2023 წელს ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე საიამ სტრასბურგის სასამართლოში დავა მოიგო.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მექვაბიშვილის უფლებების დასაცავად სტრასბურგის სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბერს მიმართა. სტრასბურგის სასამართლომ მოცემულ საქმეში კონვენციის მე-6 (1) (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევა დაადგინა. ამასთან, სასამართლომ მე-11 მუხლის ფარგლებში მოიცვა მე-10 მუხლით (გამოხატვის თავისუფლება) დაცული უფლებაც.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს გიორგი მექვაბიშვილის მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება დაევალა, ვადად კი 3 თვე განისაზღვრა.
„2023 წლის 7-8 მარტის აქციის კონტექსტი: სასამართლო განმარტავს, რომ დემონსტრაცია მთლიანობაში მიზნად არ ისახავდა პარლამენტის საქმიანობის ხელშეშლას და დამატებით განმარტავს, რომ მომჩივანი არ მონაწილეობდა ძალადობრივ ქმედებაში. გარდა ამისა, სასამართლოს განმარტებით, სადავო არ არის, რომ 2023 წლის 7 მარტის დემონსტრაცია ემსახურებოდა საჯარო ინტერესს და მომჩივანი პირის ქმედება ექცევა კონვენციის მე-11 მუხლის ფარგლებში.
მტკიცების ტვირთის განაწილება – სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ არსებობდა არცერთი პირდაპირი და ობიექტური მტკიცებულება, გარდა პოლიციის მიერ წარმოდგენილი ჩვენებისა. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს პოლიციელის მიერ მოვლენების გადმოცემისას სამხრე კამერებისა და გარე სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების არარსებობაზე. Სასამართლოს შეფასებით აღნიშნული არღვევს კონვენციის მე-6 (1) მუხლს, რამდენადაც განმცხადებელი პირი, ფაქტობრივად, იძულებული იყო, დაემტკიცებინა უდანაშაულობა პოლიციის დაუდასტურებელი ბრალდებების წინააღმდეგ, როდესაც საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა სხვა მტკიცებულება, გარდა პოლიციის განმარტებებისა, რაც ძირეულად აზიანებდა სამართლიანი განხილვის პროცესს.
კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა – სასამართლო განმარტავს, რომ განმცხადებელი ეჭვქვეშ აყენებდა იმ ბრძანების კანონიერებას, რომლის დაუმორჩილებლობაშიც მას ადანაშაულებდნენ. Სასამართლოს შეფასებით, მოთხოვნის „კანონიერება“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შემადგენელ ელემენტს, რომელიც მოცემულ საქმეში დაირღვა, რამდენადაც განმცხადებლისათვის ვერ იქნა დადასტურებული ინდივიდუალურად რა გახდა მისი დაკავების მიზეზი. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა პოლიციის ბრძანებების კანონიერება მხოლოდ ზოგადი ფორმულირებით შეაფასეს ადგილზე არსებული ქცევის ზოგად მითითებაზე დაყრდნობით, ისე, რომ არ შეუფასებიათ, იყო თუ არა მთლიანი დემონსტრაციის დაშლისა და გზის გათავისუფლების გადაწყვეტილება აუცილებელი“. – წერია საიას განცხადებაში.
რატომ დააკავეს მექვაბიშვილი?
გიორგი მექვაბიშვილი 2023 წლის 8 მარტს, ღამის 2 საათზე, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის განმეორებით დაუმორჩილებლობის („ასაკ“ 173-ე მუხლი) ბრალდებით დააკავეს. საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გამოცხადებულმა პოლიციელმა ვ.ჯ-მ განაცხადა, რომ აქციაზე მყოფ დემონსტრანტებს არაერთხელ მიეცათ გაფრთხილება გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად, თუმცა მექვაბიშვილი არ დაემორჩილა მოთხოვნას. საქმეში წარმოდგენილი იყო გიორგი მექვაბიშვილის ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვით, სავარაუდო ძალადობით მოპყრობას ის ტელეფონით იღებდა.
მოსამართლემ უარყო მომჩივანის შუამდგომლობა პოლიციის სხეულზე დამაგრებული კამერების ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის შესახებ, ვინაიდან პოლიციის მხრიდან კამერები არ ყოფილა ჩართული დაზიანების მაღალი რისკის გამო..
საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი არ დაემორჩილა გზის გათავისუფლების შესახებ კანონიერ მოთხოვნას და აღნიშნა, რომ „არ იქნა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მისცემდა სხვა დასკვნის გამოტანის საფუძველს“. 2023 წლის 10 მარტს სასამართლომ გიორგი მექვაბიშვილი დამნაშავედ ცნო და 2 000 ლარის ჯარიმა დააკისრა.
საიამ, რომელიც გიორგი მექვაბიშვილის უფლებებს იცავდა სასამართლოში, გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მიუთითა, რომ მისი დაკავება წარმოადგენდა პოლიციის ძალადობის გადაღებაზე შურისძიებას, ხოლო მის წინააღმდეგ არსებული ერთადერთი მტკიცებულება პოლიციის მიკერძოებული ჩვენება იყო. იგი ამტკიცებდა, რომ უდანაშაულობის დამტკიცების ვალდებულება მას არ ეკისრებოდა და აკრიტიკებდა გადაწყვეტილებას იმის გამო, რომ მასში არ ყოფილა განხილული, იყო თუ არა გზა უკვე გადაკეტილი, რა იყო პოლიციის მოთხოვნები, რამდენად კანონიერი იყო ისინი და დაემორჩილა თუ არა ის ამ მოთხოვნებს. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელებს განზრახ არ ჩაურთავთ სხეულზე დამაგრებული კამერები, ობიექტური მტკიცებულებების თავიდან ასაცილებლად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შეკრებისა და დემონსტრაციის თავისუფლება აბსოლუტური არ არის და რომ მომჩივნის დაკავება და ადმინისტრაციული პატიმრობა პროპორციული ზომა იყო „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თავიდან ასაცილებლად“, რადგან მან უგულებელყო პოლიციის მოწოდება წესრიგის დაცვის შესახებ. სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანმა უარი თქვა გზის დატოვებაზე, რის საფუძველზეც ის დააკავეს. 2023 წლის 9 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება.




