საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის სკანდალი – სუს-ი არ პასუხობს კითხვას, დაკითხეს თუ არა პასუხისმგებელი პირი.
- საუბარია, რუსულ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების გასაიდუმლოებული დანართის მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნების ფაქტზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში წერს მხოლოდ იმას, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
ვინ, რა დროს და რომელი საგამოძიებო მოქმედების შემდეგ დაიკითხება ან რა შემდგომი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, ამ ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროებას გამოძიება თავად განსაზღვრავს – წერს სუს-ი
საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენელთა ინფორმირების, ასევე სწორი სამართლებრივი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, ვაქვეყნებთ ერთ-ერთი მედიასაშუალებისა და ჩვენს მიმოწერას:
მედიის კითხვა:
1. რა ეტაპზეა გამოძიება გაზპრომის დოკუმენტთან დაკავშირებით, გამოიკითხა თუ არა გამოძიების ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაციიდან ინფორმაციის გამოქვეყნებაზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები, კერძოდ, ლევან ჟორჟოლიანი და აიტი უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები?
2. ფასების ზრდასთან დაკავშირებული მოკვლევის ფარგლებში, გამოიკითხა თუ არა ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, კერძოდ, ნათია თურნავა, რადგან კონსტიტუციის თანახმად, ეს ორგანოა პასუხისმგებელი ფასების სტრაბილურობაზე, ასევე, ენერგეტიკის სფეროში არსებული კორუფციული ფაქტების გამოძიების ფარგლებში, ხომ არ გამოკითხულა ნათია თურნავა, როგორც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი 2019-2022 წლებში?
პასუხი:
შეგვიძლია დაგიდასტუროთ, რომ ორივე საკითხთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რაც შეეხება გამოძიების დეტალებს, ტაქტიკას – ვინ რა დროს და რომელი საგამოძიებო მოქმედების შემდეგ დაიკითხება ან რა შემდგომი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, ამ ინფორმაციის გასაჯაროების საჭიროებას გამოძიება თავად განსაზღვრავს გამოძიებისვე ინტერესებიდან გამომდინარე. გთხოვთ, აღნიშნული სხვა დროსაც გაითვალისწინოთ, რადგან ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მხრიდან ხშირად ისმება საგამოძიებო მოქმედებებთან, მათ შორის, გამოძიების ტაქტიკასა და დაკითხვების თანმიმდევრობასთან დაკავშირებული კონკრეტული კითხვები”, – წერია სუს-ის განცხადებაში.
გასული წლის 25 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა Gazprom-თან დადებული ხელშეკრულების შესახებ განკარგულება, რომელსაც თან ერთოდა ფასის შესახებ ინფორმაცია. იმის მიუხედავად, რომ შეთანხმება კომერციული საიდუმლოება იყო, ეს ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდის საშუალებით გასაჯაროვდა. რამდენიმე საათში, განკარგულება მთავრობის ვებგვერდიდან წაიშალა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე სავარაუდო კიბერთავდასხმის ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოიძიება დაიწყო.
- მდინარაძის უწყებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა საბოტაჟისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლებით აღძრა.
- უწყების ცნობით, გამოძიების დაწყების საფუძველი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შესული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა გარკვეული მანიპულაციები, რაც მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას.




