია, იტყვიან, რომ დამნაშავეებთან, რომელთა აკრძალვასაც ითხოვენ, დებატებს არ აპირებენ.

დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში საქართველოში რუსული დღის წესრიგის იმ თავის განხორციელება იწყება, რომელზეც ადრე ვილაპარაკე. ხომ გვითხრეს, რომ ჩვენი მომავალი დუშანბეში წყდება? და რაზე იყო იმ დუშანბეში კინო? ომზე? სიყვარულზე? ნეიტრალიტეტზე. აი დებატების თემაც. ტყუილად კი არ გარჯილან რუსების მუშა ფუტკრები, ტყუილად კი არ დაუფუძნებიათ პარტიად „ნეიტრალური საქართველო“. აი მოდებატე მხარეც – კაკაბაძე, შაქარიშვილი… ალბათ კიდევ რამით გააზავებენ. ვთქვათ, „ხალხის ძალას“ ისევ დამოუკიდებლობას დააბრალებენ და შეედებატებიან.

საზოგადოების ხმას – ხაინდრავებს, უცნობებს, ჭაობის სხვა ბინადრებსაც ახმოვანებენ. დებატები დუგინის დოქტრინის ფარგლებში წარიმართება, მისივე დღის წესრიგით. მიუთითებენ დღევანდელი მსოფლიოს არასტაბილურობაზე, ტრამპის ომზე ევროპასთან, ევროპის რღვევაზე, დიდების ომისგან სამშვიდობო ფარის – ნეიტრალიტეტის აუცილებლობაზე. გლუვი შათირიშვილის უკვე გამოქვეყნებულ და დაანონსებული წერილებით, ცოტა პუტინსაც შეეხებიან, ისე რომ არ აწყენინონ. ალბათ დებატების ვადებიც უკვე განსაზღვრული აქვთ და ამ ვადების ამოწურვის შემდეგ დადებენ შედეგსაც- დანიშნავენ არჩევნებს. ახლა ვერ ვიტყვი, არჩევნებს საერთო-სახალხო გამოკითხვასაც დაუპარალელებენ თუ მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობისა და შესაბამისი ცვლილებების გზით წავლენ, არ აქვს მნიშვნელობა. პროცესის დაწყებაზე დავალება ალბათ ფიფიამ ჩამოუტანა საპატრიარქოში სტუმრობისას.

შესაძლოა, ვცდები, მაგრამ ძალიან არ მგონია ვცდებოდე.

P.S. ხო, კიდევ, გამახსენდა – ბარემ ახალი ოპოზიციითაც იმშობიარებენ – ჯერ კიდევ როდის შეგვპირდა ამას გლუვი.

შეგახსენებთ, რომ პრორუსმა ბიზნესმენმა და ფარცხალაძის გარემოცვის წევრმა, მამუკა ფიფიამ რამდენიმე კვირის წინ საპატრიარქოში შეხვედრა გამართა და საქართველოს პატრიარქთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

მისივე გავრცელებულ განცხადებაში დეტალურად დაწერა, რომ საპატრიარქოში შეხვდრის დროს “დასავლეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და გამოწვევებზე ისაუბრა”.

  • შეგახსენებთ, რომ მამუკა ფიფია მოსკოვში „გიორგიევსკის ახალი ტრაქტატის“ გაფორმებას ითხოვს. როგორც პრორუსული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს მათ ხელთ აქვთ 100 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ავალებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა ვიქტორ ორბანის განცხადებაზე: ეს გეგმა წარუმატებლობისთვისაა განწირული, ბატონო ორბან, თქვენი პატრონი მოსკოვში 100 წელს ვერ გაძლებს, თუნდაც მზად იყოთ მას ყველა თქვენი ორგანო შესწიროთ

ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის არმიაზე, მისი საფუძველი შეიძლება უკრაინული არმია გახდეს. დღეს უკრაინას ჰყავს ყველაზე მრავალრიცხოვანი, ძლიერი და გამოცდილი არმია ევროპაში