რუსულ გაზზე დამოკიდებულების ზრდა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასა და ტარიფებს საფრთხეს უქმნის – ამის შესახებ BMG-სთან ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი საუბრობს.
წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს რუსული გაზის იმპორტმა საქართველოში 1 მლრდ კუბურ მეტრს აჭარბებს, რაც ქვეყნის მოხმარების მესამედია. ეს მოცულობა 2024 წელს 788 კუბური მეტრი იყო.
ენერგეტიკის ექსპერტი არჩილ მამათელაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ტენდენცია ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ რისკებს შეიცავს.
მამათელაშვილის განცხადებით, თუ რამდენიმე წლის წინ რუსული გაზის წილი იმპორტში 10%-საც არ შეადგენდა, დღეს ეს მაჩვენებელი გასამმაგებულია. ენერგეტიკოსი ყურადღებას რამდენიმე საკვანძო საფრთხეზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ ენერგორესურსების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მრავალწლიან გამოცდილების გათვალისწინებით, ის არასაიმედო პარტნიორია.
„რუსეთი გაზს პოლიტიკურ იარაღად იყენებს თითქმის ყველა ქვეყნის, მათ შორის ევროპისა და უკრაინის წინააღმდეგ. არ მგონია, რომ ჩვენთან ამას მეორედ არ გააკეთებს“ – ამბობს მამათელაშვილი BMG-სთან.
ამასთან, მისივე განმარტებით, რუსული გაზი აზერბაიჯანულთან შედარებით ბევრად ძვირია. თუ აზერბაიჯანული გაზის საშუალო შეწონილი ფასი დაახლოებით 110 დოლარია, რუსული გაზის ფასი 215-დან 185 დოლარამდე მერყეობს.
მამათელაშვილის თქმით, ეს პირდაპირ აისახება მოსახლეობის ჯიბეზე, რადგან საქართველოს ელექტროენერგიის 18% სწორედ ბუნებრივ აირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებზე მოდის. შესაბამისად, გაზის გაძვირება ავტომატურად ნიშნავს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის საფრთხეს.
როგორც მამათელაშვილი განმარტავს, რუსული იმპორტის ზრდა ნაწილობრივ გამოწვეულია შიდა ინფრასტრუქტურული შეზღუდვებით. კერძოდ, აზერბაიჯანიდან მომავალი „საგურამოს მილსადენის“ გამტარიანობა ვერ აკმაყოფილებს გაზრდილ ყოველდღიურ მოხმარებას, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ამას ემატება ისიც, რომ აზერბაიჯანი სულ უფრო მეტ გაზს აწვდის ევროპას, რის გამოც საქართველოსთვის ნაკლები თავისუფალი სიმძლავრე რჩება.
ენერგეტიკოსის თქმით, გამოსავალი სტრატეგიული გაზსაცავის მშენებლობაშია: 1-1.2 მილიარდი კუბური მეტრის ტევადობის გაზსაცავი, რომლის მშენებლობაც დაახლოებით 800-900 მილიონი დოლარი დაჯდება, ქვეყანას საშუალებას მისცემს პიკურ პერიოდებში დეფიციტი დააბალანსოს და რუსულ ძვირად ღირებულ გაზზე დამოკიდებულება შეამციროს.
„ჩვენ გადავდივართ არასაიმედო მომწოდებლის ხელში მაღალი ფასის პირობებში. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და გაზსაცავის აშენება იქნებოდა გადამწყვეტი ნაბიჯი ენერგოუსაფრთხოებისთვის,“ – აცხადებს ენერგეტიკოსი.
რუსეთიდან საქართველოში მიღებული ბუნებრივი გაზის მოცულობებს მზარდი ტენდენცია აქვს. პარალელურად, შემცირებულია აზერბაიჯანიდან – სამხრეთ კავკასიური გაზსადენით მიღებული მოცულობები. არსებული ინფორმაციით, საქართველომ სამხრეთ კავკასიურ საერთაშორისო მილსადენში თავისი კუთვნილი სივრცე აზერბაიჯანს დაუთმო, რათა მან ევროპისთვის გაზის დამატებითი მოცულობების მიწოდება შეძლოს, ხოლო საქართველო დამატებით და ოფციურ გაზს სოკარისგან – ყაზახი-საგურამოს მილსადენით იღებს. სპეციალისტების შეფასებით, ყაზახი-საგურამოს საბჭოთა დროინდელი მილსადენი ამორტიზებულია და მისი დაზიანების რისკები დიდია. ამასთან, მცირედიამეტრიანი მილსადენის გამტარუნარიანობა დღეში 10-12 მლნ კუბური მეტრია, ხოლო საქართველოს პიკური მოხმარება ზამთარში დღე-ღამეში 17-18 მლნ კუბურ მეტრს შეადგენს. სხვაობას კი, საქართველო რუსული გაზით აბალანსებს.





