ლევან ცუცქირიძე: ამ ქვეყნის მომავალი მაფიოზურ სახელმწიფოდ გადაქცევა ვერ იქნება, არ იმსახურებს ჩვენი ხალხი ამას

„თავისუფლების მოედნის“ ლიდერი, ლევან ცუცქირიძე:
ივანიშვილის პარტია სრულიად არაკომპენტენტური და ქვეყნისთვის სახიფათოა.
საქართველო არც დავოსში მიიწვიეს და არც ტრამპის ახალ პლატფორმაზე. მეტიც, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამბობს, რომ მომავალში ტრანზიტი საქართველოს ნაცვლად სომხეთზე გაივლის. დღეს ოცნების პრემიერმა ბიზნესთან შეხვედრა გამართა ფასების შემცირებაზე – სუსის მონაწილეობით.
ისინი ამტკიცებენ, რომ პროდუქტების ფასებს სუსის მეშვეობით შეამცირებენ, განათლების სისტემას მისი დანგრევით და უნივერსიტეტების გაყიდვით გარდაქმნიან, უსაფრთხოებას და მშვიდობას კი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევით დაიცავენ. ასე ცდილობენ შექმნან ილუზია, რომ ვითომ რაღაცას აკეთებენ, რათა დაუსჯელად გააგრძელონ ქვეყნის ძარცვა.
ეს ყველაფერი უვიცობის და დამღუპველი პოლიტიკური ინსტინქტების მაჩვენებელია. მათ ქვეყანა მსოფლიო არენას ჩამოაცილეს, კეთროვან სახელმწიფოდ აქციეს და ბანდიტურ მმართველობას მშვიდობად ასაღებენ, რომ პასუხი არავინ მოსთხოვოს.
ასე არ გამოვა.
ამ ქვეყნის მომავალი მაფიოზურ სახელმწიფოდ გადაქცევა ვერ იქნება, არ იმსახურებს ჩვენი ხალხი ამას. ჩვენი მომავალია სამართლიანობა, დაცულობა, ეკონომიკური კეთილდღეობა ყველასთვის და ევროპული დემოკრატია. ოცნება წარსულია და რაც უფრო მალე მივუჩენთ მას იქ ადგილს, მით მალე შევძლებთ ასეთი მომავლის შენების დაწყებას.