რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა აქებს „ქართულ ოცნებას“ და ამბობს, რომ მოსკოვი საქართველოსთან „პრაგმატული ურთიერთობების“ აწყობას ცდილობს.
„საქართველოს ხელისუფლება, დასავლეთის მხრიდან წარმოუდგენელი ზეწოლის მიუხედავად, აცხადებს მზადყოფნას, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვის გზით იაროს და არა იმ შემოთავაზებული გზით, რომელიც უკრაინული და მოლდოვური სცენარის რეალიზაციისკენ მიდის. მათ არ სურთ, გარე ძალების საამებლად გაწყვიტონ რუსეთთან ურთიერთქმედება, რომლის წყალობითაც რესპუბლიკა მშპ-ისა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდის რეკორდულ ტემპებს აჩვენებს და სარგებელს იღებს“, — განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, მთლიანობაში, „როგორც ჩანს, თბილისში იწყებენ ნატოში გაწევრიანების იმედებისა და ევროკავშირთან დაახლოების შემთხვევაში „ოქროს მთების“ დაპირებების სიყალბის გაცნობიერებას“.
„რეალისტურად აფასებენ იმას, თუ როგორ ცდილობდნენ მათ მოტყუებას. ჩვენი მხრივ, დაინტერესებული ვართ, რომ საქართველო იყოს სუვერენული და დამოუკიდებელი, რათა არ იქცეს ინსტრუმენტად, „სათამაშოდ“ სხვების ხელში“, — განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით, მოსკოვი გაგებით ეკიდება საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის შიდა საქმეებში გარე ჩარევის შეზღუდვას.
„ვცდილობთ, საქართველოსთან პრაგმატული ურთიერთობები ავაწყოთ. მიგვაჩნია, რომ ჩვენი კავშირები ბუნებრივ ხასიათს ატარებს მეზობლობის, უმჭიდროესი ისტორიული და კულტურული კავშირებისა და სულიერი ერთობის გამო. აღვნიშნავთ თბილისის ნაბიჯებს ქართული საზოგადოების ტრადიციული ფასეულობებისა და წეს-ჩვეულებების დასაცავად გარედან თავსმოხვეული ნეოლიბერალური დამოკიდებულებებისგან, რომლებიც საქართველოს ეროვნული იდენტობის წაშლისკენ არის მიმართული“, — თქვა ზახაროვამ.
ზახაროვამ ისაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე. აღნიშნა, რომ 2025 წელს სავაჭრო ბრუნვა 6%-ით, 2,7 მლრდ დოლარამდე გაიზარდა; საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა — 11%-ით, 1,6 მლნ ადამიანამდე.
„რუსეთი და დსთ საქართველოსთვის – თანაც უზარმაზარი სხვაობით – მთავარი სავაჭრო პარტნიორებს და ფაქტობრივად, უალტერნატივო გასაღების ბაზარს წარმოადგენენ“, — აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
რაც შეეხება თბილისთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას, ზახაროვას თანახმად, ამის წინაპირობები ჯერჯერობით არ არსებობს.
„რატომღაც, ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დროს გადაწყდა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და რუსეთთან დიალოგზე უარი საქართველოს გარკვეული საკითხების გადაჭრაში დაეხმარებოდა. ეს მათი არჩევანია — იმ დროისა და იმ ადამიანების იდეოლოგია. თუმცა, თითქოსდა, ასეთი მიდგომის აბსურდულობა აშკარაა. ვფიქრობ, საქართველოში სულ უფრო მეტ მოქალაქესა და პოლიტიკოსს ესმის, რომ ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარი არა კონფრონტაციაში, არამედ რუსეთთან თანამშრომლობასა და დიალოგშია. ისინი ხედავენ კონკრეტულ მაგალითებსა და ფაქტებს, რომლებიც ამას ადასტურებს“, — განაცხადა ზახაროვამ.
მან გაიხსენა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა, რომელიც პუტინის გადაწყვეტილებით, 2023 წლის მაისში შედგა.
„არასოდეს დამავიწყდება (ვხედავდი მედიაში გავრცელებულ კადრებს), როგორ შესრულდა წლების განმავლობაში პირველი რეისი, როდესაც ავიამიმოსვლა აღდგა, და როგორ უხაროდა ეს ხალხს. მათ ის კი არ უხაროდათ, რომ რაღაც უნიკალური, მაღალშემოსავლიანი ეკონომიკური პროექტი გამოუვიდათ. საღი აზრის ზეიმი უხაროდათ. ოჯახებს, მეგობრებს, ბიზნესის წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება, ეკონტაქტათ ერთმანეთთან და ჩამოფრენილიყვნენ „გადაჯდომების“ გარეშე, არამედ ისე, როგორც ამას ათწლეულების განმავლობაში აკეთებდნენ და რატომღაც ვიღაცის ბოროტი ნებით შეწყვიტეს. მახსოვს სიხარულის ეს ემოციები. ამ კონკრეტულ მაგალითზე შეიძლება დავინახოთ, როგორ იზეიმა სამართლიანობამ. და ეს ბნელი ბოროტება დამარცხდა კეთილი ნებითა და ზრახვებით“, — განაცხადა მარია ზახაროვამ.




