სანდრო თვალჭრელიძე – “ხელისუფლებას სამზარეულოში შეკეტილი პროტესტის უნდა ეშინოდეს…”

“ამ ოპოზიციამ სრულად დაკარგა ხალხის ნდობა – რიგითი მოქალაქე, რომელსაც არ მოსწონს “ოცნება”, ფიქრობს, ეს მთავრობა თუ წავა, მერე რა მოხდება, ხომ არ იქნება ქაოსი და არეულობაო… არ ჩანს პარტია, რომელსაც ძალაუფლების ხელში აღების პოტენციალი აქვს. ვერც ინტელექტუალურ რესურსს ვხედავ ოპოზიციაში, რომ რამე ქმედითი გააკეთონ. მე არც მათი გაერთიანების მჯერა. რომც მოახერხონ და გაერთიანდნენ, რას გააკეთებენ? მათი უნიათობა განსაკუთრებით ცხადი გახდა 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც 11:0 მოუგო მთავრობამ ოპოზიციას. ეს არ იყო რთულად წარმოსადგენი. წინასწარ ვაფრთხილებდით, რომ იმის ლაპარაკით, ერთ დღეში შევცვლით ხელისუფლებასო, შეცდომას უშვებდნენ. რაც შეეხება პროტესტს, მე ვიტყოდი, ხელისუფლებას სამზარეულოში შეკეტილი პროტესტის უნდა ეშინოდეს – ეს ყველაზე სახიფათოა, ამან გადაატრიალა იდეოლოგიურად კომუნისტური რეჟიმი და გადააგდო სანაგვეზე. ვფიქრობ, ხელისუფლება ვერ აანალიზებს სწორად ხალხის განწყობას”, – აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებას სამზარეულოში შეკეტილი პროტესტის უნდა ეშინოდეს…”

“პოლიტიკური ალტერნატივა არ არსებობს, ალტერნატივა რომ იყოს, ამ მთავრობას კარგა ხნის წინ გავუშვებდით. აუცილებელია ახალი ძალა და ვფიქრობ, აუცილებლად გაჩნდება, ცარიელი ადგილი ყოველთვის ივსება. ჩემი აზრით, ქართველი დიქტატურას არასდროს შეეგუება. ასეთი ლატენტური პროტესტი ხალხის გამარჯვებით დასრულდება, არ ვიცი როდის, მაგრამ პროტესტი გაგრძელდება და შედეგი აუცილებლად მოჰყვება. “ოცნებას” ბევრი რამ უწყობს ხელს, გარეპოლიტიკური მოვლენები, გადადის ყურადღება იმ პროცესებზე, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, რაც გაცილებით სახიფათოა კაცობრიობისთვის… რაც შეეხება ირანს, ბოლო 37 წლის განმავლობაში “ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა” ისწავლა ქვეყნის მართვა, შესაძლოა ძალისმიერად, რეპრესიებით და ათასგვარი სხვა ხერხით, მაგრამ იქ ხელისუფლებაში იდიოტები ნამდვილად არ არიან. უამრავი ხალხი ეკონომიკური კოლაფსის გამო გავიდა ქუჩაში, თავდაპირველად ყველაფერი მასშტაბური დემონსტრაციებით დაიწყო, თუმცა, ვფიქრობ, ისრაელის წაქეზებით რიგ რეგიონებში ეს პროტესტი ძალისმიერიც გახდა. ირანის რეჟიმსაც მეტი რა უნდოდა, ამას დაუპირისპირა უფრო დიდი ძალა და სამწუხაროდ, არის მსხვერპლი”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“ჩემი აზრით, ტრამპი კი იმუქრებოდა, მაგრამ ირანის პროცესებში ჩარევას არც გეგმავდა. ამისთვის არ არის მზად, განსხვავებით ვენესუელის ოპერაციისგან. მე არ ვიცი, მომავალში რა იქნება, მაგრამ დღესდღეობით, ვფიქრობ, არსებითი ნაბიჯები არ გადაიდგმება, მით უფრო, ირანმაც თქვა, რომ არ აპირებს სიკვდილით დასაჯოს დაკავებულები. ამასთანავე, ტრამპს ბევრი სხვა პრობლემა აქვს დღეს, მათ შორის -ში. ნახეთ, რა ხდება გრენლანდიასთან დაკავშირებით, ლამის ომი დაიწყოს ევროპასთან. ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით ასე ჩანს. ევროკავშირის ქვეყნებმა სამხედრო ძალა გაგზავნეს კუნძულზე დანიურ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობისთვის. თუმცა მეეჭვება საქმე კონფლიქტამდე მივიდეს, ვფიქრობ, მოილაპარაკებენ. ხშირად მოისმენთ, ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდებაო. მე თუ მკითხავთ, ახალი კი არ ყალიბდება, ძველის დაბრუნების ცდებთან გვაქვს საქმე…” – განაგრძობს რესპონდენტი.

“ადრე იყო გავლენის ორი პოლუსი – აშშ და საბჭოთა კავშირი, თავის სატელიტებით და მსოფლიო ბიპოლარული იყო, ახლა საბჭოთა კავშირის ფუნქციის შესრულებას ცდილობს რუსულ-ჩინური ალიანსი, თუმცა ისინი ვერ იქნებიან გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორები, იმდენი შიდა პრობლემა აქვთ. ჯერჯერობით ჩინეთსაც არა აქვს იმის რესურსი, რომ მეორე პოლუსად გადაიქცეს. რუსეთზე ლაპარაკიც არ ღირს, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჯერჯერობით მსოფლიოს თამაშის წესებს ისევ აშშ უკარნახებს. ტრამპი გაცილებით უფრო ხისტი ადამიანია და მან ის პროცესები, რაც მდორედ მიმდინარეობდა, დააჩქარა. ყველაფერში ერევა, ყველგან საკუთარი წესების დანერგვას ცდილობს. აგერ მის მეგობარ ნეთანიაჰუსაც კი არ მისცა ღაზის დამოუკიდებლად მართვის უფლება, თვითონ ჩაერია. ტრამპს მართვის 3 წელი დარჩა და ჩქარობს, თუმცა უპირველესად რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ვერ ახერხებს. კი გაიძახის, შეთანხმებამდე ცოტა დროა დარჩენილიო, მაგრამ მე მისი დიდად არ მჯერა”, – მიიჩნევს ექსპერტი.

“გრენლანდია, მგონი, იმგვარ სიმბოლოდ იქცევა მალე, როგორც ელდარ შენგელაიას ფილმშია. ხუმრობა იქით იყოს და, კი, აშშ-ს შეუძლია სამხედრო კონტინგენტის გაზრდა, მაგრამ ის პოლიტიკურად ვერ აკონტროლებს კუნძულს, მის პოლიტიკას ვერ განსაზღვრავს. როგორც ცნობილია, გრენლანდია თავის პორტებში ჩინურ გემებსაც უშვებს და რუსულსაც – კუნძული მათი საწვავით უზრუნველყოფის ბაზაა. ტრამპს ამ ფუნქციის მოსპობა უნდა და, ბოლოს და ბოლოს, აიძულებს, ალბათ, ევროკავშირს, რომ აღარ შეუშვას რუსული და ჩინური გემები პორტებში და ამით შესაძლოა დასრულდეს ეს დავიდარაბა. თუ ტრამპმა ეს ყველაფერი მაინც გააგრძელა და დრამატულ კონფლიქტამდე მიიყვანა, მას იმპიჩმენტი არ ასცდება. ბოლოს მაგის რეიტინგები ვენესუელის სპეცოპერაციის მიუხედავად, სულ იკლებს და იკლებს. რესპუბლიკელი სენატორებიც კი უკვე დაუფარავად გამოხატავენ უკმაყოფილებას ტრამპის ხუშტურების გამო. თუ მან კიდევ უფრო გაამწვავა გრენლანდიის საკითხი, ვფიქრობ, ცუდად წაუვა საქმე. ისე, კანადის მითვისებაც უნდოდა, მაგრამ მალევე გააჩუმეს”, – დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე – “ევროპაც ასევე ღრმა კრიზისშია, უკრაინაში ომმა კი პირდაპირ გამოაჩინა ის საფრთხეები, რაც შეიძლება დაემუქროს უახლოეს მომავალში ბებერ კონტინენტს…” – პასუხობს:

“მე თუ მკითხავთ, ევროპაში პრობლემები დაიწყო მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი, ბრექსიტმა გამოააშკარავა ის შიდა უთანხმოებები, რაც ევროკავშირში იყო. ვითარება მართლაც რთულია – ბევრ ქვეყანაში უკმაყოფილებაა, ხელისუფლებებში მოდიან რადიკალურ-ექსტრემისტული ძალები. საბედნიეროდ, ევროპაში კანონის უზენაესობაა და ხელები შებოჭილი აქვთ. საფრანგეთის მომავალ არჩევნებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. რა თქმა უნდა, არსებობს ევროკავშირის დაშლის საფრთხე, თუმცა მე მაინც გაზვიადებული მგონია ასეთი მოლოდინი. თუ სურთ ევროკავშირი რეალური ძალის ცენტრად იქცეს, მმართველობის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს მთლიანად, რაც, ალბათ, ნელ-ნელა მოხდება კიდეც. ჩემი შეფასებით, ევროკავშირი მოახერხებს ამ პრობლემების დაძლევას”.