სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლები მთავრობასთან კომუნიკაციის დეფიციტზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ დღევანდელ ვითარებაში უწყებებსა და ინდუსტრიას შორის პრაქტიკულად არანაირი დიალოგი აღარ არსებობს.
„თითქოს ისინი სხვა ორბიტაზე ტრიალებენ, ჩვენ სხვაზე. ოღონდ გადასახადებს ჩვენ ვიხდით“, – განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ.
სარესტორნო სფეროს წარმომადგენლებმა სტუმარმასპინძლობის ამ მიმართულების მაჩვენებლები შეფასა და აღნიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია. თუმცა გამოწვევებზე საუბრისას კოტე გაბრიჩიძე პირველ რიგში კერძო-საჯარო სექტორის დიალოგის არარსებობას ასახელებს.
„ჩვენს ასოციაციაში შარშანდელთან შედარებით უკეთესობაა. შარშან ძალიან დეპრესიული წლის დასაწყისი იყო, ამიტომ ჩვენ შარშანწინდელსაც კი ვადარებთ და ამასაც ვაჭარბებთ. ახალი კატეგორიის ტურისტი რომ გაჩნდა ეს ფაქტია. ინგლისელები, კორეელები, ინდოელების ორი ნაკადი არსებობს – პირდაპირი ფრენით ჩამოფრენილი ინდოელი და დუბაიში დასაქმებულები. ამათი მსყიდველუნარიანობა სულ სხვადასხვაა. იგივე ფილიპინელები, ისინი ძალიან კარგად ხარჯავენ ფულს ჩვენთან.
თუმცა გამოწვევები ბევრია. ერთი თემა, რომელიც არის ეხება მთავრობასთან კომუნიკაციას. თითქოს ისინი სხვა ორბიტაზე ტრიალებენ, ჩვენ სხვაზე. ოღონდ გადასახადებს ჩვენ ვიხდით, მილიონებს, ფულის შემომტანები ჩვენ ვართ და საერთოდ არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს.
ადრე ავად თუ კარგად გვისმენდნენ, 3-4 წლის წინ ჩატებც იყო, შეხვედრაც იყო, შეიძლება ვერ კეთდებოდა ყველაფერი და ვჩხუბობდით, მაგრამ საქმისთვის იყო. ხვალე რომ უკეთესი ყოფილიყო იმისთვის, დღეს საერთოდ არანაირი ურთიერთობა არ არის.
შალვა ალავერდაშვილს ვუსმენდი თქვენს ეთერში, რომელმაც უამრავი პოზიტივი თქვა, წესით მთავრობამ უნდა დაისვას და მოისმინოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის შეფასებულია ცუდად, იმიტომ, რომ ტაშს არ უკრავს. ეს რა დამოკიდებულებაა არ მესმის“, – განაცხადა გაბრიჩიძემ.




