ნიკო სილაგაძე: სანამ კონცეფციას ასე რიხით წარადგენდნენ, ლოგიკური იქნებოდა გვენახა ეროვნული სასწავლო გეგმა – ინტერვიუ

„გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ აპირებენ საათობრივი ბადიდან გააქრონ საგანი „მოქალაქეობა“, – ამბობს განათლების სპეციალისტი, „კავკასიის უნივერსიტეტის“ პროფესორი ნიკო სილაგაძე.

მისი თქმით, ე.წ. განათლების რეფორმის ფარგლებში სამინისტრომ უკვე დააკომპლექტა ავტორ-შემმოწმებელთა ჯგუფები ახალ სახელმძღვანელოებზე სამუშაოდ, „სამოქალაქო განათლების“ მიმართულებით კი ასეთი ჯგუფის შექმნაზე არაფერი სმენია.

რას უპირებს „სამოქალაქო განათლების“ საგანს „ოცნების“ ხელისუფლება? – ამ თემაზე ესაუბრა ნიკო სილაგაძეს „ბათუმელები“.

  • ბატონო ნიკო, მოდით ვისაუბროთ იმ მიზეზებზე, რის გამოც გაგიჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი იმაზე, რომ შესაძლოა განათლების სამინისტრო აპირებდეს ამოიღოს „სამოქალაქო განათლება“ საათობრივი ბადიდან?

უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით არ გვინახავს ეროვნული სასწავლო გეგმის ის ვერსია, რომელიც შესაბამისობაში იქნება გივი მიქანაძის მიერ 2 დეკემბერს წარმოდგენილ ზოგადი განათლების კონცეფციასთან. კონცეფცია ისე წარმოადგინეს, მისი შესაბამისი სასწავლო გეგმა არ წარმოუდგენიათ – არც ის უთქვამთ, როდის წარმოგვიდგრნენ.

სწორედ ამიტომ გვიწევს საუბრები ამა თუ იმ საგნის მომავალთან დაკავშირებით ვარაუდის რეჟიმში. „სამოქალაქო განათლების“, იგივე „მოქალაქეობის“ შემთხვევაში ცუდ მოლოდინებს აჩენს რამდენიმე გარემოება:

განათლების რეფორმის პრეზენტაციაში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ აძლიერებენ „ფუნდამენტურ საგნებს“ , ანუ „პირველხარისხოვან/„ფუნდამენტურ“ საგნებს მკაფიოდ მიჯნავენ „მეორეხარისხოვნებისგან“. ეს „მეორეხარისხოვან“ საგნებს კარგს არაფერს უქადის.

მინისტრის პრეზენტაციიდან გამოჩნდა, რომ სამინისტროში „ფუნდამენტურ საგნებად“ ქართულს, გეოგრაფიას, ისტორიას, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებს მიიჩნევენ. აქედან აშკარავდება, რომ „მოქალაქეობა“, „მუსიკა“ და „ხელოვნება“ მათთვის „მეორეხარისხოვანია“.

შემცირდა სასწავლო წლის ხანგრძლივობა: მე-12 კლასი „არჩევითად“ გამოაცხადეს, მე-11 კლასს კი რეპეტიტორიუმის სტატუსი მიანიჭეს.

ასეთ ვითარებაში ალბათ რიგი საგნების დაკნინება-გაქრობა დასჭირდეთ იმისთვის, რომ „ფუნდამენტური საგნების“ პროგრამა 7-10 კლასებზე ისე გადაანაწილონ, რომ საათობრივი ბადე ძალიან არ გადაიტვირთოს.

ბევრი იწერება „ღირებულებით განათლებაზე“, რომელიც სკოლებში სასულიერო პირებისა და პოლიციელების ხელით ხორციელდება, თუ უნდა განხორციელდეს – შესაძლოა ამ პროექტებს სამოქალაქო განათლების ალტერნატივადაც ხედავდნენ; შესაძლოა მისი კლუბურ-აუდიტორულ ფორმატში გადატანას აპირებენ.

ასევე დაანონსებული იყო ახალი სახელმძღვანელოების დაწერა სამინისტროს ბაზაზე. კერძოდ საუბრებიდან გავიგეთ, რომ უკვე დააკომპლექტეს ავტორების და შემსწორებლების ჯგუფები ყველა საგანში, რომლებმაც ამ დისციპლინებში ახალი წიგნები უნდა დაწერონ –  მხოლოდ სამოქალაქო განათლებისთვის არ შეუქმნიათ მსგავსი ჯგუფი.

  • ამან გაგიჩინათ ეჭვი, რომ შესაძლოა ამოიღონ საგანი „მოქალაქეობა“ საათობრივი ბადიდან?

დიახ. ბევრი ბუნდოვანებაა ამ საგანთან მიმართებით, თითქოს არ აპირებენ ახალი სახელმძღვანელოს დაწერას, ასეთი პირი უჩანს.

  • არის საჯარო იმ პირების ვინაობა, რომლებიც ახალ სახელმძღვანელოებზე იმუშავებენ?

არა, ეს არ გამოუქვეყნებიათ საჯაროდ. განათლების სამინისტრო დიდი ხანია აღარ აკეთებს საჯარო განცხადებებს და არც საქმის არსში ახედებს ვინმეს.

ვიცით მხოლოდ ის, რომ წინა წლების მსგავსად სამინისტროში თითოეული საგნობრივი მიმართულებით 3-4 საგნობრივი ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფი მუშაობს. ალბათ ისინი მოიაზრებიან ავტორ-შემსწორებლებად იმ პირებთან ერთად, რომლებიც ადრე გამომცემლობებთან თანამშრომლობდნენ ავტორის სტატუსით – დღეს კი აპირებენ სამინისტროს ბაზაზე განაგრძონ იმავე ტიპის საქმიანობა.

  • სკოლებში ამ საგანს ძალიან ბევრი მასწავლებელი ასწავლის. გარკვეული ნაწილი მხოლოდ ამ საგნის მასწავლებელია, ამიტომ, თუ „მოქალაქეობას“ გააუქმებს სამინისტრო, ეს მასწავლებლები ხომ დაკარგავენ საათებს და ბევრი სამსახურსაც. რა ისმის ამ პედაგოგებისგან, თუ გაქვთ ინფორმაცია?

არა მგონია პედაგოგებამდე ბევრი ინფორმაცია მიდიოდეს. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, სამწუხაროდ, პროფესიულ საზოგადოებასთან ნაკლებად განიხილავენ.

თუკი ჩვენი შიშები და ვარაუდი გამართლდა, ეს ნამდვილად გამოიწვევს მასწავლებლების უკმაყოფილებას, მაგრამ არა მგონია სამინისტროს ახლანდელ ადმინისტრაციას ეს დიდად აშინებდეს.

ბოლო ხანებში ისეთი კანონები შემოიღეს, ადვილად შეძლებენ კარისკენ მითითებას, თუ რომელიმე მასწავლებელი ამაზე გამოხატავს ღიად უკმაყოფილებას – რესურსცენტრების სახით სკოლებზე „პოლიციური ზედამხედველობა“ გაძლიერებული აქვთ; ახლად დამტკიცებული სქემა კი მასწავლებლების კონტროლის კარგ ბერკეტებს აძლევთ.

მასწავლებლებს პროფკავშირის იმედიც ვერ ექნებათ, ვინაიდან ეს ორგანიზაცია ღიად არის გარიგებული სამინისტროსთან.

არასამთავრობო ორგანიზაციებს კი, რომლებიც განათლების საკითხებზე და მასწავლებლების უფლებების დაცვაზე მუშაობდნენ დღეს სამოქმედო ასპარეზი შეზღუდული აქვთ.

ყოველივე ამის გათვალისწინებით ალბათ სამინისტროში ფიქრობენ, რომ სერიოზული პროტესტი არ ემუქრებათ.

  • „სამოქალაქო განათლება“ მოქალაქედ ზრდის ბავშვს. ასწავლის რას ნიშნავს სახელმწიფო, დემოკრატიული ღირებულებები, როგორი უნდა იყოს მართლმსაჯულება, საუბრობს კორუფციასა და საერთაშორისო სამართალზეც. ფიქრობთ, რომ ამ საგნის გაუქმებით, „ოცნება“ აპირებს დემოკრატიული ღირებულებები გააქროს სასწავლო პროცესებიდან?

გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს არის მათი მოტივი. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ძალიან ცუდი იქნება, ვინაიდან სასწავლო გეგმა უმნიშვნელოვანეს კომპონენტს დაკარგავს.

აქამდე ასე ვამბობდით – თუკი ისტორია ბავშვს ქვეყნის სიყვარულს ასწავლის, „მოქალაქეობა“ მას ქვეყანაზე ზრუნვას აჩვევს. სწორედ ქვეყანაზე ზრუნვის კონტექსტში სწავლობდნენ მოსწავლეები ისეთ საკითხებს, როგორიცაა სახელმწიფო სტრუქტურები და მათი ფუნქციონირება, საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები და მასში მონაწილეობის ფორმები და სხვა.

ამ საგნის სწავლება როგორც მოქმედი, ისე 10 + 2 ფორმატში რევიზირებულ სტანდარტში მე-7 კლასში იწყებოდა და უწყვეტად გრძელდებოდა მე-12 კლასამდე. გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი ზოგადი განათლების კონცეფციის ფორმატში ამის საშუალება ალბათ აღარ იქნება – ამ კონცეფციის მიხედვით მე-12 კლასი არჩევითია, მე-11 კლასი კი რეპეტიტორიუმად არის გამოცხადებული, რაც ამ ორ კლასს (და მასთან ერთად სამოქალაქო განათლების საგანსაც) ავტომატურად აშორებს ზოგად განათლებას. ის კი არა და უკვე საბაზო საფეხურზე მის სტატუსთან დაკავშირებითაც გაგვიჩინეს შიშები.

  • ფიქრობთ, რომ სამღვდელოებას გადააბარებენ „მოქალაქეობის“ საკითხებს, რახან თქვეს, რომ „ღირებულებებზე“ ისინი იზრუნებენ სკოლებში?

არ ვიცი. მე რასაც ვხედავთ არის ის, რომ არაფორმალური განათლების კონტექსტში ცდილობენ სასულიერო პირებისა და პოლიციელების გააქტიურებს, თუმცა, ყველაფერია მოსალოდნელი – რაღაც ეტაპზე შეიძლება თქვან, რომ რადგან „ღირებულებებზე“ მღვდლები იზრუნებენ, აღარ გვინდა ეს სამოქალაქო განათლება.

  • აქამდე, ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იდგა დემოკრატიულ ღირებულებებზე, იმაზე, რაზეც დაფუძნებულია ზოგადად ადამიანის უფლებები. რამდენად რეალურია, რომ სკოლებში შემოყვანილი სასულიერო პირები სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ჩაანაცვლებენ?  

გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების კონცეფციის პრეზენტაციისას არაერთხელ ახსენა ეროვნული მიზნები – ყოველ მეხუთე სიტყვაზე აცხადებდა, რომ ლიბერალიზმისგან უნდა იხსნას, მაგრამ ამ ლიბერალიზმებში რას გულისხმობენ ამას ამ დრომდე დიდად ვერ აკონკრეტებენ.

სანამ კონცეფციას ასე რიხით წარადგენდნენ, ლოგიკური იქნებოდა გვენახა ეროვნული სასწავლო გეგმა:

რას და როგორ ასწავლიან XI-XII კლასებში (არჩევითში და რეპეტიტორიუმში), როგორი იქნება საშუალო საფეხურის მოწყობა, რა შინაარსი ექნება სახელმძღვანელოებს, რომლის დაწერაზეც ასე დიდის ამბით იღებენ პასუხისმგებლობას.

ასეთ საკითხებზე საერთოდ არაფერი თქმულა. არ გვეუბნებიან, რომ აქვთ განახლებული სასწავლო გეგმა და ამის მიხედვით მოქმედებენ. არც რაიმეს ჩვენებას გვპირდებიან. ეს კი რეფორმას ფრიად არასერიოზულ, რომ არ ვთქვათ გროტესკულ სახეს აძლევს.

ითქვა მხოლოდ, რომ აკეთებენ „ანტილიბერალურ და ეროვნულ სტანდარტს“, მაგრამ ეს ლოზუნგის ტიპის განაცხადია, ვინაიდან არავის უთქვამს:

რა საგნებს ვასწავლით ამ კონცეფციის ფარგლებში, ამ საგნებში რა ღირებულებებს ვავითარებთ, რა დიზაინი აქვს კურიკულუმს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი მიდგომების განსხვავებები არავის უჩვენებია წინა „ლიბერალურ“ კურიკულუმთან, რომელიც სინამდვილეში არც ლიბერალური იყო და არც რომელიმე სხვა იდეური მიმართულებით იყო გადახრილი.

  • ის ხომ თქვეს, რომ სამ წელიწადში უნდა დაიწეროს ახალი სახელმძღვანელოები. თუ არ არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმა, რის მიხედვით წერენ სახელმძღვანელოებს?

ეს არის სწორედ გასაკვირი და უცნაური. წესით ჯერ უნდა არსებობდეს ეროვნული სასწავლო გეგმა, იგივე ზოგადი განათლების კონცეფცია. ლოგიკა ასეთია – ჯერ ამუშავებ ეროვნულ სასწავლო გეგმას და მერე წერ სახელმძღვანელოებს. დღეს კი ყველაფერი პირიქითაა. სასწავლო გეგმაზე არაფერს ამბობენ, სამაგიეროდ ინფორმაციები მოგვდის, რომ სახელმძღვანელოებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

  • ითქვა, რომ „მოქალაქეობის“ გარდა აპირებენ მუსიკის და ხელოვნების საგნების გაუქმებასაც?

დიახ, ამაზეც იყო კერძო საუბრები, რომ თითქოს ამ საგნებს საერთოდ არ სჭირდება სახელმძღვანელო. ეს ალბათ გვაფიქრებინებს, რომ საათობრივი ბადიდან ამ საგნების გაქრობის საფრთხეც არსებობს.

დისკუსიის მუხტი ძალიან  შესუსტებულია. ვერცერთი განათლების სპეციალისტი ვერ ვნახე, რომელიც იტყვის, რომ რაიმე ფორმით ჩართულია რეფორმის შემუშავების პროცესში.

ვიცით, რომ სარეფორმო საკითხებზე დაქირავებული ექსპერტები იმუშავებენ სამინისტროს ბაზაზე, მაგრამ ეს ექსპერტებიც კი არ არიან მათი მომხრე – ისინი სიჩუმეს ინარჩუნებენ და ცუდზე არ ამბობენ, რომ ცუდია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ახალ რეფორმას კარგს არც ისინი უწოდებენ – არც ერთი მათგანი არ ამბობს, რომ ახალი მიდგომები ძველს რაიმეთი სჯობს – უბრალოდ შიშის გამო სამინისტროსთვის სასარგებლო სიჩუმეს ინარჩუნებენ.

თუკი გვინდა ეს სიჩუმე დაირღვეს, უნდა მოვითხოვოთ ხელშესახები დოკუმენტი – სამინისტროს ახალი კონცეფციის შესაბამისი ეროვნული სასწავლო გეგმა, სადაც დავინახავთ, რას ნიშნავს ახალი რეფორმა, კონკრეტული საფეხურების, კონკრეტული საგნების, კონკრეტული შინაარსების კონტექსტში, რაზეც მასწავლებლებს ყოველთვის ბევრი განსხვავებული მოსაზრება აქვთ და ძალიან რეაგირებენ – ხოლმე.

ვფიქრობ, ამიტომ არ აჟღერებენ ხმამაღლა ამ საკითხებს, მაგალითად არ ამბობენ, რომ აუქმებენ „მოქალაქეობას“, რადგან ეს გამოიწვევს კრიტიკას და დაძრავს მუხტს.

წყარო