თურქეთი შემზარავმა ოჯახურმა ტრაგედიამ შეძრა, რომელიც ქალაქ ადანაში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში მდებარე მდიდრულ ვილაში დატრიალდა. წარმატებული ბიზნესმენისა და სოციალური ქსელების ვარსკვლავის, 34 წლის სერგენ ალთუნბაშის “ბედნიერი ოჯახის” იმიჯი ერთ წამში დაიმსხვრა – მამამ საკუთარი შვილები, 8 წლის ადა და 6 წლის მერტი საწოლებში დახოცა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
კონფლიქტი ლუქს-ვილაში და საბედისწერო გასროლა
შემთხვევა 15 იანვრის საღამოს, სარიჩამის რაიონში მოხდა. გამოძიების პირველადი ვერსიით, სერგენ ალთუნბაშსა და მის ყოფილ მეუღლეს, გიზემ დენიზს შორის მწვავე დაპირისპირება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი 5 წლის წინ ოფიციალურად განქორწინდა, ბოლო პერიოდში მათ ურთიერთობა აღადგინეს და შვილებთან ერთად ადანაში მდებარე აუზიან ვილაში ცხოვრობდნენ.
კამათის შემდეგ, გიზემ დენიზმა სახლი გაბრაზებულმა დატოვა. სწორედ ამ დროს, მარტო დარჩენილმა მამამ იარაღი აიღო და მძინარე შვილებს ცეცხლი გაუხსნა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ბავშვები გარდაიცვალნენ, მან იარაღი თავზე მიიბჯინა და სასხლეტს თითი გამოჰკრა. მეზობლების მიერ გამოძახებულ პოლიციას სახლში საზარელი სურათი დახვდა – მამა-შვილები სისხლის გუბეში იწვნენ.
ვინ იყო სერგენ ალთუნბაში? – “ბედნიერი ცხოვრების” კადრები
სერგენ ალთუნბაში აშშ-ის სავიზო კონსულტანტად მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი გარკვეული პერიოდი ამერიკაში ცხოვრობდა და სწორედ იქ მიაღწია ფინანსურ წარმატებას, ბოლო დროს ისინი თურქეთში დაბრუნდნენ და ადანაში, საკუთარ ლუქს-ვილაში დასახლდნენ. კაცს სოციალურ ქსელებში ათასობით გამომწერი ჰყავდა. მისი ვიდეოები, სადაც ის ამერიკულ ოცნებასა და წარმატებულ კარიერაზე საუბრობდა, დიდ პოპულარობით სარგებლობდა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ოჯახი აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესეს. სერგენი ხშირად აქვეყნებდა კადრებს მათი მოგზაურობებიდან, ძვირადღირებული რესტორნებიდან და მხიარული ოჯახური დღესასწაულებიდან. გამომწერებისთვის ეს იყო “იდეალური ოჯახის” მაგალითი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ კადრების მიღმა ღრმა ფსიქოლოგიური კრიზისი იმალებოდა.




